"წელს რევანშის აღება გვსურს" - ლევან შენგელია "საბურთალოსთან" დერბის წინ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა ბრუნდება, მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი თბილისის "დინამო" "საბურთალოს" "დინამო არენაზე" მიიღებს.

მასპინძლებმა სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყეს, პირველი სამი შეხვედრიდან 2-ში დამარცხდნენ, თუმცა გასულ ტურში თანაქალაქე "ლოკომოტივს" დიდი ანგარიშით სძლიეს (4:0) და "საბურთალოსთან" მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან.
Sportall.ge მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამოს" ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს, ლევან შენგელიას დაუკავშირდა, რომელსაც 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და შეხვედრის წინ კომენტარის გაკეთება სთხოვა:

"საბურთალოსთან" მატჩის მოლოდინი დიდია, გამარჯვება გვსურს, რადგან წინა სეზონში მათთან ბოლო
შეხვედრაში დავმარცხდით და წელს რევანშის აღება გვსურს.

ჩემი აზრით, სეზონის ცუდი სტარტის მიზეზი შეუთამაშებლობაზე მეტად ისაა, რომ არ გაგვიმართლა. "სიონთან" ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ კაცს გაგვიგდებდნენ. ბათუმის "დინამოსთან" კი უამრავი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. დამსახურებულად არ წაგვიგია.

წინა ტურში "ლოკომოტივთან" გამარჯვება კი ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "დინამო" როდესაც ზედიზედ ორ მატჩს აგებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე დიდი ზეწოლა მოდის, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და მოვახერხეთ კიდეც.

ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის უცხოელებიც და ქართველებიც. ძალიან კარგი განწყობაა გუნდში, კარგი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს როგორც ერთმანეთთან, ასევე მწვრთნელებთან.

"დინამო" ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს მთავარი მიზანია. პირადად მე კი მინდა "დინამოს" დავეხმარო, საკუთარ თავზე ვიმუშავო და უფრო მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოვყალიბდე.

ჩემს კარიერაში მითამაშია ბელგიაში, ვიყავი კორეაში, მანამდე მრავალი წლის განმავლობაში პატარა ასაკიდან საქართველოში ვთამაშობდი და ასე კომფორტულად თავი არცერთ მწვრთნელთან მიგრძვნია. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები და პიროვნულადაც ძალიან კარგი ადამიანები არიან.

გადაწყვეტილებებს ფელის ვისენტე და ჩისკო ერთად იღებენ, ყველა საკითხს ერთმანეთს უთანხმებენ.

ჩემი განვითარებისთვის მინდა, ევროპაში რაც შეიძლება სწრაფად წავიდე, მაგრამ სანამ "დინამოს" დავჭირდები და ჯერჯერობით ვჭირდები, აქ ვიქნები. შემდეგ კი როგორც მომავალი გვიჩვენებს, ისე იქნება.

რა თქმა უნდა, ევროპაში უკეთეს გუნდში თამაში მსურს, მანამდე კი რა პასუხისმგებლობაც მაქვს, იმას შევასრულებ", - უთხრა ლევან შენგელიამ Sportall.ge-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიმონათი არ გინდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული