ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

არის უეფას ერთა ლიგა - რეალური შანსი საქართველოს!

AutoSharing Option
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად, უეფამ ევროპის საფეხბურთო სამყაროსთვის ახალი "გასართობი" და სტიმული მოიგონა: ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ნაცვლად, ქვეყნები ერთა ლიგაზე ითამაშებენ.

უეფას ერთა ლიგაზე ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და ეს 55 ქვეყანა 4 ლიგაში განაწილდება. ეს კი 2017 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისთვის უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტის გათვალისწინებით მოხდება, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე შესაძლო განლაგება ასე გამოიყურება:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი,
შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი;

B ლიგა: რუსეთი, ჩრ. ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი;

C ლიგა: სლოვენია, ალბანეთი, ჩერნოგორია, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი (ერთ ჯგუფში 3 გუნდი იქნება, ხოლო სამ ჯგუფში 4-4);

D ლიგა: ლიტვა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

A და B ლიგების 4 ჯგუფში 3-3 გუნდი გადანაწილდება, C-ს ერთ ჯგუფში 3 გუნდი იქნება, ხოლო სამში - ოთხ-ოთხი.

აქვე ვიტყვით, რომ უკრაინა და რუსეთი ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან. A ჯგუფის 4 პირველადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს და ერთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები ბოლო, D ლიგაშია, სადაც სულ 16 გუნდია და ისინი ოთხ ჯგუფში განაწილდებიან.

ამ ტურნირის მთელი ეშხი ესაა: ევროპის ჩემპიონატზე გასული 20 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გამოვლინდება, ხოლო დანარჩენ 4 საგზურს ერთა ლიგის თითოეულ ლიგაში გამარჯვებული მიიღებს, მათ შორის, D ლიგის გამარჯვებულიც. პლეი-ოფები 2020 წლის მარტში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი ექნება, რადგან D ლიგაში გრანდები არ არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ