გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი "დინამო თბილისის" ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გახლდათ, რომელმაც კლუბის სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა.
"ჩემი მიზანია, რომ გუნდში მოვიდეს 2-3 ძლიერი ლეგიონერი, რომლებიც გუნდში ამინდს შექმნიან, ვიდრე იყოს ბევრი ფეხბურთელი და უხარისხო.
ამ მოთამაშეების გარშემო გუნდი აეწყობა და მთავარი შემოქმედები სწორედ ისინი იქნებიან. ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან საუბარი უკვე მქონდა.
დასამალი არ არის, რომ ვესაუბრებით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსაც - იმ მოთამაშეებს, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან ხელშეკრულებები ამოეწურათ.
მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები. ბევრ მათგანს ურჩევნია კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს, მაგრამ
თუ ეს ვარიანტი არ გამოუვიდათ, შემდეგ გვეუბნებიან, თქვენ დაგიბრუნდებითო.
რა თქმა უნდა, არ დავივიწყებ აკადემიას. ვგეგმავ, რომ წარჩინებული და გამორჩეული მოთამაშეები დავაწინაურო და სწორედ იმ გამოცდილ მოთამაშეებს შევუწყვილო, ვის დამატებასაც ვაპირებთ.
არ მინდა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი დაიშალოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემს სქემაში რამდენიმე ფეხბურთელი არ ჯდება. ამიტომ მათი გაშვება მომიწევს, თუმცა მათ გვარებს ახლა ვერ დავასახელებ.
ჩემი სტილი იქნება შეტევა, თუმცა ისეც არ უნდა გავაკეთოთ, რომ მეტოქემ აქეთ კონტრიერიშზე დაგვიჭიროს და ამით ისარგებლოს ხოლმე.
გუნდი 4 იანვარს შეიკრიბება, შემდეგ კი, 20 იანვარს ანტალიაში გავემგზავრებით და იქ განვაგრძობთ მზადებას.
ვიცი, რომ აქ შედეგის დასადებად მოვედი. არავინ არ დამაცდის 2 და 3 წელს. გულშემატკივარს შედეგი ახლავე სჭირდება, რადგან ეს "დინამო თბილისია" და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე ჩემი გუნდი ყველა მოწინააღმდეგეს ისე ეთამაშება, თითქოს ჩვენ ლიგის ფინალი გვქონდეს", - ამბობს ნემსაძე.
წარმატებები დინამო თბილისს და ყველა ქართულ კლუბს!
p.s. არ გაბედოთ და ქუთაისის ტორპედო არ დაშალოთ!