აჭარის მთავრობა ბათუმის "დინამოს" ასხვისებს

AutoSharing Option
აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

Sportall.Ge
შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია 72 626 კვ.მ [7,2 ჰექტარი] ტერიტორია, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული.


მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს მიმართეს, საკრებულომ კი ეს საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასვა.
სხდომა 24 მაისსაა ჩანიშნული.

„ლამინი ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

ბათუმის „დინამოს“ გასხვისების პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, სავალდებულოა კლუბის მართვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. ეს კონცეფცია ახალმა მმართველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს.

წინასწარი პირობით, განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სადაც განთავსებული იქნება საცხოვრებელი არანაკლებ ორმოც ბავშვზე; მათთვის გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობა. მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.

წილის ახალმა მმართველმა ქონების გადაცემიდან ექვს თვეში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის შემუშავება [გრგ], შვიდი თვის ვადაში კი უნდა მოამზადოს პროექტის ვიზუალური ესკიზი და შესათანხმებლად წარუდგინოს მესაკუთრეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ მზად უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამის შემდეგ კი წილის მმართველმა უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რომელიც სამ წელში უნდა დაასრულოს.

სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.

წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, კლუბი ბათუმის „დინამო“ ვალდებული იქნება, ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონატებში.

წილის მმართველმა პროექტისთვის არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და შესაბამისი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს ქონების მესაკუთრეს. ამ ყველაფრის დასაზღვევად კი მთავრობა 200 000-ლარიან საბანკო გარანტიას ითხოვს 38 თვის ვადით.

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ვებგვერდზე „ლამინი გრუპი” ოფიციალურ პარტნიორად არის დასახელებული.

ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა.

ცაგო კახაბერიძე - 20.05. 2019

batumelebi.netgazeti.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
მართლა გულით გვინდა რომ ევრო ტურნირებზე ღირსეულად წარდგეს ბათუმი მითუმეტეს სტადიონი მზად იქნება მაგ დროისთვის და იმედია ამ აღებულ სიჩქარეს არ შეანელებს ყველაფერი კარგად გათვალეთ როგორც იქნა გულშემატკივარი მობრუნდა ბათუმში და ზურგს ნუ შეაქცევინებთ და ჩვენც ვინც ბათუმელები არ ვართ ევრო ტურნირებზე გვინდა რომ უბალეშიკოდ აბა თქვენ იცით საქმე არ გააფუჭოდ.
samtredia
11:41 21-05-2019
0
იმედია მანდაც ქუთაისი ტორპედოს ამბავი არ განმეორდება, ანდა თბ.დინამოსავით შოპინგცენტრად როა გადაქცეული, ორი დღის გამოჩეკილ ფეხბურთელებს რო ყიდის , კაპიკებში... / იმედია ევრო ტურნირებზე დაიმკვიდრებს ადგილს და გაგვახარებს მთელ საქართველოს...!
Vasili
09:59 21-05-2019
1

სიახლეები პოპულარული