გიორგი ჭიაბრიშვილი: "საბურთალო" უკვე დიდ კლუბად ჩამოყალიბდა

AutoSharing Option
"საბურთალომ" "სამტრედიასთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ პირველი წრის ნახევარი დაასრულა.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ცხრა ტურის შემდეგ 21 ქულით გათამაშების ცხრილში პირველები არიან.

"საბურთალოს" "ფეისბუქგვერდმა" განვლილი მატჩების შეჯამება გუნდის მთავარ მწვრთნელს სთხოვა.

- პირველი წრის ნახევარი ნაყოფიერი გამოგვივიდა. ამ დროისთვის, არცერთ კლუბს არა აქვს ის შედეგი, რაც "საბურთალომ" აჩვენა. ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა, რომ ამ რაოდენობის ქულებს მოვუყარეთ თავი. საკმაოდ ნაყოფიერი შეკრებები გავიარეთ და მიხარია, რომ შრომა გვიფასდება.

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი 9 მატჩიდან 21 ქულას. ეროვნულ ლიგაში თანაბარი კლუბები არიან თავმოყრილნი და
ყველა მოწინააღმდეგესთან დიდი ბრძოლა გვიწევს.

- ზოგადად, ყველა სათამაშო რგოლი რომ დაახასიათოთ...
- "საბურთალო" კარგად დაბალანსებული კლუბია. წლეულს ჩვენ ნაყოფიერი სელექცია გავწიეთ, დავიმატეთ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი. ჩვენს გუნდურობას გამოვარჩევდი, ზოგადად კი, რომელიმე რგოლის გამოყოფა ძალიან მიჭირს.

- უკანასკნელი ოთხი მატჩის ჩატარება ტრადიციულ და გამოცდილ გუნდებთან მოგიწიათ ("დინამო თბ 1:0, ტორპედო 2:0, ჩიხურა 1:2, სამტრედია 1:0), სადაც "საბურთალომ" კარგად წარმოაჩინა თავი. როგორ ფიქრობთ, მზადაა კლუბი ასეთ მეტოქეებთან ჭიდილისთვის?
- "საბურთალო" საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. გვყავს საუკეთესო აკადემია, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან. ამ ბავშვებს კვალიფიციური და კარგი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ათეულ წელზე მეტია, კლუბის წარმომადგენლები მის წინსვლასა და განვითარებაზე გეგმაზომიერად მუშაობენ. შესაძლოა, სხვა კლუბებთან შედარებით ნაკლები ტრადიცია გვაქვს, თუმცა ჩვენც უკვე დიდ კლუბად ჩამოვყალიბდით.

- მიმდინარე ეროვნულ ლიგაში "საბურთალო" ორჯერ დამარცხდა. რა იყო ამ წაგებების მიზეზი?
- "ლოკომოტივმა" ჩვენ წინააღმდეგ კარგად ითამაშა. არც ჩვენ ვითამაშეთ ურიგოდ, ბევრი საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა, გოლის გატანა ვერა და ვერ მოვახერხეთ. რაც შეეხება "ჩიხურასთან" წაგებულ შეხვედრას - საჩხერეში ძალიან ცუდი მინდორი იყო. იმერლებთან გოლი გავიტანეთ, გვქონდა საგოლე ეპიზოდებიც. ერთ-ერთ სათამაშო დროს ხელსაყრელ პოზიციაზე გავდიოდით, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. რომ არა მსაჯის შეცდომა, იმ მატჩს აუცილებლად მოვიგებდით.

- "საბურთალოს" საჩხერის "ჩიხურასთან" ერთად საკუთარ კარში ყველაზე ნაკლები, 6 ბურთი აქვს მიღებული, არადა, მოსამზადებელ შეკრებაზე გუნდი ყოველ თამაშში მინიმუმ გოლს უშვებდა. რა შეიცვალა?
- შეკრებაზე, როდესაც გუნდი ამხანაგურ მატჩებს ატარებს, ბევრი ექსპერიმენტია, სხვადასხვა შემადგენლობით გიწევს თამაში. "საბურთალო" კარგად მუშაობს გუნდური თავდაცვისას და ამიტომაცაა, რომ ცოტა ბურთი აქვს გაშვებული.

- არა აქვს მნიშვნელობა, გუნდი იგებს თუ აგებს, ძირითად შემადგენლობაში ხშირად მიმართავთ ცვლილებებს. შემადგენლობას როგორ ირჩევთ, ვინც კონკრეტული თამაშისთვისაა მზად თუ მეტოქიდან გამომდინარე?
- "საბურთალოს" თავისი სათამაშო სტილი და ხელწერა აქვს. როტაცია გუნდში აუცილებელია. ვინც მზად იქნება კონკრეტული მატჩისთვის, ის დაიწყებს თამაშს თერთმეტეულში.

- წლევანდელ ეროვნულ ლიგას "საბურთალო" ლიდერობს. როგორ ატყობთ, კლუბის მიმართ ინტერესი და ცნობადობა გაზრდილია?
- როდესაც შეიქმნა ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი, ფეხბურთისადმი ინტერესი უფრო გაიზარდა. აღნიშნულმა ვებგვერდმა ძალიან ბევრი ქომაგი შეიძინა. ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაიცემა მატჩები, ასევე, სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით ხდება შეხვედრების ტრანსლირება.

თავისთავად, "საბურთალოს" ცნობადობა და ინტერესი იზრდება. ეს ყოველივე ფეხბურთელების დამსახურებაა, რადგან თამაშობენ სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს.

"საბურთალო" უნიკალური კლუბია, რომელიც ატარებს თბილისის ერთ-ერთი უბნის სახელს. დედაქალაქში საბურთალო ერთ-ერთი დიდი რაიონია. ვფიქრობ, კლუბს უფრო მეტი გულშემატკივარი უნდა ჰყავდეს. ძალიან გვინდა, "საბურთალოს" სახელი ევროპაში გავიტანოთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა ფრთხილად კაცო თორე რეალი და ბარსელონა უკვე შიშისაგან თრთიან და მთელი დღეები იმას განიხილავენ საბურთალო როგორ გავაჩეროთო.
dadu
17:51 02-05-2018
1
დიდ კლუბადო :) სამტრედიას რომ მოუგო?
doki
16:53 02-05-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული