გაიცანით სერია A-ს ქართველი ახალწვეული - ინტერვიუ გიორგი კვერნაძესთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY


ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წელს!

2023 წლის ივლისში გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს კლუბ "ფროზინონეში" გადავიდა!


2022 წლის სეზონის საქართველოს ეროვნულ ლიგაში 20 ტური გავიდა და ჩემპიონატში ერთადერთი თინეიჯერი ფეხბურთელია, რომელმაც გოლების გატანა მოახერხა. "თელავის" გარემარბმა გიორგი კვერნაძემ თავი საწყის 3 ტურში გამოიჩინა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გაუცდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, "ლოკომოტივთან" კიდევ ერთხელ გაიტანა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ნათამაშებ 397 წუთში 3 გოლი
დაუგროვდა. 187 სმ სიმაღლის შემტევი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია. ნიჭის დანახვა მის რამდენიმე მოძრაობაშიც შეიძლება. ამ სტატიაში კი ახალგაზრდა მოთამაშეს უფრო ახლოს გაგაცნობთ. 

გიორგი კვერნაძე 19 წლისაა. ის თბილისის გარეუბან ვარკეთილში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოჯახში კი 4-ნი არიან: გიო, დედ-მამა და უფროსი ძმა. გიორგის დედა პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამჟამად საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს; მამა კი შეიარაღებული ძალებში მსახურობს. ძმამ კი გიორგის პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, რადგან ოჯახში ყველაზე მეტად ფეხბურთი მას უყვარდა და გიორგი ვარჯიშებზე ხშირად დაჰყავდა. დღეს კი უკვე ფეხბურთში მთელი ოჯახია ჩართული. თამაშებს გიორგის ნათესავებიც უყურებენ, ყველაფერი კი 14 წლის წინ დაიწყო.

Sportall.Ge
"5 წლის ვიყავი, 6-ის ვხდებოდი, როცა ფეხბურთზე შემიყვანეს. ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდი, გართობის სხვა ფორმა ჩემთვის არ არსებობდა, ამ სპორტზე მეტად არაფერი მიყვარდა. თან ჩემი მეგობრები დადიოდნენ ფეხბურთზე, მეც ძალიან მინდოდა და მშობლებმა ჩვენთანვე ახლოს, ვარკეთილის საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანეს. იმ გუნდს "მერანი" ერქვა. პირველად ორკარა გვათამაშეს და მწვრთნელს მოვეწონე, რადგან ძალიან სწრაფი ვიყავი. მერე კი 2 წლით უფროსებშიც მათამაშებდნენ. საკმაოდ მალე, "ნორჩ დინამოსთან" გვქონდა თამაში. მათი მწვრთნელი გოჩა ხიტირი იყო, შემამჩნია და იმ გუნდში გადამიყვანა. 9 წლის ასაკში კი "საბურთალოში" კონტრაქტით გადავედი და პირველი ხელფასიც დამინიშნეს - 50 ლარი."

გიორგის საფეხბურთო კუთხით საკმაოდ გამორჩეული გემოვნება აქვს. მისი ასაკის მოთამაშეებისთვის საყვარელი ფეხბურთელი რონალდოა ან მესი, შესაძლოა ნეიმარი, მბაპე, თუმცა გიოს ყველაზე მეტად ანტონიო კასანო მოსწონდა.

"პატარა ვიყავი, მისი გოლები ტელევიზორში რომ ვნახე. ძალიან სწრაფი იყო, ტექნიკური, ლამაზი გოლები გაჰქონდა. რომ გავიზარდე, მასზე კიდევ უფრო მეტი გავიგე. ვიცი, რომ პროფესიონალიზმის მხრივ მისაბაძი მაგალითი ნამდვილად არაა, მაგრამ მისი მოძრაობები, პასები, დარტყმები დღემდე მომწონს. სხვათა შორის, ამის შესახებ იშვიათად ვამბობ ხოლმე, რადგან ძირითადად ჩემი ასაკის ხალხში ვტრიალებ და კასანო ძალიან ცოტამ იცის. თუ უფროსს ვეუბნები, ყველას უკვირს, რამ შეგაყვარაო."

ისტორიაში ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით, რომლებსაც ფეხბურთის ნიჭი ჰქონდათ, თუმცა ცხოვრება სხვა სფეროში წარმართეს. ალბერტ კამიუ მწერალი გახდა, ხულიო იგლესიასი - მომღერალი. ქართველი ბარიტონი ზურაბ სოტკილავაც ერთ დროს თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ცხადია, საქმეს, რომელსაც ირჩევ, თავდადება სჭირდება, რადგან სწორედ მსხვერპლშეწირვაა წარმატების საწინდარი. ცხადია, ჩვენს გმირს ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს არ ვადარებთ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მათემატიკის ნიჭი აქვს, სხვადასხვა ინტერესი, თუმცა ყველაფერს ფეხბურთს სწირავს.

"ბავშვობაში ჩემი ყოველდღიურობა სკოლა და ფეხბურთი იყო. დილით სკოლაში მივდიოდი, დავბრუნდებოდი თუ არა, გამოვიცვლიდი და ღამემდე ფეხბურთს ვთამაშობდი. ცუდად არ ვსწავლობდი, მაგრამ ფეხბურთზე მეტად არაფერი მიზიდავდა, ძალიან მიყვარდა, ბურთთან ერთად ვიძინებდი ხოლმე. მახსოვს, პირველი ბურთი ჩემმა ძმამ მაჩუქა. იმაზე საყვარელი ნივთი ჩემთვის არ არსებობდა. მართალია, მშობლები ჩემსავით ბედნიერები არ იყვნენ, რადგან სახლში ბურთით რაღაცებს ხშირად ვამტვრევდი, მაგრამ ეგუებოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ სწავლა არ მიყვარდა, პირიქით, ადრეულ ასაკში მათემატიკაზე ვგიჟდებოდი, გამოთვლები, ამოცანების ამოხსნები ძალიან მიზიდავდა. თუმცა, როცა ფეხბურთზე გადავერთე, კარგად სწავლა შეუძლებელი გახდა - საკმარისი დრო და ენერგია აღარ მქონდა. მაგრამ განათლების მიღებაზე უარი არასდროს მითქვამს, ახლაც ვსწავლობ უნივერსიტეტში, არქეოლოგიაზე ჩავაბარე და პირველი კურსიც დავხურე. ადამიანს სულ გინდა იმაზე მეტი იცოდე, ვიდრე იცი. ამიტომ ვცდილობ, როცა დრო მაქვს, რაღაცები ვნახო, რაღაცები წავიკითხო. სკოლაში ყოფნისას მასწავლებლებთან პრობლემები ხშირად მექმნებოდა, რადგან ვარჯიშების გამო გაკვეთილების გაცდენა მიწევდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს შრომას აფასებდნენ, იცოდნენ, რომ სკოლაში თუ ვერ მივდიოდი, დრო უსაქმურად არ გამყავდა. თან სკოლის გუნდში ვთამაშობდი, გუნდის კაპიტანი ვიყავი, ესეც იცოდნენ. გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგჯერ ამით მისარგებლია და გაკვეთილი გამიცდენია, მითქვამს, სკოლის გუნდის ვარჯიშზე მივდივარ, ტურნირისთვის ვემზადებით-მეთქი. მაგრამ ბევრჯერ არ გამიკეთებია."

Sportall.Ge








ბუნებრივია, მასწავლებლები ჩვენს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობენ. საერთოდ, მასწავლებლობა მხატვრობას ჰგავს, შენ ცარიელი ტილო გაქვს ან ოდნავ შევსებული, მაგრამ მასზე ნახატის შექმნა შეგიძლია. ალბათ ბევრს გინახავთ ინგლისის ნაკრების ფორვარდ იან რაითისა და მისი მასწავლებლის შეხვედრის კადრები. რომ არა სიდნი პიგდენი, იანის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, რაითი ფეხბურთს საერთოდ ვერ ითამაშებდა. სწორედ მან აგრძნობინა "არსენალის" ექსფორვარდს, რომ რაღაცას წარმოადგენდა, რომ საჭირო იყო. მწვრთნელებზე გიორგისაც ვკითხეთ...

"დათო ხიტირი იყო ჩემი მწვრთნელი "საბურთალოში". ამ ადამიანმა ძალიან დიდი მოტივაცია და თვითრწმენა მომცა. გამომდიოდა თუ არა კარგად თამაში, მაინც მათამაშებდა ხოლმე, ძალიან სჯეროდა ჩემი, მეუბნებოდა, რომ მომეთმინა და ბოლოს მაინც გამომივიდოდა. 16 წლის ვიყავი, U17 ნაკრებში ვთამაშობდი, როცა 10-ნომრიანი მაისური მომცა, თან ვიცე-კაპიტანი გავხდი, მაგრამ კაპიტანს ტრავმა ჰქონდა და თამაშების უდიდეს ნაწილში გუნდი მოედანზე მე გამყავდა.

Sportall.Ge








შემდეგ უკვე დუბლებში გადავედი, სადაც მწვრთნელი გიორგი ჭელიძე იყო. ისე მიეწყო, რომ ერთ პერიოდში ზედიზედ 3 თამაშში 3 გოლი გავიტანე, ჯერ "მეშახტეს" გავუტანე, შემდეგ "ვარკეთილთან" და მესამე ფოთის "კოლხეთთან" იყო. იმ მატჩში ზუსტად ისეთი ტრავმა მივიღე, როგორც ისლანდიასთან. გაათამაშეს თუ არა ბურთი ცენტრიდან, ეგრევე პრესინგზე წავედი, მცველს დავასწარი და ფეხში ჩამარტყა. მეხუთე-მეექვსე წამი იქნებოდა. მას მერე მთელი მატჩის მანძილზე ფეხი მტკიოდა, კარგად ვერ ვგრძნობდი. "ჭელომ" მაინც არ შემცვალა, 0:1 ვმარცხდებოდით და 91-ე წუთზე გავათანაბრე. მთელი შეხვედრა არაფერი გამომდიოდა, მაგრამ ბოლო წუთზე გავიტანე. მართალია, მას მერე 3 მატჩში აღარ მითამაშია, მაგრამ როგორც კი დავბრუნდი, პირველ გუნდში დამიძახეს. ხვიჩა შუბითიძე იყო მწვრთნელი. საოცარი ემოციები მქონდა, ძალიან გამიხარდა, რადგან სულ ამაზე ვფიქრობდი, რომ უმაღლეს ლიგაში უნდა მეთამაშა, იქ უნდა მოვხვედრილიყავი. თამაში ხშირად არ მიწევდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან დიდებთან ისეთი ახლო ურთიერთობა არ მქონდა, როგორც დუბლების ბიჭებთან, თუმცა მალე გავიარე ადაპტაციის პერიოდი, გუნდელებიც მეხმარებოდნენ. ამის შემდეგ სულ ძირითად გუნდთან ვვარჯიშობდი. თუ თამაში არ მომიწევდა, დუბლებში ვითამაშებდი.

ამ დროს უკვე თავის დამკვიდრებაზე ფიქრი დავიწყე. თუ იქამდე უბრალოდ ფეხბურთის თამაში მსიამოვნებდა და ოცნებები მქონდა, შემდეგ ეტაპზე უკვე რაღაცები შეიცვალა. ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ მეტ სათამაშო წუთს ვიმსახურებდი, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მინდოდა. საერთოდ, ბავშვობიდან ასეთი ვარ, ერთი საფეხურით მაღლა ასვლა არასდროს მაკმაყოფილებდა და ახლაც ასე ვარ, მინდა, რომ სულ წინ წავიდე, არ გავჩერდე, მეტი ვიშრომო და მეტს მივაღწიო."

Sportall.Ge
ცხადია, საინტერესოა, რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ მწვრთნელებს ფეხბურთელები, მაგრამ მასწავლებლების აზრი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზოგადად, მასწავლებლებს ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვთ და ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. თინეიჯერულ ასაკში, როცა ახალგაზრდის ფსიქიკა იმპულსურია, მასწავლებლის დამოკიდებულებას და 1 სიტყვასაც კი მისი დადებითი ან უარყოფითი გზით შეცვლა შეუძლია. სამწუხაროდ, სტერეოტიპებს ვერც მასწავლებლები გაექცევიან ხოლმე, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანებზე დადებით ზეგავლენას ახდენენ, თვითრწმენასა და თავდაჯერებულობას აძლევენ. ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი ჩვენი გმირისთვის გიორგი ჭელიძე იყო, მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში ბევრისთვის უნდა მიეღწია, თუმცა რიგი მიზეზებით უმაღლესი დონის ფეხბურთის დიდი ხნით თამაში ვერ შეძლო.

"გიო ჩვენთან, "საბურთალოს" აკადემიაში გაიზარდა. ისეთი სისწრაფე და მოძრაობები ჰქონდა, რომ მისი ვერშემჩნევა გამორიცხული იყო. მე როცა "საბურთალო 2"-ის მწვრთნელად დავინიშნე, მაშინ ის ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიყავით, ლიგიდან გავარდნა გვემუქრებოდა. ერთხელაც გურიაში თამაშზე გიო წავიყვანე, ალბათ, რაღაც ვიგრძენი, გარდა იმისა, რომ ეს დაიმსახურა. მართალია, წავაგეთ, მაგრამ გოლი გაიტანა. მას შემდეგ კი დიდი ხანი კარსაც ვერ უახლოვდებოდა. მიუხედავად ამისა, არ ნებდებოდა, საწვრთნელ პროცესში ბოლომდე მომყვებოდა. შენიშვნას არასოდეს იღებს ცუდად, ყოველთვის გისმენს და საოცარი იღბალი აქვს, ისეთ მომენტში მოხვდება სწორ ადგილას, გავა ერთი-ერთზე, რომ ამის სწავლა შეუძლებელია, ეს ღმერთმა უნდა მოგცეს და მას ჩვენ საფეხბურთო იღბალს ვეძახით. შეუძლებელია ასეთმა მოთამაშემ იმედები არ გაგიმართლოს და ათამაშდა კიდეც. როცა "თელავში" დავინიშნე, ძალიან მინდოდა მისი იჯარით აყვანა და გამოვიდა კიდეც. შედარებაც არ შეიძლება, ახლა ძალიან მოტივირებულია, ძალიან ბევრს შრომობს და ვარჯიშობს. რომ არა ნაკრებში მიღებული ტრავმა, დარწმუნებული ვარ, ახლა ბომბარდირთა რიცხვში იქნებოდა. მასში ჩემი თავი დავინახე, ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი მოქმედებები. სულ ერთსა და იმავეს ვეუბნები, რომ ძალიან ბევრ რამეზე თქვას "არა"! უნდა თქვას: "არა, ვერ წამოვალ!", "არა, ვერ დავლევ!", "არა, ვერ გავერთობი, ვერ წამოვალ!" ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, რადგან რასაც ახლა მოიკლებს, მომავალში 100-მაგად დაიბრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩემსავით შეიძლება დაწყდეს გული. წარმატებისთვის ყველაფერი აქვს. მთავარია, ბევრი იშრომოს და ბევრი გოლი გაიტანოს. ოცნებების ახდენა ამას მოჰყვება."

ამაზე პასუხის გიოსაც აქვს: "დღეს უკვე უარის თქმა არაფერზე მიჭირს. ვიცი, რომ ადრე უნდა დავიძინო, ღამით კლუბებში არ ვიარო, ალკოჰოლის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. სანამ აქამდე მოვიდოდი, ოჯახი ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით, ჩემი ძმა. როცა პატარა ხარ, ძალიან რთულია ბევრ რამეზე უარის თქმა, თუნდაც კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე ან მეგობრის დაბადების დღეზე წასვლაზე, გართობაზე. მაგრამ წარმატების მიღწევის გზა სასიამოვნო გასავლელი არაა და მსხვერპლიც ბევრია საჭირო, რაც უკვე გავიაზრე. საუკეთესო მაგალითი კრიშტიანო რონალდოა. ნამდვილი რობოტია. თითქოს წარმოუდგენელი ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ რატომ, თუ სხვა ახერხებს პროფესიონალად ცხოვრებას და უამრავ რაღაცაზე უარის თქმას, მე რატომ ვერ უნდა მოვახერხო?! შეიძლება ძალიან ამპარტავნულად ჟღერს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მე ასეთი განწყობა მაქვს. შესაძლოა ვიღაცის ნიჭმა გაამართლოს, ვიღაცის არამ, მაგრამ პროფესიონალიზმი და საკუთარ საქმეზე მთელი გულით კონცენტრირება არასდროს გაგიცრუებს იმედებს. ფეხბურთი სამართლიანი სპორტია, რამდენსაც მისცემ, იმდენს მოგცემს. "თელავში" გადასვლა უფრო მეტად დამეხმარა.

დუბლებში დარჩენა ემოციურად მომკლავდა, რადგან როცა მეორე გუნდში ხარ, იმაზე ფიქრობ, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშო. როცა უმაღლესში თამაშობ, უკვე სხვა მიზანი გაქვს, საკუთარ თავს სხვა მოთხოვნებს უყენებ, სხვა მოტივაციით თამაშობ. ხვდები, თუ კარგად წარმოაჩენ თავს, შანსი გაქვს, მალე უფრო ძლიერ გუნდსა და ჩემპიონატში მოხვდე. იაზრებ, რომ ბავშვად ყოფნის უფლება აღარ გაქვს და ბავშვური ოცნებების იმედად ვეღარ იქნები. წინასწარ არც კი მიფიქრია, ისე სწრაფად შევიცვალე და სულ სხვა ადამიანი გავხდი: გაცილებით პროფესიონალი, გაცილებით მიზანსწრაფული, საქმეზე გაცილებით ორიენტირებული. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, ფეხბურთისთვის სულ ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ ახლა თითქოს სამჯერ მეტი ენერგია მომეცა, რომ იმაზე სამჯერ მეტი ვაკეთო, რასაც ადრე ვშვრებოდი."

ბუნებრივია, ახალგაზრდულ ასაკში ყველა ფეხბურთელს რამდენიმე ოცნება აქვს: ითამაშოს ტოპ-კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში, გაიტანოს გოლები. ტოპ-კლუბი ჩვენი სტატიის გმირის მიზანია, ნაკრების მაისური კი - უკვე ამოხსნილი ამოცანა. 19 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრა ნაკრებსა და უმაღლეს ლიგაში, ასევე, პირველ გუნდში გატანილი სადებიუტო გოლი გაიხსენა.

Sportall.Ge









"უნდა ვაღიარო, რომ U17 ნაკრებში დებიუტი კარგი არ გამომივიდა. ტრავმის მერე შეკრებაზე უვარჯიშებელი მივედი და 10-15 წუთი ვითამაშე, ვერც გოლი გავიტანე და კმაყოფილიც არ ვყოფილვარ. შემდეგ უკვე U19-ში გამომიძახეს. პირველი მატჩი აზერბაიჯანთან გვქონდა. იმ შეხვედრაში გოლი გავიტანე და პენალტიც მოვიპოვე. ნაკრების შეკრებიდან რომ დავბრუნდი, ეგრევე გუნდს შევუერთდი და უკვე უმაღლეს ლიგაში მქონდა დებიუტი, თან "დინამო თბილისთან", "დინამო არენაზე". ემოციები ერთმანეთში აირია, თან ვნერვიულობდი, თან მიხაროდა. პირველი გოლი კი უმაღლეს ლიგაში წელს გავიტანე, "სიონთან". რომ დავარტყი და გოლი გავიდა, ირგვლივ ვერავის ვხედავდი, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი, არაამქვეყნიურად გამიხარდა. ბოლოს ტრიბუნაზე მყოფი ჩემი ძმა შევნიშნე და მასთან მივირბინე. ის და მისი ძმაკაცი ჩემ საგულშემატკივროდ იყვნენ ჩამოსულები. ადრე თამაშებამდე და თამაშების დროსაც ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი დამშვიდდა. როცა გრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, ვიღაცას სჭირდები, უფრო თავისუფლად ხარ, უფრო მეტს ინდომებ, უკეთესად თამაშობ. "თელავში" ეს ვიგრძენი და მათი ძალიან მადლობელი ვარ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთელისთვის ყველაზე რთულია, ტრავმირებული შენი გუნდის თამაშს უყურებდე. ვერ წარმოიდგენთ, რა მემართებოდა, "თელავის" მატჩებს რომ ვუყურებდი, მინდოდა იქ ვყოფილიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა, ლამის მოედანზე კოჭის გარეშე შემერბინა. შარშან თასის ფინალში "საბურთალოს" განაცხადში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ კოვიდი დამემართა. შეიძლება არც მეთამაშა, მაგრამ ტელევიზორთან ცუდად გავხდი, ისეთი ემოციები მქონდა.

ცოტა ხნის წინ მიღებული ტრავმა მტკივნეული იყო, ელიტრაუნდში თამაში და გუნდისთვის დახმარება ძალიან მინდოდა. მხოლოდ მე-19 წამი იყო, გავისწორე ბურთი და მაშინ ჩამარტყა. არ ვიცი, წინათგრძნობა იყო თუ არა, მაგრამ თამაშისწინა ვარჯიშზე ორივე კოჭი დავიფიქსირე, თორემ უეჭველი ფეხს მომტეხდა. გული კი მწყდება, რომ 2 თვემდე გამოტოვება მომიწია, მაგრამ რომ ვფიქრობ, შეიძლებოდა ოპერაცია დამჭირვებოდა და 5-6 თვე ვერ მეთამაშა, მცირედით ეგ მამშვიდებს. თუმცა მაშინ ეგ არ მოქმედებდა, რომ შემცვალეს და კარს უკან მოვდიოდი, მაისური მქონდა სახეზე აფარებული, რათა არ დაენახათ, როგორ ვტიროდი... თამაშის უდიდესი მოტივაცია მქონდა, მთელი სხეულით მინდოდა, ამდენ ხანს ვემზადებოდი ამ ეტაპისთვის, გუნდს ვერ ვეხმარებოდი... მოკლედ, ყველა ფიქრმა და ემოციამ ერთად შემომიტია."

Sportall.Ge











ფეხბურთი ემოციების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ შედეგი რაციოთი მოდის. შენ დადებით ემოციებს მას შემდეგ მიიღებ, რაც გონებით დასახულ გეგმას სწორად შეასრულებ და მიზანს მიაღწევ. მიზნის მიღწევა თავდაჯერების მთავარი საფუძველია და როცა ადამიანს საკუთარი თავის რწმენა აქვს, მას მთის გადადგმაც შეუძლია. ამ გზაზე კი გიორგის სწორი გეგმები უკვე აქვს.

"წლევანდელ სეზონში 10 გოლის გატანა დავისახე მიზნად. 5 ასისტიც თუ მექნება, ძალიან კარგი. ეს თამაშები რომ არ გამომეტოვებინა, შესაძლოა, უფრო მეტის ამბიცია მქონოდა, მაგრამ რას ვიზამთ. მიმაჩნია, რომ პროფესიონალურ დონეზე პირველი სრულყოფილი სეზონის მერე თუ 15 შედეგიანი მოქმედება მექნება, სავსებით ნორმალური და მეტიც, კარგიც კი იქნება. მიმაჩნია, რომ თუ ასეთი სტატისტიკა ვაჩვენე, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოხვედრას შევძლებ. სანაკრებო მიზანი ეს მაქვს და ამას "თელავში" კარგი თამაშით უნდა მივაღწიო. ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდი ტურნირი ტარდება, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 21-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო. ეს მიზანია, ოცნებად კი ეროვნულ გუნდში თამაში მაქვს. მინდა იტალიასთან, ინგლისთან ან ესპანეთთან მქონდეს დებიუტი. შეიძლება მოედანი საღ ჭკუაზე ვერ დავტოვო, მაგრამ თითოეული წამითაც უბედნიერესი ვიქნები. მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად სტატისტიკა უნდა გავაუმჯობესო, მეტად შედეგიანი ვიყო, ფიზიკურ მომზადებაში მოვუმატო და რაც მთავარია, თამაში უნდა დავასტაბილურო, რაც ამ ასაკში, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ თუ მინდა, რომ ბევრს მივაღწიო, ეს უნდა შევძლო. შეიძლება ყველა თამაშზე ვერ მოვუმატო, მაგრამ არ უნდა მოვუკლო და წინა კვირის თამაშის დონე მაინც უნდა შევინარჩუნო."

სათამაშო დონესთან ერთად განვითარებას დისციპლინაც ძალიან უწყობს ხელს. ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, რამდენიმე მატჩი გამოტოვა და სულ სხვა ფორმაში დაბრუნდა. ბევრს სეზონიც კი ჩაუვარდა ემოციების გაუკონტროლებლობის გამო. გიორგის კი ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს, ისიც ერთ-ერთ სადებიუტო მატჩში ბოლო წუთზე მიიღო, მეტოქე კი მოედნიდან გააგდებინა.

"აგრესიული ფეხბურთელი ან პიროვნება არასდროს ვყოფილვარ, არც კონფლიქტური. არც სხვა ფეხბურთელთან მიჩხუბია, არც მსაჯთან. წითელი ბარათი არასდროს მიმიღია, ყვითელიც სულ რამდენჯერმე მივიღე. უაზრო კამათი და ამაში დროისა და ენერგიის დახარჯვა არ მიყვარს, ეს არაა ჩემი საქმე. მირჩევნია ბურთი ვითამაშო და საკუთარი შესაძლებლობები ამით ვაჩვენო. ხასიათის ამბავია ალბათ, მე ასეთი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სიფიცხე მაქვს, ემოციების კონტროლი შემიძლია. რაც დრო გადის, ამას უკეთესად ვახერხებ. მოედანზე არც ჩხუბისთავი ვარ და არც უპატივცემულოდ ვექცევი ვინმეს, მსაჯთანაც არასდროს ვკამათობ."

Sportall.Ge


ალბათ, ყველა ჩვენგანს უოცნებია ბავშვობაში ტოპ-კლუბში მოხვედრაზე. შემდეგ გემოვნება იხვეწება, ნელ-ნელა ღირებულებების პატივისცემა შემოდის გონებაში. მერე უკვე ხვდები, რა და რატომ მოგწონს. ცხოვრებაში ორიენტირს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - იცი, საით მიდიხარ, რისი მიღება გინდა.

"ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგასა და იტალიის სერია "ა"-ში თამაში მინდა. სულ სხვანაირი ფანატიკოსები არიან. შეიძლება 100 000-იან სტადიონზე რომ გავიდე, საერთოდ ვერ ვითამაშო, მაგრამ არ მეშინია. პირიქით, ამას ისე ვუყურებ, როგორც უდიდესი სიამოვნების წყაროს. საყვარელი კლუბი "მილანია", რისი მიზეზიც ბევრია. პირველ რიგში, კახი კალაძის ფაქტორი მოქმედებს. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, თან კახის მსგავსად, მეც სამტრედიელი ვარ. ოჯახის წევრები იხსენებდნენ, როცა კახის გაცილების მატჩი იყო, მე ვთქვი, კალაძე მიდის და კვერნაძე მოდის-მეთქი. როცა ვიზრდებოდი, კახის ვიდეოებს ხშირად ვნახულობდი. ვფიქრობდი, თუ მან მოახერხა ასეთი დონის ვარსკვლავების გვერდით თამაში, მეც მინდა-მეთქი. შეიძლება გადაჭარბებული ამბიციაა, მაგრამ მგონია, ცუდიც არ უნდა იყოს. თან იმ "მილანში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომელთა სტილიც ძალიან მომწონს. კაკა, რონალდინიო, შევჩენკო, რუი კოშტა, პირლო - უდიდესი შემოქმედები იყვნენ. ზუსტად ამიტომ მომინდა, რომ ერთხელაც შავ-წითელი მაისური მეც ჩავიცვა. მაგრამ იქამდეც ვგულშემატკივრობ "როსონერის".

სამწუხაროდ, ხშირად თამაშებს ვერ ვუყურებ, რადგან გვიან არის და ამ დროს მძინავს, მაგრამ გუნდი ჩემპიონი გახდა, რაც ძალიან მახარებს, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ და მგონი, სწორი დროა "მილანში" გადასასვლელად (იცინის). თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ინგლისში არანაკლებ სიამოვნებით ვითამაშებდი. კლუბს არ აქვს მნიშვნელობა, ბრიტანული გარემო ძალიან მიყვარს."


გიორგის პასუხებიდან ადვილად მიხვდებით, რომ სტანდარტულ ახალგაზრდა ფეხბურთელთან საქმე არ გვაქვს, ისეთთან, რომელზეც უამრავი ხუმრობა და თუ სტერეოტიპია. არ დაგიმალავთ, პასუხების მოსმენისას ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რადგან 19 წლის ადამიანის კვალობაზე, გიო საკმაოდ განათლებულია და არც ინტელექტის ნაკლებობას უჩივის, პირიქით, ძალიან ერუდირებულიცაა. ამას გართობის შესახებ დასმული კითხვიდანაც ადვილად დაინახავთ.

"ვერ ვიტყვი, რომ გართობის განსაკუთრებული ფორმები მაქვს. მეგობრებთან ერთად კომპიუტერული თამაშებით გამყავს დრო, ზოგჯერ მინი-ფეხბურთსაც ვთამაშობ, ფილმებს ვუყურებ, სერიალებს, წიგნებს ვკითხულობ. სხვათა შორის, ახლა შოთა არველაძის წიგნის კითხვა დავიწყე, თუმცა, ძირითადად, მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ. სერიალებიდან კი "სამეფო კარის თამაშები" ძალიან მომწონს. ბოლო სეზონში მუსიკის გარდა არაფერი მომეწონა, მაგრამ მაინც. "გაქცევა" ძალიან მიყვარს, "ფერფლის სახლი", "ფარგო", "შავი სარკე". რაც უფრო ვიზრდები, მგონია, რომ გემოვნებაც მიუმჯობესდება, რაც ძალიან ლოგიკური ჩანს. ფილმებს რაც შეეხება, ქართული და იტალიური კინო მიყვარს. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ ოთარ იოსელიანის ფილმებზე ვგიჟდები, ძალიან, ძალიან მომწონს. რეზო ესაძე სასწაული რეჟისორი იყო; გიორგი დანელიას ფილმები მიყვარს; ელდარ შენეგელაიასიც. საყვარელი ქართული კინო, ალბათ, "ცისფერი მთებია"; "არაჩვეულებრივი გამოფენაც" მიყვარს, "ერთი ნახვით შეყვარება", "გიორგობისთვე"... იტალიელებიდან კი განსაკუთრებით პაზოლინი და ბერტოლუჩი მომწონს. სხვათა შორის, მათ შესახებ ერთხელ სტატია წავიკითხე, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარდათ და ხშირად თამაშობდნენ. სიმართლე რომ გითხრათ, ამის მერე დავინტერესდი მათი შემოქმედებით. მახსოვს, პირველად "უკანასკნელი იმპერატორი" ვნახე და იმდენი ვიტირე... იმასაც ვაღიარებ, რომ სალოს ნახვა ბოლომდე ჯერ ისევ ვერ შევძელი, ვერ ვახერხებ ასეთი სისასტიკის ყურებას... ჰოლივუდური ფილმებიც მიყვარს. ტარანტინოს რამდენიმე ფილმი, სკორსეზეს შემოქმედება. ბოლოს ლარს ფონ ტრიერის "სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა" ვნახე. ემოციებიდან დიდი ხნის მანძილზე ვერ გამოვდიოდი, რთული იყო თვალის მიდევნებაც კი.

გარდა ამისა, მოგზაურობის დიდი სურვილი მაქვს. იმდენი ადგილის ნახვა მაინტერესებს, ფიქრებშიც კი არ ვიცი, როგორ დავალაგო. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მოგზაურობას სამხრეთ იტალიიდან, მისი სანაპიროებიდან და ძველი ქალაქებიდან დავიწყებ. რომი ისე არ მაინტერესებს, როგორც სამხრეთი იტალია. ასევე ძალიან მსურს ახალი ზელანდიის ნახვა. ვიდეოები რომ მინახავს, ულამაზესი ქვეყანაა, არაბუნებრივად ლამაზი. იგივე შემიძლია ვთქვა ნორვეგიაზე, მაგრამ ნორვეგია ბუნებით, გარკვეული კუთხით მაინც, საქართველოს ჰგავს, მაგრამ ცხადია, უფრო მოწესრიგებულია. ასევე ძალიან მაინტერესებს სამხრეთ ამერიკის ნახვა, ანდების მთებში მოგზაურობა. იმედი მაქვს, რომ ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილის ნახვას მოვახერხებ."

იურგენ კლოპმა თქვა, რომ წაგება ხასიათს ცოტა ხნით მიფუჭებს, რადგან ცხოვრებაში ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი რამ არისო. ბუნებრივია, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ როცა ამას ის ადამიანი ამბობს, რომელმაც სახელი ფეხბურთით გაითქვა, მეტად დასაფასებელია. ენერგიისა და ცხოვრების წყურვილის წყარო ბევრია, მიზანი კი თითქოს ადამიანებს საუკუნის მანძილზე არ შეგვცვლია, მხოლოდ ფორმები განსხვავდება. ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მთავარია ადამიანი ჰარმონიული არსება იყოს, რომელიც გარე სამყაროში თავს მშვიდად და ლაღად იგრძნობს.

"ცხოვრებაში მსურს ბედნიერი ვიყო. ახლა, ამ ეტაპზეც ბედნიერად ვგრძნობ თავს, ფეხბურთი ძალიან მაბედნიერებს, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში რაღაცები შეიცვლება და ბედნიერებისთვის საჭირო ფეხბურთზე მეტი რამ იქნება. ბუნებრივია, მინდა, რომ ოჯახი, ახლობლები, მეგობრები კარგად მყავდეს, თუ დასჭირდათ, მათი დახმარება შემეძლოს. ისე კი, ბევრჯერ მიფიქრია, მიოცნებია, რომ არა მხოლოდ ჩემი ახლობლების, ყველა ადამიანის დახმარება შემეძლოს. ჯადოსნური ჯოხის მსგავსი რამ რომ არსებობდეს და ვიღაცამ 1 წუთით მომცეს, დედამიწაზე სიღარიბეს გავაქრობდი, ყველა ადამიანს ჯანმრთელად ვაქცევდი. განსაკუთრებით უსამართლო მგონია, რომ ბავშვებს ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება, ზოგს საჭმელიც კი არ აქვს. ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს, როცა ქუჩაში მათხოვარ ბავშვს ვხვდები. ბავშვებს ეს არ უნდა უწევდეთ და მერე ვხვდები, რამხელა ფუფუნება იყო ის, რასაც მშობლები მაძლევდნენ და ჩემთვის თავს არ ზოგავდნენ.

Sportall.Ge








მორწმუნე ვარ, ღმერთის რწმენა ძალიან მეხმარება, მეტ თავდაჯერებას მაძლევს. 2 ჯვარი მაქვს. მათ მხოლოდ თამაშის დროს ვიხსნი, თუმცა ღმერთი არასდროს მტოვებს. მჯერა, როცა მიჭირს, დამეხმარება. ეკლესიაში ყოფნა ძალიან მამშვიდებს, თუმცა ღმერთს მოსვენების საშუალებას მე არ ვაძლევ, სულ რაღაცას ვთხოვ. არაფერს რომ ვაკეთებდე, მაინც რაღაცას ვთხოვ. მაგრამ ვიცი, რომ თხოვნა და რწმენა საკმარისი არ არის. მიზნების მისაღწევად სწორად ცხოვრება მჭირდება. წარუმატებლობა სხვას არ უნდა დააბრალო, უნდა დაინახო, თუ კარგად ვერ ითამაშე, იმიტომ, რომ ღამე გაათენე, დროზე არ დაიძინე, ვარჯიში დააკელი, რაღაც დაგეზარა. ღმერთი სამართლიანია, რამდენ სწორ ნაბიჯსაც გადადგამ, შენთან იმდენი წარმატება მოვა. ვარჯიშზე უარს არასდროს ვამბობ, ჩემპიონთა აკადემიის დარბაზში დიდი ხანი დავდიოდი, თამაშის მეორე დღეს სახლში სულ ვვარჯიშობ. ისედაც, თუ ცუდ ხასიათზე ვარ ან საკმარისად ენერგიულად ვერ ვგრძნობ თავს, ვარჯიშს ვიწყებ და ძალიან მეხმარება."

ინტერვიუს ბოლოს კი ახალგაზრდა ფეხბურთელს მისი ასაკისთვის შეუფერებელი, ერთგვარად ეგზისტენციალური შეკითხვა დავუსვი და პასუხიც საკმაოდ მოულოდნელი მივიღე, რასაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, 19 წლის თინეიჯერისგან არ ელოდები.

"ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ ცხოვრებაში წამოდგომა უნდა შეგეძლოს. აუცილებლად წაიქცევი და საკუთარ თავში ძალა სულ უნდა იპოვო. შეიძლება უცებ ძალიან მაღლა აფრინდე და ძირს უცებ დაენარცხო. ამას უნდა გაუძლო. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ ძალიან მიყვარს. ისე მინდა დიდი ფეხბურთი ვითამაშო, რომ ამით მიღებულ ბედნიერებას ვერაფერი ჩამინაცვლებს. სულ მილიარდერი რომ გავხდე, ისეთი ბედნიერი მაინც ვერ ვიქნები, რა სიხარულსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მომანიჭებს. ასევე, მინდა ოჯახი გავახარო. მე რომ ფეხბურთი მეთამაშა, მათ ბევრი მოიკლეს და ახლა ჩემი ეიმედებათ. მინდა ეს იმედები გავუმართლო. თან, არ დაგიმალავთ და პოპულარობაც ძალიან მიზიდავს. შეიძლება ეს ბავშვურ-თინეიჯერული ხედვაა, მაგრამ მომწონს, როცა ბევრი ადამიანი შენ მიმართ სიმპათიას გამოხატავს. ფეხბურთთან დაკავშირებული თითქმის ყველაფერი მომწონს: სავსე სტადიონი, გასახდელი, სულ ყველაფერი. მახსოვს, დათო ხიტირმა უმაღლესი ლიგის თამაშზე წამიყვანა, მაჩვენა, როგორ ემზადებოდა გუნდი თამაშისთვის, გასახდელში რა ხდებოდა. მაშინვე დავისახე მიზნად, რომ იქ მოვხვედრილიყავი და 2 წლის შემდეგ მოვხვდი კიდეც. ოცნებად საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაში მაქვს, მინდა მშობლიური ნაკრების მაისურით გადაჭედილ სტადიონზე გოლი გავიტანო. შემდეგ კი, დრო რომ გავა, მინდა ჩემი სახელი ამ სპორტს შემორჩეს, მინდა თქვან, რომ გიორგი კვერნაძემ ფეხბურთს საკუთარი ცხოვრება მისცაო."

სტატიაში გამოყენებულია სკ "თელავისა" და სკ "საბურთალოს" ფოტოები

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს კარქი ბიჭია მაგრამ სომხეთში არის ჰარუსტუმიანცი 17 წლის ბავშია და მალე ეგ მსოფლიოს გააგიჟებს.პუნიკში ძირითადში თამაშობს.3 ზალატოი მიაჩს მაინც აიღებს.მაგარი თაობა ყავს სომხეთს.სპერციანი ბაგდასარიანი და კიდევ სხვები.წარმატებები საქართველოსაც.
Robert22
07 ივლისი 2023 03:57
1
Ნუ გერიდება ძმა ჩამოთვალე .იქედან დაიწყე ნოეს კიდობანს როგორ დახვდით სომხები არარატზე კიდევ ქრისტე რომ სომეხი იყო არ გამოგრჩეს .ანბანი როგორ შეუქმენით ქართველებს თბილისი როგორ ააშენეთ ვეფხისტყაოსანიც ჩააკვეხე სადმე რომ თქვენია.და კიდევ უამრავი მიისაკუთრეთ რა გენაგვლება ვინ გიმოწმებს..დავაი განი..
Გიო
03 აგვისტო 2023 04:01
0
რა აჯიოტაზი უნდა მოყოლოდა ერთი დამწყები ფეხბურთელის იტალიურ მაჩანჩალა გუნდში გადასვლას,მართალი გითხრათ მე გამიკვირდა კიდეც, საიდან?....საქრთველოს ჩემპიონატის თამაშებს აქტიურად ვადევნებ თვალს და რაც ამ ბიჭს შანსი მიცეს და ბათუმში გადაიყვანეს საერთოდ მოუკლო და განაცხადშიც ვერ ხვდებოდა,მერე ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიეცა შანსი პორტუგალიასთან და თურქეთან და საერთოდ ბურთი ვერ მიიღო და უცედ იტალიის სერია ა-ში....არ ვიცი შეიძლება მე ვერ ვხედავ, მაგრამ..........ისე მაგარი სიმპატიური ბიჭია და წარმატებები.....ბოლოს, ეს ჯუღელი მაგარი ყოფილააა.....
კარგით რააა!!!
05 ივლისი 2023 11:21
2
დარწმუნებული ვარ, სახელი და გვარი რომ გამოაჩინო, ყველა დავინახავთ რატომ "არ ხედავ", ვერ კი არა. და თუ ვერ ხედავ, ფეხბურთს სულ შეეშვი :)))
გულშემატკივარი
06 ივლისი 2023 01:46
0
მაგარი ბავშვი ჩანს, მაგრამ კიდევ ბევრი მონდომება მართებს რომ თავი დაიმკვიდროს , მაინტერესებს ახალგაზრდულში რატომ არ იყო...
zmo
05 ივლისი 2023 11:10
0
წარმატებები
თაზო
05 ივლისი 2023 10:52
0
ძალიან აზრიანი და გულხდილი ბიჭი ჩანს,ბევრი მარტივი და გულახდილი პასუხი გასცა,რაც ძალიან კარგია ამ ასაკში და ერთგვარი ამ თაობის ნიშაა. ყველაზე მეტად ამ ისტორიაში მომეწონა ძმის როლი,დაინახა ტალანტი და ყველაფერი გააკეთა დასახმარებლად. იმედი მაქვს,რომ იტალიაში წარმატებას მიაღწევს,ბევრს გოლს გაიტანს და ასახელებს თავის ძმას,ვინც ალბათ ყველაზე მეტად იამაყებს იმით,რაც გააკეთა და რასაც მიაღწევს ეს ბიჭი. წარმატებები,ბევრი გოლი და მალე ეროვნულში გამოძახება,ძმის გახარება კიდევ.

პ.ს. იმედი მაქვს,ხვიჩასთან ექნება კონტაქტი და რჩევას კითხავს,იტალიაში თამაში მარტივი არ არის,მით უფრო მათი ხისტი მცველების ფონზე. ვფიქრობ,გამოადგება მისი რჩევა და არ დაზარდება დარწმუნებული ვარ.
ძმა ძმისთვისო
05 ივლისი 2023 06:54
2
რაღაც არ მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი ამ ბიჭის სერია ა ში გადასვლას. არც ტელევიზიებს დაუდევთ და არც პოპულარულ გამოცემებს. დავიჯერო ასეთი უმნიშვნელო ამბავია?
ააა თუ საქართველოში უკვე აღმოჩენილი და ევროპაში დაფასებული ხალხი მოსწონთ, თან ყველაზე დიდ რეიტინგს ვინმეს პირად ცხოვრებაზე და ჩაცმულობაზე დაწერილ სტატიებში დებენ. იციან როგორ კატეგორიაზე გათვალონ.
რად უნდათ ვინმე დამწყებ ფეხბურთელზე ინფორმაციის დადება, ლაიქები არ ექნებათ :)))
!!
04 ივლისი 2023 23:48
3
მაინც ვერ გავიგე 20 -დელ ნაკრებში რატომ არ წაიყვანა სვანაძემ?
giorgi 3
04 ივლისი 2023 19:19
0
შენ გამზრდელს ვენაცვალე,გათბა გული !!!
ადამიანი
27 იანვარი 2023 16:27
0
ეს ბიჭი უნდ დავიმახსოვრო, ლამაზი მოძრაობები აქვს, მაღალი კლასი აშკარად ეტყობა ამ ასაკშივე, მთავარია როგორ განვითარდება, ინტერვიუდან გამომდინარე, საკმაოდ ინტელექტუალია და საქმისადმი მიდგომითაც სამაგალითო, რაც შეეხება კასანოს, ის მართლაც გენიოსი იყო, რეალმა ტყუილად კი არ იყიდა, მაგრამ როგორც კი მსოფლიოს უძლიერეს კლუბში გადავიდა, მისია შესრულებულად ჩათვალა, არადა 2 წელი ზუსტად ტოტი, კასანო და ბრაზილიელი მანსინის ტრიო აწიოკებდა სერია ა-ს, ვერანაირი დაცვა მაგათ ვერ უძლებდა. ასე რომ, გემოვნებაც კარგი ჰქონია
bmb
25 ივლისი 2022 21:58
1
ამ ინტერვიუდან ჩანს ამ ბიჭის პროფესიონალიზმი. დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევს ფეხბურთში.
semi
25 ივლისი 2022 14:57
0

სიახლეები პოპულარული