ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

საჩემპიონო დერეფანი და ბათუმელების დამაჯერებელი გამარჯვება წყალტუბოში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 35-ე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართა.

წყალტუბოს "სამგურალს" ბათუმის "დინამო" ჩემპიონის სტატუსით ესტუმრა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

მოგეხსენებათ, აჭარლებმა ტიტული მათი უშუალო კონკურენტის, თბილისის "დინამოს" ფეხის დაცდომის შედეგად მოიპოვეს ("სამტრედიასთან" 0:0), თავის მხრივ კი მასპინძლებს ეროვნულ ლიგაში ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. ამიტომაც ამ ყველაფერმა შეხვედრის ხასიათი განსაზღვრა.

ასე და ამგვარად, ბოლო ტურის წინ ბათუმელებს 74 ქულა აქვთ, 2021/22 წლების სეზონის დასკვნით შეხვედრას საკუთარ მოედანზე გორის "დილას" წინააღმდეგ გამართავენ.

წყალტუბოელები 41 ქულით მე-6 პოზიციას იკავებენ, 4
დეკემბერს კი ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდებიან. წყალტუბოელებისთვის სეზონი ამ მატჩით არ სრულდება. მოგეხსენებათ, "სამგურალი" საქართველოს თასის ფინალურ სტადიაზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე "საბურთალო" იქნება. შეხვედრა 8 დეკემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

"სამგურალი" - ბათუმის "დინამო" - 0:3

გოლები: 0:1 ჯაბა ჯიღაური (50), 0:2 გიორგი მარგველაშვილი (84), 0:3 ოლექსანდერ აზაცკი (88)

მეორე მატჩში ქობულეთის "შუქურამ" "საბურთალოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამ შეხვედრას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა: თუ სტუმრები დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებას შეძლებდნენ, ბოლო ტურის წინ მე-4 ადგილზე იქნებოდნენ და ასეც მოხდა... თბილისელები 54 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, დასკვნით შეხვედრაში კი დაქვეითებულ "სამტრედიას" უმასპინძლებენ.

მოგეხსენებათ, ქობულეთელებს 27 ქულა აქვთ და ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, ბოლო მატჩს კი 4 დეკემბერს, "თელავის" პირისპირ ჩაატარებენ.

"შუქურა" - "საბურთალო" - 1:2

გოლები: 1:0 მიშიკო სარდალიშვილი (72), 1:1 ოთარ მამაგეიშვილი (83), 1:2 ლუკა წულუკიძე (86)