Sportall.ge-ს პასუხი ქუთაისის "ტორპედოს" განცხადებაზე

AutoSharing Option
30 ოქტომბერს ჩვენს საიტზე "ტორპედოს" პრობლემების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.


აღსანიშნავია, რომ სტატიის დადებიდან 2 დღეში პრობლემები მოგვარდა, 8 დღეში კი ქუთაისელთა ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო ტექსტი გამოჩნდა.


როგორც ჩანს, კლუბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, "გაღმა გაედავე, გამოღმა შეგრჩებაოს" პრინციპით, გუნდზე სათანადო ზრუნვის ნაცვლად ახლა ენერგია და რესურსი ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართა.

თავიდანვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თუ სტატიის გამოქვეყნებამ რაიმე სახის
უკმაყოფილება გააჩინა, თან, თუ ამ სტატიაში დაწერილი ინფორმაცია ტყუილი იყო, 8 დღე რატომ გახდა საჭირო განცხადების გასავრცელებლად? ამ ტექსტის ავტორები ამდენი ხნის განმავლობაში რას ელოდნენ?

თავიდან ჩავთვალეთ, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამ პრინციპით მუშაობდა, ანუ რეაქციისთვის 8 დღე სჭირდებათ და გადავწყვიტეთ, 8 დღე დავლოდებოდით. თუმცა უკუკავშირი არ ყოფილა.

ახლა თითოეულ პუნქტს ცალ-ცალკე ვუპასუხებთ.

ძალიან საწყენი და უსიამოვნო ფაქტია, ადგილობრივი მედიისგან მიიღო თავდასხმა კლუბისა და მისი უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ ისეთი ჟურნალისტის მიერ, რომელიც მალავს წყაროს - მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადების უფრო გამართულად დაწერა შეიძლებოდა, როგორღაც მოვახერხეთ და აზრი გამოვიტანეთ.

თუ ტექსტის ავტორმა არ იცის, აქ ვეტყვით, რომ ჟურნალისტიკაში წყაროს ანონიმურად შენახვა ეთიკური პრაქტიკაა და sportall.ge თავისი წყაროს ვინაობას არასოდეს გაასაჯაროებს.

რაც შეეხება თავდასხმას, კლუბის მთავარი შემადგენელი ნაწილი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არიან. რადგან თავად კლუბი, ერთი მხრივ, ფეხბურთელებს (არც სხვა თანამშრომლებს) დავალიანებას არ უხდიდა, მეორე მხრივ, გუნდში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას გულშემატკივარს არ აწვდიდა, ჩვენი მხრიდან სტატიის დაწერა არათუ კლუბზე თავდასხმა, არამედ "ტორპედოს" მიმართ გულისტკივილით გადადგმული ნაბიჯია (ვამცნეთ ფანებს რეალური მდგომარეობის შესახებ, გავახმოვანეთ ფეხბურთელთა პრობლემები), რადგან გვსურს, ამ უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების გუნდმა პრობლემებს თავი დააღწიოს და თავისთვის ჩვეულ დონეზე შეძლოს ასპარეზობა.

ღრმად გვწამს, რომ არა ჩვენს (და კიდევ ერთ) საიტზე დაწერილი სტატია, დავალიანების ის ნაწილი, რომელიც კლუბმა ფეხბურთელებს (სხვა თანამშრომლებს) გაუსტუმრა, გადახდილი არ იქნებოდა. შესაბამისად, "ტორპედოში" ვერც სამწვრთნელო-სავარჯიშო პროცესი აღდგებოდა და გუნდი ჩემპიონატშიც სათანადოდ გამოსვლას ვერ შეძლებდა.


რაც შეეხება ინფორმაციის სისწორეს, თავად ამ განცხადების ავტორმაც კარგად იცის, რომ სტატიაში დაწერილი ყველა ინფო აბსოლუტურად სწორი და მართალი იყო, მაგრამ მას ხელს არ აძლევს სიმართლის დაწერა; თუ რატომ, ეს ცხადზე ცხადია.

რაც შეეხება უცხოელ ინვესტორზე თავდასხმას... თუ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მასზე თავდასხმაა, ეს ნიშნავს, რომ არათუ ჩვენ, არამედ ის თვითონ ესხმის საკუთარ თავს თავისივე ქმედებებით. და თუ მაინც ჩვენს მოქმედებაზე გამახვილდა ყურადღება, ჩვენ სიმართლე გვეწერა, სიმართლე კი თავს მხოლოდ ტყუილს ესხმის.

ჩვენ წავიკითხეთ ტყუილი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია - ტექსტის ეს მონაკვეთი არის ტყუილი და ცილისწამება!

რომელიც არ იყო გადამოწმებული ან დადასტურებული თავად კლუბის მიერ - ეს ინფორმაცია იყო გადამოწმებული და დადასტურებული კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების მიერ. თუ ტექსტის ავტორისთვის ფეხბურთელები და თანამშრომლები კლუბის ნაწილი არ არიან, სჯობს ეს საჯაროდ განაცხადოთ!

ეთიკის კოდექსი მთელ მსოფლიოში ავალდებულებს ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმებას, თუმცა ამ შემთხვევაში არავის უკითხავს ოფიციალურად რამდენად შეესაბამებოდა ანონიმურ განცხადებაზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილეს. ზოგადად ასეთ ქცევას ეწოდება ცილისწამება
- „ზოგადად“ ამ ქცევას ცილისწამება ეწოდება. აქ, ჩვენი ღრმა ეჭვით, იურისტის კალამი იგრძნობა, ცილისწამებაში ხელს არ გვადებს, თუმცა ზოგადად ასე არისო... როგორც ზედა აბზაცში აღვნიშნეთ, ინფორმაცია გადამოწმებული იყო. თუმცა, რომელ ეთიკის კოდექსზეა საუბარი, საინტერესო ეს გახლავთ. სამყაროში უნივერსალური ეთიკის კოდექსი ჯერ არავის მოუგონია...

მხოლოდ იმიტომ რომ დადგა საჭიროება, ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელს ჩარიცხული აქვს სრული ხელფასი, ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით და ვარჯიშობენ ჩვეულ რეჟიმში
- თანხების ჩარიცხვის შესახებ ტექსტის ავტორისაგან დამოუკიდებლად შევიტყვეთ... თუმცა, აღსანიშნავი რამდენიმე დეტალია: თანამშრომლებსა და ფეხბურთელებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, ოქტომბრის ანაზღაურებას დღემდე ელოდებიან... ასევე, თებერვლის შემდეგ პირველად მიიღეს თანამშრომლებმა და ფეხბურთელებმა სრული ხელფასები. ალბათ, კითხვა არავის დაებადება, თუ რამ განაპირობა ეს ნაბიჯი...

ინვესტორი არასოდეს დამუქრებია რომელიმე ფეხბურთელს. იგივე ინვესტორი ყოველთვიურად რიცხავს დაფინანსებას კლუბში, რისთვისაც კლუბი მადლობელია - მადლობელია თუ არა კლუბი, ეს ფეხბურთელებმა, თანამშრომლებმა და ფანებმა უნდა შეაფასონ და არა ტექსტის ავტორმა. რაც შეეხება მუქარას, ის მაინცდამაინც შუბლზე იარაღის დადებას არ გულისხმობს, "თუ ხელს არ მოაწერ, არც წინა დავალიანებას გაგისტუმრებ". ეს ულტიმატუმზე მეტია და ჩვენ მუქარად შევაფასეთ!

ვიმედოვნებთ, რომ ეს სავარაუდო ანონიმური ფეხბურთელები, როგორც სტატიაში მოიხსენიება, არ წარმოადგენენ ამ კლუბს, რადგან ასეთი ქცევა ლახავს კლუბის ღირსებას. და თუ მართლა არსებობენ, ნამდვილად არ იმსახურებენ აქ თამაშს - ისინი არ იმსახურებენ თამაშს ამ კლუბის სახელისთვის, არ უნდა ატარებდნენ ამ კლუბის ფერებს, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ცილისმწამებლებს ჩვენს გუნდში - ტექსტის სხვადასხვა ნაწილი რომ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს ბოლოსწინა აბზაცში ყველაზე აშკარაა. პირველ ნახევარში ეწერა, დაუდასტურებელი ინფორმაციააო, ახლა ანონიმური ფეხბურთელები არიანო... ჯერ ერთი, ჩვენს სტატიაში არსად ყოფილა აღნიშნული, წყარო ფეხბურთელი იყო, თანამშრომელი, "ტორპედოს" ბაზის თავზე მფრინავი ჩიტი თუ მეგი სანებლიძე. ტექსტის ავტორმა დაუდასტურებლად დაადო ხელი ფეხბურთელებს და მათ ცილისმწამებლები უწოდა და განაცხადა, რომ სიმართლის მთქმელის ადგილი "ტორპედოში" არ არისო.

ვინ ვის ცნობს, ეს კიდევ სხვა საკითხია, თუმცა, თუ ვინმე განტევების ვაცის ძებნას დაიწყებს, მას მედიასა და ფეხბურთელებს შორის ვერ იპოვის.

საერთო ჯამში, ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიასა და გუნდის ფეხბურთელებზე თავდასხმა, რაც მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა.

sportall.ge შექმნის დღიდან ქართული სპორტის სამსახურშია. არაერთი სტატია და მასალა მოგვიმზადებია ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ, არაერთი სიხარული გაგვიზიარებია და შეგვიტყობინებია საზოგადოებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ქუთაისური კლუბის სათავეში, ჩვენი გამოცემა ყოველთვის სიხარულით გაგაცნობთ "ტორპედოს" შესახებ დადებით ინფორმაციას და იქ არსებული პრობლემების შესახებ გულისტკივილით შეგატყობინებთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვენი საიტის პუბლიკაციები რატომ ეხვევა ცალმხრივად გაშუქების მცდელობებში?? კლუბი ამბობს მსგავსი არაფერი ყოფილაო და გინდა თუ არა საპირისპიროს ამტკიცებთ!! მაგარი გათქვეფილი ხართ სპორტულ სამყაროში, ამიტომ ნეიტრალური გამშუქებლის ფუნქცია და იდეა დაკარგული გაქვთ არადა მედიისთვის ნეიტრალური გამშუქებელის მოვალეობა მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. სპორტალი ჩვეულებრივი მხარეა ბევრ საკითხში. დაახლოებით ამდაგვარი ტექსტი დავწერე და და პირველ ჯერზე არ გამოაქვეყნეთ :)))))
aguli_11
18 ნოემბერი 2020 10:32
3
ქუთაისლებო,ფაბიო რაფერ გყავთ სიმონ?
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი
17 ნოემბერი 2020 12:47
9
ტორპედო რომ ამ დღეში არის ეს ქართული ფეხბურთის კიდევ ერთ სიღრმისეული კრიზისისზე მიანიშნებს. გამოდის რომ ისტორიული პოპულარული გუნდი უცებ შეიძლება პირდაპირ გაქრობის საფრთხის წინ ისე აღმოჩნდეს რომ ამას ვერანაირი პუნქტი ბარიერი ვერ აკავებდეს ან გნებავთ არ აკონტროლებდეს. ტორპედო არ იყო ბოლოს ქართული კლუბებიდან ვინც 2018 წელს ევროპა ლიგის პლეიოფში რომ გააღწია და მაშინ ნამუსი მოწმინდა პერმანენტული მარცხებით გადაღლილ ჩვენ საკლუბო ფეხბურთს, და ქართველ გულშემატკივარს რაღაცის იმედი რომ გაუჩინა, შემდეგ იმის მაგიერ კიდევ ის შემადგენლობა რომ შენარჩუნებულიყო და ერთი ორი კვალიფიციური ფეხბურთელით შევსებულიყო გუნდი მომდევნო წელს უდიდესი ალბათობით ევროტურნირის ჯგუფში შევიდოდა. ეს იმიდანაც ჩანდა შიდა ჩემპიონატში მაგ ფორმაციის ტორპედო ერთი თავით აღემატებოდა დანარჩენ გუნდებს და ცალი ფეხით ამარცხებდა სუყველას . ამის შემდეგ იმ ფორმაციის ტორპედო უცაბედად დაიშალა თუ (დაშალეს ხელოვნურად ეს კიდევ საკითხავია) ამან ქართულ ფეხბურთს და განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთს გამოუსწორებელი დარტყმა რომ მიაყენა ეს ნათელი იყო, გავიდა მის მერე სხვა კლუბები და პანტიპუნტად დაიფინეს ევრო ტურნირებზე პირველ მეორე ეტაპებზე. ამიტომ საჭირო არის ვინც იქნება კლუბის სათავეში ეხლა მანინო თუ შემდეგ სხვა ინვესტორი, ნათელი და გამჭირვალე იყოს მისი მხრიდან ყველაფერი. და ინვესტორი იყოს არა აფიშა მხოლოდ სიტყვა "ინვესტორი" არამედ რეალურად დააბანდოს ფული კვალიფიციური მენეჯმენტით ნაბიჯნაბიჯ გამართოს გუნდი და თვითონაც სარგებელს ნახავს ამით, და თუ არ უნდა აქედანვე უნდა დააფიქსიროს ზედმეტი მიკიბმოკიბვის გარეშე. მიზანი ამ ეტაპზე არის ხომ რო ამ ღრმა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს უმტკივნეულოდ ეს გუნდი, საცოდავობაა საქართველოს 10 გუნდიან წყალწაღებულ ლიგაში დიდი ტრადიციების, მისი ურიცხვი თავზეხელაღებული ფანების საყვარელი კლუბი ტორპედო ქუთაისი დასარჩენად იბრძოდეს. ეს სირცხვილია ქართული ფეხბურთის და ვიმეორებ ქართული ფეხბურთის ავადმყოფობის კიდევ ერთი მთავარი სიმფტომია.
Dyonis
17 ნოემბერი 2020 11:53
0
თავდასხმად აფასებენ ბიჭები თურმე, ჟურნალისტებს კი ნუ დასდევთ კლუბს მიხედეთ.
Semi
17 ნოემბერი 2020 10:27
1
ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდი ქაოსია, ამაზე კლუბების ევროპის დონესთან საგრძნობი სხვაობაც მეტყველებს და ნაკრების დონეც! კლუბებში არეულობა, განუკითხაობა, ტყუილები და კორუფცია მძვინვარებს და პასუხის მომთხოვნი ორგანო საქართველოში არ არსებობს! ძალიან შორიდანაა რეფორმები დასაწყები! ჯერ სტადიონი ბაზა და ინფრასტრუქტურაა ასაშენებელი რიგ ქალაქებში, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს! ტალახში თამაში ნორმალურ ფეხბურთელსაც არ მოუნდება! ავიღოთ ბათუმის მაგალითი, გამართული ქალაქის გუნდის ყოლა კარგი სტადიონით ბევრ ინვესტორს მოუნდება! და ავიღოთ დანარჩენები, არა სტადიონი არა ბაზა, ვინ ინვესტორი მოინდომებს ასეთი კლუბის ყიდვას თან საქართველოში, რომელი ქვეყანაც არასდროს ყოფილა დიდ ტურნირზე, უსახელო ქვეყანა ვართ! უსახელოა ჩინეთი ყაზახეთი ემირატები ფეხბურთში მაგრამ მაინც მიმზიდველია და რატომ?! გარემოა მიმზიდველი! ბავშვთა ფეხბურთი ჯიგრულ პონტში მოხვედრილებითაა სავსე, ყველა იქედან იწყებს კარიერას, ყველაზე მარტივი ის ჰგონიათ და ამ დროს ყველაზე რთული ის არის, სპეციალურად გადამზადებაა საჭირო ბავშვებთან მუშაობისთვის, მაგრამ ეს ჩვენთან არ ესმით! ნუ მოკლედ ძაან ტრ..ში ვართ და იმდენი საქმეა თან მარა სახელმწიფო კი არა ფედერაციაც კი მუდმივად პოლიტიკაში და არჩევნებშია გადავარდნილი და ფეხბურთი ჰობია უბრალოდ და გვერდითი შემოსავალი!
ბასკი
17 ნოემბერი 2020 09:37
0
დაანებეთ თავი უაზრო კინკლაობას და თქვენ-თქვენ საქმეს მიხედეთ...
tngh
17 ნოემბერი 2020 09:37
5
არ ჩანს ეგ იტალიელი ნორმალური და კიდევ უფრო მეტ პრობლემას მოუტანს ამ კლუბს ვიდრე ეხლა აქვს. ეგ ისეთივე ბიზნესმენია როგორც მე ვარ ბარსელონას სელექციონერი.
ჯონი
17 ნოემბერი 2020 06:08
4
მიდი მიაწექი სპორტალ , და საერთოდ ყველას მომართ იყავით უფრო კრიტიკულები , მე მიყვარა ეს საიტი და სულ თქვენს გვერძე ვიქნები... უბრალოდ ზოგადად კიდევ უფრო მეტი კრიტიკა გმართებთ ზედმეტად კონსერვატიულები ხართ ... ამიტომ მოგვაჯდნენ კლუბებიც და ნაკრებებიც თავზე ... ამათ სულ კრიტიკა სჭირდებათ მუდმივ რეჟიმში ... არ იმსახურებენ მე შენ გეტყვი თუ რააა მიაწექით ყველას და ყველაფერს გამოააშკარავეთ ყველაფერი მე გთხოვთ რიგითი გულშემატკივარი... და დამიჯერეთ 5 წელიწასში სხვა რელობა იქნება ... იმას ეს ეწყინა ამას ეს ამოვიდა ყელში მაგათი კოჭის გორება ... არაფერს არ წარმოადგენენ ყველაზს უსირცხვილო ხალხია დღეს ფეხბირთში ...
bejo
17 ნოემბერი 2020 01:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული