ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

ბათუმის "დინამო" თბილისში ემზადება. გუნდის ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა კლუბის "ფეისბუქგვერდისთვის" მიცემულ კომენტარებში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მიხეილ ალავიძე: "ბათუმში ვივარჯიშეთ რამდენიმე დღე, შემდეგ თბილისში გვქონდა უკვე პირველი ვარჯიში. ყველა პოზიტიურად ვართ განწყობილები და ვემზადებით სეზონისთვის".

მათე ცინცაძე: "პირველ რიგში, ვიცოდი, სად მოვდიოდი და ვინ მხვდებოდა: გულშემატკივარი, ფეხბურთელები, მწვრთნელები. გუნდში ძალიან კარგი გარემოა და ყველა დამეხმარა, რომ ადაპტაცია მალე გამევლო. პირველ რიგში, ფეხბურთელისთვის არის გულშემატკივარი, რაც ბათუმს ნამდვილად არ აკლია. საქართველოში საფეხბურთო სამყაროს "პირატებისთვის" მადლობის გარდა
არაფერი ეთქმის. ბოლო ტურებში გუნდს არ გაუმართლა, ცოტა დააკლდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ წელს მოლოდინი უფრო დიდია. პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონობას მოვიპოვებთ".

გია გეგუჩაძე: "სეზონი საკმაოდ დატვირთული და უფრო მიზნებიდან გამომდინარე, ალბათ, უფრო რთული გვექნება ამ ორ შეკრებაზე თამაშებისა და სპარინგების მხრივ. უფრო ტაქტიკურ-ტექნიკური ხასიათის ვარჯიშები გვექნება. ამდენად, ვითვალისწინებთ წარსულ შეცდომებს, შევეცდებით ყოველ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ უნდა შევხვდეთ სრულფასოვნად სეზონის დასაწყისს. მით უმეტეს, რომ გვიწევს ახალი სტადიონის გახსნა და ეს დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის".

ბათუმის "დინამო" 20 იანვარს ამხანაგურ მატჩში "დილას" შეხვდება. 22 იანვარს ბათუმელები პირველ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრებიან.

ანტალიაში გია გეგუჩაძის შეგირდები სამ სპარინგ-მატჩს გამართავენ. 25 იანვარს "დინამო" კრაკოვის "ვისლას" შეხვდება, 29 იანვარს სერბულ "რადნიჩკის" დაუპირისპირდება, მესამე მეტოქის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

თებერვლის შეკრებაზე კი ბათუმელები 4 ან 5 ამხანაგურ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ.