ლევან კობიაშვილი გარიგებულ თამაშებზე - ფეხბურთის ფედერაცია უმკაცრეს ზომებს მიიღებს, როგორც კონკრეტული პირების, ასევე სავარაუდოდ, კლუბების მიმართ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო კლუბების მიმართ უმკაცრეს ზომებს გაატარებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან კობიაშვილის თქმით, ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, არა მხოლოდ თავად კონკრეტულ პირებს და ფეხბურთელებს ეხებათ, არამედ აზიანებს ქართულ ფეხბურთს და ქვეყანას. მისივე განცხადებით, დანაშაული არავის შერჩება.

„არ შერჩება არც ერთ ადამიანს, ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს არა მარტო თავის სახელს ან კლუბს, არამედ ქართულ ფეხბურთს. უამრავი ადამიანია არა
მარტო ამ დარბაზში, არამედ ამ ქვეყანაში, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი და რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს, რომ რაღაც პოზიტივი გააკეთოს. ეს ადამიანები, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი ფეხბურთელები, ბედავენ და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ ქმედებით, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. ნამდვილად არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ „დაველოდებით გამოძიებას“. არ მაინტერესებს, ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც“, - აცხადებს კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. როგორც სუს-ში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული