ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სლოვაკეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მაკედონიის ბევრ გუნდზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ..."

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ევროსეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბში არსებულ სიტუაციასა და გეგმებზე ისაუბრა.

გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან:

- შევძლებთ თუ არა ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლას? "საბურთალოს" საფირმო ნიშანი იყო და დღესაც არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და ძლიერი თანამედროვე მენეჯმენტი.

ეს კი გულისხმობს სტაბილურობასა და დინამიკას. ბოლო წლებში გუნდს ცალსახად პროგრესი აქვს და ჩვენი მიზანი ამ სტაბილური ზრდის შენარჩუნება, ეროვნულ ლიგაში ლიდერებად ჩამოყალიბება, ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლა და ჯგუფში მოხვედრაა.

აქამდე მიღწეული პროგრესი კლუბის მენეჯმენტის და სამწვრთნელო სტაფის მიერ
შედგენილი გეგმების შედეგი იყო. იმედი მაქვს, ევროთასებზე გასვლა ამ წინსვლისთვის ახალი ეტაპი გახდება...

ევროსარბიელზე გამოსვლის უფლება ჩვენ მიერ შედგენილი 4-წლიანი განვითარების გეგმის შედეგად მოვიპოვეთ. ეს ითვალისწინებდა საქართველოში ყველა ტიტულის, მათ შორის, ჩემპიონობის მოპოვებას და ევროპის რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას...

ცხადია, ჩვენი მოთამაშეების უმრავლესობას ევროტურნირებში თამაშის გამოცდილება არ აქვს და მესმის, რომ გაგვიჭირდება. პლუს, საქმეს ის გაართულებს, რომ განთესილებში არ ვიქნებით და წილისყრა მაქსიმალურად ძლიერ მეტოქეს შეგვახვედრებს... თუმცა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, ღირსეულად რომ გამოვიდეთ...

გაძლიერება გვჭირდება

- ამ მიზნით გაძლიერებას ვგეგმავთ. არ მაქვს ილუზია, თითქოს, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ საკადრო კუთხით სამუშაო ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ეს მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პრეროგატივაა. მწვრთნელის სურვილი იყო, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ გაგვეანალიზებინა, რომელ პოზიციაზე გვიჭირდა და მოთამაშეები ამის შემდეგ დაგვემატებინა.

ახლა მიახლოებითი სურათი უკვე გასაგებია და მოლაპარაკებები დაწყებულია. თავადაც ვხედავთ, რომ გაძლიერება გვჭირდება და რომ ახლანდელი გუნდით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ.

ბიუჯეტი

- დღეისთვის "საბურთალო" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბია და ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეულები ვართ. რა თქმა უნდა, ფული ბევრს ნიშნავს და მინიმალური ოდენობა მაინც უნდა გქონდეს, რომ რაღაც ზღვარს მიუახლოვდე.

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ ფული ცალსახად წარმატების გარანტი ვერ გახდება, თუ აზრიანად არ გამოიყენე. მთავარი აქაც სტაბილურობაა და იმას მივაღწიეთ, რომ კლუბში ყველამ იცის, როდის იღებს ხელფასს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ის რამდენიმე მილიონია. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სლოვაკეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მაკედონიის ბევრ გუნდზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს.

სხვა საქმეა, რომ მათ ჩვენთან შედარებით სხვა სახის უპირატესობა აქვთ - ევროპაა და ფეხბურთელები იქაურ ათას დოლარს უფრო თანხმდებიან, ვიდრე ჩვენს ორ და სამ ათასს. ესეც ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემაა. წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთზე ბევრი ნეგატიური ინფორმაცია იყო და ვითარების შესაცვლელად დრო გვჭირდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე
ასევე დაგაინტერესებთ