გიორგი ჯინჯოლავა: "საბურთალოში" ბევრი რამ ვისწავლე და ახლაც ვსწავლობ

AutoSharing Option
"საბურთალოს" რიგებში "ტორპედოსთან" (0:3) წაგებულ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა თბილისური კლუბის აღზრდილ 18 წლის ფეხბურთელ გიორგი ჯინჯოლავას.

მასთან ინტერვიუ "საბურთალოს" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- "საბურთალოს" პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, საწვრთნელი პროცესი და ოფიციალური შეხვედრა ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ემოციური მატჩი იყო. თავისებურად ვნერვიულობდი კიდევაც. მინდოდა, კარგად მეთამაშა. ისე მოხდა, რომ "ტორპედოსთან" მატჩი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე, რაც მოულოდნელობა იყო.

- იქიდან გამომდინარე, რომ "ტორპედოსთან" "საბურთალოს" დაცვით ხაზში სხვადასხვა მიზეზის გამო ერთბაშად ოთხი
მცველი აკლდა, დიდი იყო შანსი, რომ საწყის თერთმეტეულში გეთამაშათ…

- დანაკლისი დიდი გვქონდა, რამდენიმე მათგანს ტრავმა აწუხებს, ორი ფეხბურთელი კი დისკვალიფიცირებული იყო. ბოლო ვარჯიშებიდან გამომდინარე, იყო შესაძლებლობა, რომ "ტორპედოსთან" მეთამაშა.

- გაგიჭირდათ?
- მატჩის დასაწყისში გამიჭირდა, მერე ნელ-ნელა შევეგუე. ძირითადად, მეორე გუნდში მიწევს თამაში. აქ სულ სხვა სისწრაფეები და მოძრაობებია, თან, საქმე ბევრად გამოცდილ ფეხბურთელებთან გაქვს. მთლიანობაში 63 წუთი ვითამაშე, თუმცა ვიგრძენი, რომ დაღლილი ვიყავი.
კიდევ უფრო რთული იქნებოდა თამაში, "საბურთალოს" გუნდები ერთ სტილში რომ არ თამაშობდნენ. მიუხედავად მარცხისა, გუშინდელი შეხვედრა "ტორპედოსთან" ჩემს მეხსიერებაში დარჩება.

- წლეულს თასის გათამაშებაზეც ითამაშეთ, თუმცა ჩემპიონატში პირველი შეხვედრა იყო. მეტოქეებს შორის სხვაობები დიდია?
- რა თქმა უნდა. თასზე "ვიტ ჯორჯია-2"-თან დავმარცხდით, გუშინ კი მოწინააღმდეგე "ტორპედო" გვყავდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი და საკმაოდ კარგი გუნდია. ქუთაისელები ბოლო დროს საგრძნობლად გაძლიერდნენ.

- თქვენ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ხართ. როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
- ბავშვობაში "ჩემპიონში" ვთამაშობდი, მაგრამ მერე "საბურთალოში" გადმოვედი. თავდაპირველად, ძირითადში ვერ ვხვდებოდი, თუმცა შემდგომ გავშინაურდი და ნელ-ნელა მოვუმატე თამაშს. გავიარე ბავშვთა ასაკი, ჭაბუკთა გუნდები, ვთამაშობ მეორე გუნდში. ახლა ჩემი მიზანია, ხშირად ვითამაშო პირველ გუნდში, თუმცა ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამხელა შრომა მმართებს.
"საბურთალოში" ბევრი რამ ვისწავლე და ახლაც ვსწავლობ. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მწვრთნელებს - ვალერი გაგუას, გიორგი ჭელიძეს, რევაზ გოცირიძეს, გიორგი ჭიაბრიშვილსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც "საბურთალოში" მუშაობს, მადლობას გადავუხდი.

altეროვნული ლიგა. XXV ტური: "ტორპედომ" თბილისში ლიდერი "საბურთალო" გაანადგურა

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული