"ქართული კლასიკო" - ბოლოდროინდელი დაძაბულობა, ინტრიგა და გამორჩეული მატჩები [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 3 აპრილს სამტრედიაში "ქართული კლასიკო" გაიმართება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის გამო საქართველოს სუპერთასის მფლობელი დროებით მეზობელ ქალაქში ასპარეზობს.

ეს დაპირისპირება ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე დაძაბულია. ამიტომ ხშირად ემოცია, როგორც მოედანზე, ასევე გულშემატკივრებს შორის, პიკს აღწევს.

"ტორპედო" და "დინამო" ჩემპიონატის ეგიდით ერთმანეთს 71-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 35 მატჩი თბილისელთა, 17 ქუთაისელთა გამარჯვებით, ხოლო 19 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

გავიხსენოთ რამდენიმე დაძაბული მატჩი, რომლებიც ამ კლუბებს შორის აქამდე გამართულა:

პირველი, რაც, ალბათ, ყველა გულშემატკივარს ახსენდება, 2014
წლის 9 მარტს ვერდასრულებული მატჩია, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგები მოედანზე მაშინ შეცვივდნენ, როდესაც მათი კლუბი 0:2-ს აგებდა.


საბოლოოდ შეხვედრა შეწყდა და "ტორპედოს" ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაეთვალა. სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დომ" მომ­დევ­ნო ხუთი სა­ში­ნაო მატჩი ნე­იტ­რა­ლურ მოედანზე გამართა.

გარდა ამისა, ინ­ცი­დენ­ტის გამო ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო" 18 300 ლა­რით და­ჯა­რი­მდა, ტრიბუნებზე სკამების დამტვრევის გამო კი თბილისის "დინამოს" 800 ლარის გადახდა დაეკისრა.

ქუთაისელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც მოედანზე შეიჭრა, თავს ჩისკო დაესხა. ჩისკო მუნიოსი დღეს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი მწვრთნელია, ქუთაისელთა დამრიგებელი კი იმდროინდელი ინციდენტის დროს რევაზ ძოძუაშვილი იყო.

ბოლო პერიოდში ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი ამ კლუბებს შორის 2017 წლის 26 ნოემბერს გაიმართა, როცა ჩემპიონატის ბოლო ტურში "დინამო არენას" "ტორპედო" ესტუმრა.

ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. "დინამოს" ამისთვის ფრეც ჰყოფნიდა, ქუთაისელებს კი მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ.

შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა, როცა მატჩის 75-ე წუთზე ვლადიმირ კორობკას პასით თორნიკე კაპანაძემ ქუთაისელები დააწინაურა.

ამის შემდეგ "დინამო" გააქტიურდა, მომენტები შექმნა და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, მეოთხე დამატებულ წუთზე ბექა ტუღუშმა მიკოლა კოვტალიუკი საჯარიმოში წააქცია. ტუღუში გააძევეს, პენალტის დასარტყმელად კი ოთარ კიტეიშვილი მოემზადა.

მან ბურთი კარის ცენტრში გაუშვა, როინ კვასხვაძე კი მარჯვნივ გადახტა, თუმცა ფეხი დატოვა, კიტეიშვილის დარტყმული მოიგერია და მის გუნდს 15-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა მოუტანა.


გასულ სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა, 2 ფრე და თითო-თითო მოგება, თუმცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში, "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელიც ევროტურნირების გამო აგვისტოს ნაცვლად ოქტომბერში გაიმართა, თბილისში მოუგო, 4 დღეში კი ქუთაისში ფრედ ეთამაშა და კინაღამ მეორე ადგილი დააკარგვინა.

2018 წლის 4 ნოემბერს გამართული მატჩიც დრამატული გამოვიდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე "დინამო" მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა მათე ცინცაძემ და თორნიკე კაპანაძემ გოლების გატანა მოახერხეს და მათი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელეს.


ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირების შემდეგ გუნდებმა შემტევები გაცვალეს. ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც ეროვნული ლიგის გასული სეზონის ბომბარდირი გახდა, 2018 წლის სეზონის პირველ წრეში "ტორპედოს" კარში დუბლი შეასრულა და "დინამოს" "კლასიკოში" გაამარჯვებინა.

ბუდუ ზივზივაძეს წელს შარშანდელის მსგავსი სეზონი არ აქვს და ეცდება, გოლების გატანა ყოფილ გუნდთან დაიწყოს.

რაც შეეხება ლევან კუტალიასა და გიორგი კუხიანიძეს, ისინი გასულ სეზონში ქუთაისელთა რიგებს იცავდნენ, დღევანდელ მატჩში კი მათ წინააღმდეგ ითამაშებენ.

თუ კუხიანიძის მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასი პროცენტით ვიხილავთ ლევან კუტალიას, რომელიც თბილისის "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირია და გასულ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2018 წლის სეზონში კი "დინამოს" კარში გოლის გატანაც მოახერხა.

მათე ცინცაძე კი, "ტორპედოში" გადმოსვლამდე "დინამოს" ღირსებას იცავდა, სადაც თავის დროზე სწორედ ქუთაისური კლუბიდან გადაბარგდა.

წელს, ისევე, როგორც სხვა წლებში, ეს ორი კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მათი დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულია და არც გულშემატკივრების რაოდენობას უჩივის ხოლმე.

"დინამოს" 22 წლის ნახევარმცველი აკაკი შულაია დააკლდება, რომელიც "საბურთალოსთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, "ტორპედო" კი მატჩს დანაკლისების გარეშე ხვდება.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 3 აპრილს, 16:00 საათზე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშვენიერი სტატიაა! კლასიკოს მოლოდინი გაალამაზა! ლუდი და ახოტნიჩი უკვე მომარაგებულია ასე რომ კარგ და დაძაბულ თამაშს ველოდები!
ილია
12:56 03-04-2019
1
ამასწინათ რეინჯერს-სელტიკის თამაშს ვუყურე და გავსკდი კაცი შურით გადაძეძგილი სტადიონის დანახვისას. აი ასეთ მხარდაჭერას რომ ვისწავლით მაშინ მოთხოვეთ ჯგუფში მოხვედრა
GEORGIAN FCDB
15:31 03-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული