ჯგუფში ჩატოვებული მსოფლიო ჩემპიონი - 10 საინტერესო ფაქტი ვლადიმირ ვაისის შესახებ

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ვაისს ისეთი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა, საქართველოს ნაკრების ბევრ ყოფილ მწვრთნელს შეშურდება.

ხშირად კრიტიკის ობიექტია იმ ფონზე, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა არაპოპულარულ ჩემპიონატებში ასპარეზობს და ამავდროულად, ბევრს სათამაშო პრაქტიკაც არა აქვს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, ნაკრების ლიდერები ძირითადად, ტრავმირებულები არიან და ვაისს ერთი-ორი ფეხბურთელის გამო ხშირად სალანძღავ ობიექტადაც ვაქცევთ.

გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის შესახებ.

10. ვლადიმირ ვაისი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია. ჩეხოსლოვაკიის
დაშლის შემდეგ სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა. ჯამში 31 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

9. ვლადიმირ ვაისის მამასაც ვლადიმირი ერქვა, მის შვილსაც ვლადიმირი ჰქვია, ბაბუის სახელი ვერ გავიგეთ, თუმცა არ გამოვრიცხოთ მასაც ვლადიმირი ერქვა.

8. კარიერაში 7 კლუბში ითამაშა, 258 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

7. კარიერის ბოლო წლებში "არტმედიაში" თამაშობდა. შემდეგ იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ამავე კლუბში და ბოლოს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. მან შეძლო, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში, ეს კლუბი სლოვაკეთში საუკეთესო გამხდარიყო: ორჯერ მოაპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა და თასი. ამავდროულად, შეძლო სლოვაკური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა.

6. "არტმედიაში" წარმატებული მწვრთნელობის შემდეგ ინტერესი გაჩნდა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებიდან და 2008 წელს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. წარმატებამ არ დააყოვნა და 2010 წელს სლოვაკეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

5. ვაისმა მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. ჯგუფურ ეტაპზე პირველივე თამაშში ფრე ითამაშა ზელანდიასთან 1:1, 0:2 წააგო პარაგვაისთან და ბოლოს მოულოდნელად იტალიის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ სლოვაკეთის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა და იქ ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

4. ვაისი სლოვაკეთის ნაკრებიდან 2011 წელს გაუშვეს, მას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოზე ცუდი გამოსვლა არ აპატიეს. მთავარი მიზეზი სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან 0:4 მარცხი გახდა.

3. მისი ბოლო კლუბი, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ყაზახეთის "ქაირათი" იყო. სხვათა შორის, ყველაზე წარმატებული პერიოდი ამ კლუბს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა. მან შეძლო "ქაირათი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გაეყვანა, სადაც ფრანგული "ბორდო" შეხვდათ. საფრანგეთში თამაში 1:0 წააგეს, ხოლო ყაზახეთში მეტოქე 2:1 დაამარცხეს. სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე "ბორდო" მოხვდა.

2. ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2016 წლის მარტში გახდა. პირველი 2 მატჩი ამხანაგური ჩავატარეთ: სლოვაკეთმა 3:1 დაგვამარცხა და რუმინეთმა 5:1 გაგვანადგურა.

1. ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 40-ჯერ გაუძღვა: 14 შეხვედრა მოიგო, 12 ფრე ითამაშა და 14-იც წააგო. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები: ესპანეთი - საქართველო 0:1 და ყაზახეთი - საქართველო 0:2. ყველაზე ცუდი მატჩები: რუმინეთი - საქართველო 5:1 და დანია - საქართველო 5:1.


მკითხველის კომენტარები / 30 /
დიდ მოლოდინი მქონდა ბელარუსთან მატჩის, ბილეთები რათქმაუნდა ნაყიდი მაქვს, რამდენი წელია ველოდები ჩვენი ნაკრების დიდ ტურნირზე თამაშს, რამდენი ისტორია შემიძლია გავიხსენო იმ შავბნელ 90-იანებში ხან სად დავდიოდი და ხან სად რომ ნაკრების თამაში მეყურებინა. ყველას შევეჯიბრები ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობაში!!!

თუმცა, ჩემი ნაკრებია და აქვე ძაან მტკივა გული ერთ რამეზეც, ობიექტურად რო ვთქვათ ღმერთმა ქნას მშვიდობა და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ რა სირხცხვილი შეილება გველოდებოდეს იქ ამ ნაკრებს რომელსაც თავდამსხმელიც კი არ ყავს (ნუ ქვილითაიას არ ათამაშებენ და რა აზრია, ასე უთამაშებლები ბევრი გვყავს), ამას გარდა ფლანგის მცველები არ გვყავს და ვინ უფრო გაქაჩავს ამ პოზიციას იმაზეა გამწარებული მსჯელობა,

რავიცი რავიცი, ოღონდ გავიდნენ ევროპაზე და მერე იმედია ღმერთიც გადმოგვხედავს....
sormona
15:16 15-03-2020
2
ვაისის მთავარი ნაკლია ის,რომ შეცვლებს აგვიანებს.
სტატუს ქუო
15:04 15-03-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული