ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედო": კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარება, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" "ფეისბუქზე" კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კლუბის წერს, რომ მათ მხარში უდგანან ფეხბურთის ფედერაცია და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად:

"კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

"ტორპედოში" ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ყოველთვის თავის ინტერესზე მაღლა გულშემატკივრისას აყენებდა... დრო გადიოდა, პრობლემები - რჩებოდა!

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის
ფედერაცია აქტიურადაა ჩართული "ტორპედოს" ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი დღემდე კერძო მფლობელობაშია და ფეხბურთის ფედერაცია არაა ვალდებული, ფინანსურად დაგვეხმაროს, მათგან "ტორპედო" დახმარებას ყოველდღე გრძნობს.

თამაშიდან თამაშამდე, იქნება ეს ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, სფფ "ტორპედოს" ეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც "ტორპედო" მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის!

დღეს კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და "ტორპედოს" ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არათუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია...!", - წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ