ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. VII ტურის წინ: "საბურთალო" დებიუტანტს მოსინჯავს, სხვები ჩემპიონთან მიახლოებას ეცდებიან

AutoSharing Option
facebook.com/fc.saburtalotb/

მეხუთე ტურისგან განსხვავებით გასული ტური უხვგოლიანი აღარ გამოვიდა, 5-დან 2 მატჩი 0:0 დასრულდა, დარჩენილი სამიდან კი მხოლოდ ერთში გავიდა 2 გოლზე მეტი.

ჩემპიონატი გახურდა და ასე თუ ისე გამოიკვეთნენ როგორც ლიდერები, ასევე აუტსაიდერები.

ჩიხურა-ლოკომოტივი
ეროვნული ლიგის მე-7 ტურს "ჩიხურასა" და "ლოკომოტივის" მატჩი გახსნის.

გასულ ტურში საჩხერელები წვიმიან ბათუმს ესტუმრნენ და "დინამოსგან" მხოლოდ ქულა წამოიღეს, მთელი შეხვედრის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ფეხბურთელებსაც უჭირდათ გააზრებული თამაში.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩიხურამ" მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ წააგო, მაინც გასავარდნ ზონასთან ახლოს არის, რადგან გამარჯვების
მოპოვებაც უჭირს და 6 შეხვედრაში 4 ფრედ დაასრულა.

"ლოკომოტივს" კი ნამდვილად ესაჭიროება გამარჯვება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, პირველ სამ ტურში ორი მოგების შემდეგ, "რკინიგზელებმა" ზედიზედ სამი შეხვედრა დათმეს და გასავარდნ ზონაში არიან.

რა თქმა უნდა, ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ეს შედეგი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა "ლოკომოტივს" თამაშის ხარისხი გამოსასწორებელი აქვს, განსაკუთრებით დაცვაში, რადგან მათ ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 12 გოლი გაუშვეს.

"ჩიხურასა" და "ლოკოს" შეხვედრა 6 აპრილს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სიონი-დინამო(ბთ)
ტურის მეორე შეხვედრა ბოლნისში გაიმართება, სადაც "სიონი" ბათუმის "დინამოს" მიიღებს.

"სიონი" გასულ ტურში აუტსაიდერ "რუსთავს" შეხვდა, თუმცა მისი დამარცხება ვერ მოახერხა, არადა წინა ტურში "ჩიხურასთან" განადგურების (0:5) შემდეგ გამარჯვება ნამდვილად ძალიან სჭირდებოდა.

ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია. შავიზღვისპირელები გათამაშების ცხრილის დასაწყისში არიან და ქულების რაოდენობით მხოლოდ ლიდერ "საბურთალოს" ჩამორჩებიან, "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" კი მხოლოდ ბურთების სხვაობით.

ბათუმის "დინამო" ბევრს არც იტანს და არც უშვებს. მეტიც, ბოლო 4 შეხვედრაში მიხეილ ალავიძის კარის ბადეში ბურთი არცერთხელ შეგორებულა.

გია გეგუჩაძის გუნდი "სიონის" დამარცხებასაც შეეცდება.

ბოლნისის "სიონისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 7 აპრილს, 16:00 საათზე ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე აიღებს სტარტს.

დინამო(თბ)-რუსთავი
თბილისის "დინამო" გასულ ორ ტურში ორ მთავარ ფავორიტს დაუპირისპირდა და 4 ქულა მოიპოვა, წარუმატებელი მატჩების შემდეგ თითქოს საკუთარი თამაში იპოვა.

ჯერ ლიდერ "საბურთალოს" სძლია, შემდეგ კი ქუთაისის "ტორპედოსთან" ნულოვანი ფრე ითამაშა.

"რუსთავი" კი ეროვნული ლიგის აუტსაიდერია, უჭირს გოლის გატანა და ბევრს უშვებს, კარგი მატჩი ჩაატარა ბოლნისის "სიონთან", თუმცა გამარჯვება ვერც გასულ ტურში მოიპოვა.

თბილისის "დინამო" ფავორიტია და ეცდება წარმატებული სვლა "რუსთავთანაც" განაგრძოს. 

თბილისის "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირება 7 აპრილს, 19:00 საათზე  "დინამო არენაზე" გაიმართება.

დილა-ტორპედო
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი აუტსაიდერი, გორის "დილა" საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებს.

გორელებს კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა საკუთარი თამაშის პოვნა უჭირთ, გასულ 6 ტურში მხოლოდ 1 მოგება აქვთ.

"ტორპედო" კი, რომელმაც გასულ ტურში თბილისის "დინამოსთან" ფრე ითამაშა, აუცილებლად სამი ქულისთვის იბრძოლებს, რადგან ლიდერ "საბურთალოს" უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

ქუთაისელები მატჩს სრული შემადგენლობით ხვდებიან, დისკვალიფიცირებული ან ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს.

"ტორპედო" ამ მატჩში აშკარა ფავორიტია, თუმცა გორელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ და აქ თამაში ყველა გუნდისთვის რთულია.

გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩი 7 აპრილს, 21:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე აიღებს სტარტს.

ვიტ ჯორჯია-საბურთალო
ეროვნული ლიგის დებიუტანტმა "ვიტ ჯორჯიამ" გასულ ტურში ცუდ ფორმაში მყოფი "ლოკომოტივი" მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

"ვეტერინარებს" ძალიან ცოტა გააქვთ და ცოტასაც უშვებენ, გასულ 6 ტურში მათ სულ 3 გოლი გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს. 

"საბურთალო" ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია, მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ და გასულ ტურში ფრედ დასრულებული "ქართული დერბის" შემდეგ კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით, 5 ქულით უსწრებს.

"ვიტ ჯორჯია" თამაშის ჩაკეტვას ეცდება, "ვეტერინარები" ეცდებიან გოლი გაიტანონ და შემდეგ საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე იზრუნონ, "საბურთალო" კი თავიდანვე შეუტევს და უპირატესობის მოპოვებას საწყისი წუთებიდანვე ეცდება.

"ვიტ ჯორჯიასა" და "საბურთალოს" მატჩი 8 აპრილს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.