ბეილი მოდის! როგორი განწყობით ესტუმრებიან უელსელები თბილისს

AutoSharing Option
გაირკვა, რომ გარეთ ბეილი თბილისში ჩამოვა. უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისში გასამართავ მატჩს "გადამწყვეტი" უწოდა. მან აღნიშნა, რომ მის გუნდს საქმე "ძალიან სერიოზულ მოწინააღმდეგესთან" ექნება.

მწვრთნელმა გაიხსენა ის შეხვედრაც, რომელშიც უელსმა საქართველოს ნაკრებთან თბილისში უშანსოდ წააგო (1994, 0:5).

და მაინც, 6 ოქტომბრის მატჩის წინ ბრიტანული პრესისთვის მთავარი თემა, თუ არ ჩავთვლით გარეთ ბეილის გადაღლილობისა თუ ტრავმის ამბავს, დევიდ ბრუქსის ნაკრებში გამოძახებაა. ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კოულმენის სიაშია. ამ თემას საინტერესო წერილი მიუძღვნა walesonline-მა:

ვინ არის
დევიდ ბრუქსი?
"კრის კოულმენის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და ირლანდიასთან გასამართავი მატჩებისთვის სანაკრებო სიაში მოხვდა 20 წლის დევიდ ბრუქსი. მას დაუფასდა "შეფილდ იუნაიტედში" შესანიშნავი თამაში და შეუერთდა ისეთ ახალგაზრდა მენაკრებეებს, როგორებიც არიან ბენ ვუდბერნი და ითან ამპადუ. უელსელი გულშემატკივარი კი, ვინც ბოლო დროს მიეჩვია კრის კოულმენის მიერ ნაკრებში ახალგაზრდა კადრების დაწინაურებას, მისგან ბევრს ელის. ეს მოლოდინი უსაფუძვლო არ უნდა იყოს.

ბრუქსის შესახებ უელსელებმა ძალიან ცოტა იციან. ამ 20 წლის ფეხბურთელის ჩამოყალიბება "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო აკადემიის დამსახურებაა. ის 2015 წლიდან "შეფილდ იუნაიტედის" ღირსებას იცავს, თუმცა მცირე ხნით "ჰალიფაქსში" იყო განათხოვრებული. ეს მხოლოდ მონაკვეთია მის კარიერაში. ბევრ ახალგაზრდას ანათხოვრებენ მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის...

ბრუქსს "შეფილდ იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი "ლესტერის" ახალგაზრდულ გუნდთან შეხვედრაში ჰქონდა. გულშემატკივრები მასში მომავლის განსაკუთრებულ ვარსკვლავს ხედავენ. მან ორჯერ ითამაშა უელსის ახალგაზრდულ ნაკრებში სექტემბრის დასაწყისში და გოლიც გაუტანა შვეიცარიას. ინგლისურ უორტინგტონში დაბადებულმა ახალგაზრდამ იმ შეხვედრაში მართლაც შესანიშნავად ითამაშა.

ბრუქსი ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ტულონის ტურნირზე. ის უელსის მთავარ გუნდში ვერაფრით ითამაშებდა, რომ არა დედამისი, ვინც უელსის ქალაქ ლიანგოლენში დაიბადა...

რატომ უნდა დაეყრდნოს კოულმენი მას?
ვინც ნახა ბოლო შეფილდური დერბი, მას აუცილებლად ემახსოვრება, რა დღეში ჩააგდო ამ ბიჭმა "უენსდეის" დაცვა.

ის ძალიან ენერგიული, სწრაფი და ტექნიკურია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ერთგვარი სიურპრიზიც შეიძლება იყოს მოწინააღმდეგეებისთვის. თანაც, ის სანაკრებო ასპარეზზე წარმატების მიღწევის სურვილით იწვის.

უელსის ნაკრები მისთვის შანსია, რომ დაამტკიცოს მზადყოფნა საერთაშორისო გამოწვევებისთვის...

სად ათამაშებს მწვრთნელი რემზის?
ამასობაში, უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აარონ რემზის დაცვითი უნარებით მოიხიბლა.

"აარონი შესანიშნავი მოთამაშეა. რა თქმა უნდა, მას შეტევით ოპერაციებში მონაწილეობის მიღება დიდი წარმატებით შეუძლია, მაგრამ ამასთან ერთად, მე მოხიბლული ვარ დაცვაში მისი თამაშის უნარით. "ჩელსისთან" შეხვედრაში გამოჩნდა, თუ რა უზადოდ შეუძლია მას დაცვითი ფუნქციების შესრულება", - განაცხადა კოულმენმა.

გარი როუეტი: კოულმენი ლედლის უნდა ენდოს!
"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა გარი როუეტმა მოუწოდა უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებისთვის მისი გუნდის ნახევარმცველ ჯო ლედლის ენდოს. ეს დასკვნა როუეტმა იმ თამაშიდან გამოიტანა, რომელიც ლედლიმ "ბრენტფორდსა" და "კარდიფ სიტისთან" აჩვენა.

მან ასევე გამოარჩია თავისი გუნდის მეორე უელსელი, ფორვარდი ტომ ლოურენსი, ვინც ასევე არის კოულმენის რჩეულთა ჩამონათვალში.

"ლედლიმ სასტარტოში არ დაიწყო უელსის ნაკრების ბოლო მატჩი, მაგრამ თუ კრისმა (კოულმენი) უყურა ჩვენი გუნდის ბოლო ორ შეხვედრას, მჯერა, ის ლედლისთვის სასტარტო შემადგენლობაში ადგილს აუცილებლად გამონახავს.

ის ჩვენი გუნდის ნამდვილი მამოძრავებელი ძალა იყო და ენთუზიაზმი წამითაც არ განელებია. ჩემი აზრით, ამ ფეხბურთელს შეუძლია, საკვანძო როლი შეასრულოს უელსის ნაკრებში.

ასევე მინდა ვთქვა ლიურენსზე. ის სწრაფია და გოლზე დაგეშილი. ჩემი აზრით, კოულმენი მას აუცილებლად გამოიყენებს.

საერთოდ, უელსის ნაკრების თამაშებს დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. ჩემი აზრით, ლიურენსს შეუძლია, დაახლოებით იგივე გააკეთოს, რაც ამას წინათ შემოგვთავაზა აქამდე ყველასთვის უცნობმა ვუდბერნმა. მას შეუძლია, თამაში ააფეთქოს", - თქვა როუეტმა.

ჰენესი: ყველაფერი ჩვენს ხელშია!
ახლა მოვისმინოთ უელსის ნაკრების მეკარის, უეინ ჰენესის მოკლე კომენტარი:

"ყველაფერი ჩვენს ხელშია. უახლოეს ორ შეხვედრაში მიზნად მხოლოდ მაქსიმუმს ვისახავთ და ჩვენ შეგვიძლია, ამ მატჩებში 6 ქულა ავიღოთ.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებთან შეხვედრები გადამწყვეტია ჩვენი გუნდისთვის და მას შესაბამის მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. ფსიქოლოგიურად მტკიცენი უნდა ვიყოთ და გვჯეროდეს საკუთარი თავის".

ხილი ეროვნულზე
ამასობაში, გაირკვა, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას ესპანელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი იქნება 33 წლის ხესუს ხილ მანსანო. თამამად შეგვიძლია, ამ სფეროში მის აქამდელ საქმიანობას "არაერთგვაროვანი" ვუწოდოთ.

ესპანეთში მსაჯებს ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკა არც მანსანოს აკლია. ბევრი მას "რეალის" მიმართ გადამეტებულ სიმპათიებში ადანაშაულებს...

ბეილის მტკიცე პოზიცია: ნაკრები!
ახლა მთავარზე. ბოლო დრომდე არსებობდა ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ გარეთ ბეილს თბილისში ვერ ეთამაშა იმ ტრავმის გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში "დორტმუნდთან" მოგებული გასვლითი მატჩისას მიიღო.

უელსის ნაკრებისა და "რეალის" 28 წლის ვარსკვლავის თაობაზე "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ილაპარაკა:

"ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იქნება. მას შეეძლო "ესპანიოლთან" თამაში, მაგრამ გადავწყვიტე, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, შემადგენლობის მიღმა დამეტოვებინა. ბეილს ჰქონდა პატარა პრობლემა და არ მინდოდა, რომ ის უფრო სერიოზული გამხდარიყო.

ახლა ის კარგადაა. არ არის გასაკვირი, რაც "დორტმუნდთან" მოხდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონის დაწყების შემდეგ მან არაერთი მატჩი ჩაატარა და მანამდე ოთხი თვის განმავლობაში უქმად იყო ტრავმის გამო. ვესაუბრე ექიმს და გავიგე, რომ სერიოზული არაფერია. შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ", - თქვა ზიდანმა.

კულუარული ინფორმაციით, "რეალმა" ყველაფერი გააკეთა, რომ სანაკრებო მატჩებისთვის აერიდებინა ბეილი, თუმცა, ჯერ ერთი, უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ააგდო ქვა და თავი შეუშვირა, მერე კი თავად უელსელმა დაიკავა მტკიცე პოზიცია - მას უნდა, რომ ნაკრებს ორ გადამწყვეტ შეხვედრაში დაეხმაროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიჭები ვართ და დავხვდებით
giga
13:39 03-10-2017
0
beili magars chautarebs chven nakrebs...
xoka
13:33 03-10-2017
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული