ქუთაისის "ტორპედოში" სიტუაცია ბოლო 2 სეზონია სრულიად არეულია და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დალაგდა.
გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ფაბიო მანინოს კლუბში მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ჯერ ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.
აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შეკვეცილ ხელფასებზე დათანხმება ამ პირობით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც
ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...
მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...
ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.
როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.
რატომ უნდა უხდიდეს ხელფასებს პროფესიონალ ფეხბურთელებს სახელმწიფო? ( ანუ ჩვენ, გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები). ფეხბურთის ფონდის ფულით თუ სტადიონები და არენები აშენდება კი ბატონო, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელის ხელფასში რატომ უნდა მიდიოდეს გადასახადების გადამხდელის, ანუ ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფული?