ორივე გუნდი მატჩს წარმატებული სერიით შეხვდა - თუკი "სამგურალმა" სოსო ფრუიძის დაბრუნება ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დამარცხებით აღნიშნა, ხვიჩა შუბითიძემ "ლოკომოტივს" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო და წყალტუბოელებთან წარმატების შემთხვევაში, მისი გუნდი ეროვნულ ლიგაში მეორე საფეხურზე (სანამ კონკურენტებს უთამაშიათ) აინაცვლებდა. თბილისურმა გუნდმა ეს წარმატებით მოახერხა.
პირველი ტაიმი მაღალი ტემპითა და სახიფათო მომენტებით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა. საწყისი 45 წუთი, ძირითადად, "საბურთალოს" ბურთის კარნახში გაილია.
მე-16 წუთზე თბილისელებმა მეტოქის საჯარიმოში სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რაც დმიტრი მადრიჩენკოს გოლით დასრულდა. უკრაინელ ლეგიონერს ეროვნულ ლიგაში ჰეთ-თრიი უკვე შესრულებული აქვს, ეს მისი მეოთხე გოლი იყო.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იური ტაბატაძემ ეროვნულ ლიგაში მეექვსედ გაიტანა,(ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა), გიორგი ლაცაბიძემ კი შეხვედრაში მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "საბურთალო" ამ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 მადრიჩენკო (16), 2:0 ი. ტაბატაძე (51)
მომდევნო ტურში, 7 მაისს, "საბურთალო" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება, წყალტუბოელები კი "თელავს" მიიღებენ.