ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

სერიები: "დინამო ბათუმმა", "თელავმა" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის სამი მატჩი. ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მეორე ტაიმში გატეხა ქუთაისის "ტორპედო" და სამი ქულა მიითვალა. კვლავ მოიგეს თავიანთი თამაშები "თელავმა" და "სამტრედიამ", რომლებსაც მშვენიერი სერია აქვთ...

თელავი 2:1 დილა

"თელავმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის "დილას" აჯობეს.

თავიდან "დილა" დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე
წუთზე მიითვალეს: კლასიკური კონტრშტევა, ბოლოს თორნიკე მორჩილაძის პასი და გურამ გოშთელიანის გოლი - 2:1.

"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება, "დილა" კი მეოთხეზეა.

სამგურალი 0:3 სამტრედია


"სამტრედიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს"...

სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.

მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.

"სამტრედიაზე" დავწერეთ, "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზეა.

ტორპედო 0:3 დინამო ბთ

"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მოიგო "ტორპედოსთან" და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს" "საბურთალოსთან" სათამაშო აქვს.

ბათუმელებმა "ტორპედოს" სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.

ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.

მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.

ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედო"-"დინამო ბათუმის" ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.

erovnuliliga.ge