სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

AutoSharing Option
18 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ონლაინრეჟიმში გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" შეცვლილი ფორმატი და დავით ყიფიანის სახელობის თასის დებულება დაამტკიცეს. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ლიცენზირების დებულება, მათ შორის, ქალთა გუნდებისთვის მომავალი სეზონიდან ლიცენზირება სავალდებულო გახდა.

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი: "როგორც მოგეხსენებათ, 25 ივნისიდან დაგეგმილია "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მესამე ტურიდან განახლება. ამის თაობაზე კომუნიკაცია საწყის ეტაპზევე გვქონდა, როგორც აღმასკომის წევრებთან, ისე "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მონაწილე კლუბებთან. დღეს მოხდა დებულების დამტკიცება და გადაწყდა, რომ ოთხი
წრის ნაცვლად ჩატარდება ორი წრე, აგვისტოს თვიდან კი დაგეგმილია დავით ყიფიანის სახელობის 2020 წლის გათამაშების ჩატარება.

სამწუხაროდ, დღეისათვის ვერ ხერხდება სხვა ლიგებისა და ჩემპიონატების განახლების თარიღის დასახელება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შევეცდებით, განვახორციელოთ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2", ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონული ლიგა, ქალთა ლიგა თუ ფუტსალის ლიგა.

ამას გარდა, როგორც იცით, დებულების მიხედვით, კლუბები გათავისუფლებულნი არიან საწევრო გადასახადისგან და აღნიშნული თანხა შეუძლიათ გამოიყენონ რეგულაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ შემდეგი სეზონიდან, ქალთა ლიგაში დაინერგა სავალდებულო ლიცენზირება. იცით, რომ გუშინ უეფას აღმასკომის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი", რომელიც ქალთა ეროვნული ლიგის 2019 წლის ჩემპიონია, 7-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით იასპარეზებს ქალთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე".

GFF.GE

ტეგები:
სიახლეები პოპულარული