ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. V ტურის წინ: სანაკრებო პაუზის შემდეგ "დინამო" ჩემპიონს მიიღებს

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა დასრულდა და საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება, საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტური გაიმართება.

შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებში ქართული კლუბებიდან ეროვნულ ნაკრებში სულ ორი ფეხბურთელი იყო გამოძახებული: როინ კვასხვაძე (ქუთაისის "ტორპედო") და გიორგი ნავალოვსკი (ბათუმის "დინამო"), თუმცა მათ მოედანზე არცერთი წუთი არ გაუტარებიათ.

ცენტრალური მატჩი ტურის ბოლოს გაიმართება, სადაც თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ჩიხურა-სიონი
ეროვნული ლიგა საჩხერეში განახლდება, სადაც ადგილობრივი "ჩიხურა" ბოლნისის "სიონს" მიიღებს.

ნომინალური მასპინძლები ჩემპიონატში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. მათ აქამდე ჩატარებულ ოთხი მატჩში 3 ფრე და 1
მარცხი აქვთ, "სიონი" კი გათამაშების ცხრილში შვიდი ქულით მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ჩემპიონ "საბურთალოს" ჩამორჩება.

ბოლნისელებმა პირველი შეხვედრა "ტორპედოსთან" მინიმალური სხვაობით (2:3) დათმეს. ასევე მინიმალური სხვაობით სძლიეს თბილისის "დინამოს" (2:1) და "ვიტ ჯორჯიას" (1:0), "დილასთან" კი უგოლო ფრე გააგორეს.

ეს კლუბები ერთმანეთს სულ 22-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 9-ჯერ გამარჯვებული "ჩიხურა" გამოვიდა, 8-ჯერ ბოლნისელებმა იმარჯვეს, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "სიონმა" მეტოქის დამარცხება ბოლოს 2015 წელს მოახერხა.

მატჩი 30 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დილა-ლოკომოტივი
ცუდად დაიწყო სეზონი გორის "დილამ", რომელმაც პირველ 4 ტურში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და გათამაშების ცხრილის მეცხრე საფეხურზე მხოლოდ 2 ქულით იმყოფება.

მათ ეროვნული ლიგის დებიუტანტებთან მინიმალური სხვაობით წააგეს, "ჩიხურასა" და "დილასთან" კი ფრედ ითამაშეს.

"ლოკომოტივს" კი ბოლო მატჩის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება. ისინი თბილისურ დერბიში "დინამოსთან" 0:4 განადგურდნენ და ცუდ ფორმაში მყოფ "დილასთან" ხასიათის გამოსწორებას ეცდებიან.

ეს კლუბები ერთმანეთს 33-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა "ლოკოს" მხარესაა - 15 მოგება, 9 ფრე, 9 მარცხი.

მატჩი 30 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-ბათუმის დინამო
ეროვნული ლიგის დებიუტანტები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდებიან.

"ვიტ ჯორჯიამ" სეზონი კარგად დაიწყო და მეოთხე ტურამდე წაუგებლად ასპარეზობდა. ჩატარებულ ოთხ მატჩში 5 ქულა დააგროვეს და საკუთარ კარში მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს.

ბათუმის "დინამოს" კი ურთულესი კალენდარი შეხვდა. პირველ ორ ტურში "საბურთალოსთან" (0:1) და "ტორპედოსთან" (0:2) მარცხის შემდეგ მათ ორი გამარჯვება მოიპოვეს და ჯერ თბილისის "დინამო" დაამარცხეს, შემდეგ კი გორის "დილა", თან ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ.

ისტორია "ვიტ ჯორჯიას" მხარესაა, ამ კლუბებს შორის გამართულ 33 შეხვედრაში 17-ჯერ გამარჯვება "ვეტერინარებს" დარჩათ, მხოლოდ ოთხი შეხვედრა მოიგო ბათუმის "დინამომ", 12 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ტორპედო-რუსთავი
"ლოკომოტივის" მსგავსად, რეაბილიტაციას შეეცდება "ტორპედოც", რომელმაც 27-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი დათმო.

ქუთაისელები ჯერ საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივთან" დამარცხდნენ (0:2), შემდეგ კი თბილისში "საბურთალოსთან" (0:3), თან ისე, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

რაც შეეხება "რუსთავს", ის მიმდინარე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კლუბია და დიდი ალბათობით, ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

ეს კლუბები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2-ჯერ გამარჯვება "ტორპედოს" დარჩა, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"ტორპედოსა" და "რუსთავის" დაპირისპირება 31 მარტს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე გაიმართება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ახალი საფარის დაგება დაიწყო.

თბილისის დინამო-საბურთალო
ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც თბილისის "დინამო" მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოს" მიიღებს.

მატჩს ორივე კლუბი კარგ განწყობაზე ხვდება. "დინამომ" წაგებული მატჩების შემდეგ, გასულ ტურში "ლოკომოტივის" დიდი ანგარიშით დამარცხება (4:0) შეძლო, "საბურთალომ" კი "ტორპედოს" მარტივად სძლია (3:0).

გია ჭიაბრიშვილის გუნდი გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს და ჩემპიონატის სტარტზევე ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე მყოფ ბოლნისის "სიონს" 5 ქულით უსწრებს, თბილისის "დინამო" კი 6 ქულით მესამეა.

ეს კლუბები ერთმანეთს მეცამეტედ ხვდებიან. აქამდე გამართულ 12 ურთიერთდაპირისპირებაში 6-ჯერ "დინამომ" გაიმარჯვა, 4-ჯერ "საბურთალომ", 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში "საბურთალომ" "დინამოს" დამარცხება 3-ჯერ შეძლო.

თბილისური დერბი 31 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ეროვნული ლიგა. V ტური
30 მარტი
ჩიხურა-სიონი 17:00
დილა-ლოკომოტივი 19:00
ვიტ ჯორჯია-დინამო(ბთ) 21:00

31 მარტი
ტორპედო-რუსთავი 14:00
დინამო(თბ)-საბურთალო 16:00
ასევე დაგაინტერესებთ