ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: "კლასიკომ" სამტრედიაში გადაინაცვლა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის დასრულებიდან 2 დღეში მომდევნო ტური აიღებს სტარტს.

ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება, სადაც დროებით გადაბარგებული ქუთაისის "ტორპედო" ქართულ "კლასიკოში" თბილისის "დინამოს" მიიღებს.

ლოკომოტივი-ვიტ ჯორჯია
ტურის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება, სადაც თბილისის "ლოკომოტივი" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს.

"ლოკომოტივს" საქმე კარგად არ მისდის, "რკინიგზელებმა" გასულ ტურში გორში "დილასთან" დათმეს (1:3), მანამდე კი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (0:4).

ისინი ხასიათის გამოსწორებას ეროვნული ლიგის დებიუტანტთან და მიმდინარე ცხრილის ბოლოსწინაადგილოსანთან ეცდებიან.

"ლოკომოტივი" ამ მომენტისთვის 6 ქულით გათამაშების მე-7
პოზიციას იკავებს.

"ვიტ ჯორჯია" კი გასულ ტურში ბათუმის "დინამოსთან" დამარცხდა (0:1) და ამ მომენტისათვის 5 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა, თუმცა მის მომავალ მეტოქესთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

"ვეტერინარების" მიერ ჩატარებულ მატჩებში ძალიან ცოტა გოლი გადის. მათ გასულ 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვეს და თავადაც სულ 2 გოლის გატანა მოახერხეს, განსხვავებით "ლოკომოტივისგან", რომლის მიერ ჩატარებულ ყველა შეხვედრაშიც 2 ან მეტი გოლი გავიდა.

გუნდები შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან.

"ლოკომოტივისა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება 2 აპრილს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

დინამო(ბთ)-ჩიხურა
"საბურთალოსა" და ქუთაისის "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ ბათუმის "დინამომ" ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და სამივე ერთნაირი ანგარიშით - 1:0.

ბათუმელებს ბევრი გოლი არ გააქვთ, თუმცა საკუთარ კარს მშრალად ინახავენ და წარმატებით ასპარეზობასაც განაგრძობენ.

ამ მომენტისთვის ეროვნული ლიგის დებიუტანტი 9 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან "საბურთალოს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის "დინამოს" საშინაო მატჩებს ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი ესწრება და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა იყოს, რაც ბათუმელთათვის დამატებითი მოტივაციაც არის.

შესანიშნავ ხასიათზე ეწვევა შავიზღვისპირეთს "ჩიხურა", რომელმაც გასულ ტურში მოულოდნელი ანგარიში დააფიქსირა - ბოლნისის "სიონი" 5:0 გაანადგურა.

არადა, ამ მატჩამდე საჩხერელებს მოგება არ ჰქონდათ და გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ, ამ მომენტისთვის კი 6 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ.

ბათუმის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" შეხვედრა 2 აპრილს, 21:00 საათზე, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

ტორპედო-დინამო(თბ)
ეს შეხვედრა უდავოდ ტურის გამორჩეული მატჩია. ყოველთვის, როდესაც ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" ხვდება, მოედანზე და მის გარეთაც დაძაბულობა პიკს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელები საკუთარი მოედნის რეაბილიტაციის გამო მატჩებს დროებით სამტრედიაში ატარებენ, ტრიბუნებზე ბევრ გულშემატკივარს უნდა ველოდოთ.

"ტორპედოს" 27-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მცირე ჩავარდნა ჰქონდა, მათ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგეს, თუმცა ბოლო ტურში "რუსთავს" სძლიეს და თბილისის "დინამოსთან" მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან.

კარგ ხასიათზეა თბილისის "დინამოც", რომელმაც ბოლო ორ ტურში ორი პრინციპული დერბი მოიგო: ჯერ "ლოკომოტივს" აჯობა დიდი ანგარიშით (4:0), გასულ ტურში კი მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი "საბურთალო" "დინამო არენაზე" ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.

"დინამო" ორჯერ აგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა და ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილის მე-2 ადგილზეა და ლიდერ "საბურთალოს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

"დინამოს" წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გასულ ტურში თბილისელთა შემადგენლობაში ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა გიორგი გაბედავასთან ერთად.

ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ კი ლევან კუტალია იასპარეზებს, რომელიც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, გასულ სეზონში კი "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.

"დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი შულაია დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

ქუთაიასის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 3 აპრილს, 16:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რუსთავი-სიონი
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სუსტი გუნდი - "რუსთავი" საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონს" მიიღებს.

მასპინძლებს საწყის ხუთ ტურში მხოლოდ 2 ფრე და სამი მარცხი აქვთ და 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ. ისინი გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდნენ.

რუსთაველები პირველი სამი ქულის აღებას "სიონთან" ეცდებიან, რომელიც თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ცუდად გამოიყურება.

ბოლნისელები ამ მატჩში გასული ტურის "კოშმარის" დავიწყებას შეეცდებიან, როცა "ჩიხურასთან" 0:5 განადგურდნენ. ეს გუნდი, მისი მომავალი მოწინააღმდეგის მსგავსად, ბევრ გოლს უშვებს საკუთარ კარში (ჯამში 9). მათზე მეტი გოლი მხოლოდ თბილისის "ლოკომოტივმა" მიიღო (11).

გუნდები შეხვედრას ოპტიმალურ შემადგენლობაში ხვდებიან.

"რუსთავისა" და "სიონის" დაპირისპირება 3 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

საბურთალო-დილა
ტურის ბოლო შეხვედრა "მიხეილ მესხზე" გაიმართება, სადაც ჩემპიონი "საბურთალო" "დილას" მიიღებს.

"საბურთალომ" გასულ ტურში საკუთარი შეხვედრა კონკურენტ თბილისის "დინამოსთან" დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში დათმო (2:4).

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეტოქეს ორჯერ ამარცხებდნენ, თუმცა საბოლოოდ მოედანი 0 ქულით დატოვეს.

"საბურთალოს" რიგებში არ თამაშობს ვაგნერ გონსალვეში, რომელიც წინა სეზონში გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო, წელს კი მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებულ შეხვედრაში.

რაც შეეხება "დილას", გორელები "საბურთალოსთან" შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. ცუდი სტარტის შემდეგ გასულ ტურში მათ პირველი სამი ქულა მოიპოვეს და თბილისის "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხეს.

"დილას" 5 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

"საბურთალოსა" და "დილას" დაპირისპირება 3 აპრილს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული