ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით

AutoSharing Option
პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი გეთიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით გეთიაშვილი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მისი თქმით, მატჩების გარიგების საქმეში ინიციატორი თავად იყო.

მისივე თქმით, მკაცრი სასჯელი მხოლოდ სამი ფეხბურთელისთვის უნდა დაეკისრებინათ, ვინაიდან ღუდუშაურისა და კიკნაველიძისგან განსხვავებით, ისინი ასაკით უფროსები არიან.

"ვფიქრობ,
ეს განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია. ორ ფეხბურთელს - პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის. ამ კუთხით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიმაჩნია. რამდენად სამართლიანი იყო განაჩენი დანარჩენებთან მიმართებაში, ამაზე მერე შეიძლება დეტალურად მსჯელობა, თუმცა იმ ორ ფეხბურთელზე, რომელიც აღვნიშნე, განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა. თუკი ისინი სამუდამოდ გაჩერდებიან, რამდენად დააზიანებს ეს ქართულ ფეხბურთს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შემეხება მე, განცხადება გავაკეთე, რომ ამ საქმეში ინიციატორი ვიყავი და სამართლიანია ჩემთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება. თუ მაინცდა მაინც მკაცრი სანქციებია გასატარებელი, უნდა გატარდეს სამ, ასაკით უფროს ფეხბურთელზე, რადგან მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა ჩვენ. კიკნაველიძე საერთოდ ბოლოსკენ შემოუერთდა ამ საკითხს და მიზერული ბრალი მიუძღვის", - განაცხადა გიორგი გეთიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ნიკა მაისურაძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა მაისურაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან აღნიშნული საქმის გამოძიება გრძელდება, ადვოკატის რჩევით, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც, "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წყარო: IPN.GE

ასევე დაგაინტერესებთ