კახა ცხადაძე: მინდა გულშემატკივარმა იცოდეს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე ამჟამად უმუშევარია. "ჯვაროსნებიდან" წასვლის შემდეგ ის სათავეში ყაზახურ "კაირატს" ედგა.

ბოლო დროს მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ცხადაძე შესაძლოა, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულიყო.

ასევე საინტერესოა მისი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოლაპარაკებების დეტალები.

ყველაფერ ამის შესახებ კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რას საქმიანობთ ამჟამად, გაქვთ თუ არა შემოთავაზებები?
- ამჟამად, არანაირი შემოთავაზება არ მაქვს... ისეთი პერიოდია, დაახლოებით, აპრილის ბოლომდე ალბათ არც იქნება. ახლა ვისვენებ და ვარიანტებს ველოდები.

- ბოლო დროს მიდიოდა საუბარი, რომ შესაძლოა,
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულიყავით. გქონდათ თუ არა ოფიციალური კონტაქტი ყაზახურ მხარესთან?

- იცით, რა იყო, მეც წავიკითხე ეგ სტატია... ეგ იყო ჟურნალისტის მოსაზრება, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი, ვის რა პლუსი და მინუსი ჰქონდა და სტატიაც აქედან გამომდინარე იყო.

კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. დიდი ხანი მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ სტოილოვი დაენიშნათ, რადგან 4 წელია ყაზახეთში მუშაობს და მათი ჩემპიონატი კარგად იცის.

სტოილოვი წარმატებული სპეციალისტია და ვთვლი, რომ კარგი მწვრთნელი დანიშნეს.


- როგორც თქვენ ერთ-ერთ ყაზახურ საიტთან საუბრისას განაცხადეთ, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდებოდით...
- კი, რადგან ყაზახეთის ნაკრები თავისი პოტენციალით ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი იქნებოდა. ასეთ ამბიციურ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის ცუდი არ იქნებოდა.

ამიტომ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი... მით უმეტეს, ძალიან კარგად ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრების კანდიდატები არიან. ნაკრებში ძირითადად ორი გუნდის ფეხბურთელები არიან - "კაირატის" და "ასტანას".

რაც ყველაზე მთავარია, ვთვლი, რომ ამ ფეხბურთელებით შეიძლებოდა წარმატების მიღწევა და ამ წინადადებასაც ამიტომ დავთანხმდებოდი.

- რას ნიშნავდა ის ფაქტორი, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ყაზახეთი საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეა?
- მე საქართველოს ნაკრებთან არაფერი აღარ მაკავშირებს. თავად ქვეყნის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებთან კავშირი აღარ მქონოდა და ამიტომ აბსოლუტურად არანაირ პრობლემას ეს ფაქტორი არ წარმოადგენდა.

- თქვენ და ფეხბურთის ფედერაცია კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდით. ხართ თუ არა ლევან კობიაშვილზე ნაწყენი?
- ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი... ისიც ვიცი, ვინ რამდენს იღებს. ის, რაც გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, იყო აბსოლუტური სპექტაკლი.

ეს იყო ტყუილი. ამიტომ ამ თემაზე დაბრუნება არ მინდა... მით უმეტეს, მე ყველაფერი კარგად ვიცი და ვლადიმირ ვაისსაც შევხვდი...  რა, როგორ და რანაირად იყო, ამის გახსენება აღარ მსურს... ეს იყო აბსოლუტური სიბინძურე. მათ პირველი დღიდან ჰქონდათ სურვილი, რომ ნაკრებიდან წავსულიყავი და მათ ამას მიაღწიეს.

მინდა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, ფარსი და ტყუილი იყო. თანხებთან დაკავშირებით კი ყველაფერი ზღაპარი იყო.

პრინციპში, ისე გამოვიდა, რომ მათ კახა ცხადაძე ქვეყნიდან გააგდეს. ეს იყო პირადად ლევან კობიაშვილის სურვილი და მან მიაღწია ამას. დარწმუნებული ვარ, ასეთი შედეგი მე რომ მქონოდა და 10 თამაშიდან ვერც ერთი მომეგო, ალბათ ქვეყნის მოქალაქეობასაც კი ჩამომართმევდნენ.

ამაზე გული უკვე აღარც მწყდება, ამ ყველაფრით ლევან კობიაშვილს მოუწევს ცხოვრება. ჯერ როგორ მოვიდა ფედერაციაში და ამისთვის რეები გაკეთდა, ყველამ კარგად იცის.

- ეროვნული ნაკრების შემდეგ თქვენ "კაირატის" მწვრთნელი იყავით. ყაზახეთის ჩემპიონატში ძალიან ბევრი ქართველი ასპარეზობს... როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან ქართველები ყაზახეთში?
- რადგან ფეხბურთელებს ევროპიდან შემოთავაზებები არ აქვთ. პირველ რიგში, მათ საკუთარ თავსა და ოჯახზე უნდა იფიქრონ. ყაზახეთს ფინანსურად ბევრად ძლიერი ჩემპიონატი აქვს.

ყაზახეთში ფინანსები და ჩემპიონატის დონეც გაცილებით მაღალია. გარდა ამისა, აქ ბევრი კარგი ლეგიონერი თამაშობს. რაც მთავარია, ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელები მშობლიურ ჩემპიონატში თამაშობენ.

ამიტომ, სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ აიწევს და უფრო მეტი ფინანსები არ ჩაიდება, სიტუაცია არ შეიცვლება.

- თქვენი წინამორბედი თემურ ქეცბაია ფეხბურთელების უდისციპლინობაზე საუბრობდა. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?
- ჩემს დროს სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა იყო. ყველამ კარგად იცით, რომ ფეხბურთელებმაც განაცხადეს, ჩემი ნაკრებიდან წასვლა მათთვის მიუღებელი იყო.

- მთლიანობაში როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას ეროვნულ ნაკრებში, რა შესძინა კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდს?
- იცით, რა არის... მე როდესაც მივედი საქართველოს ნაკრებში, ნახევარი შესარჩევი ციკლი ნათამაშები გვქონდა. იმიტომ მოვაწერე კონტრაქტს ხელი, რომ ის თამაშები, რაც დარჩენილი იყო, მომავალი შესარჩევისთვის მოსამზადებლად გამოგვეყენებინა და წარმატებით გვეთამაშა.

შეიძლება რაღაც ჩავარდნები გვქონდა, მაგრამ ტაქტიკური ცვლილება გავაკეთეთ და სხვა ტაქტიკით ვთამაშობდით. ბოლო მატჩებმა ყველას დაანახა, რომ გუნდი მზად იყო, მომავალი შესარჩევი ციკლი წარმატებით ეთამაშა.

მოვითხოვე, რომ კონტრაქტში ჩაეწერათ პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმუმ მესამე ადგილზე უნდა გასულიყო და ამ შემთხვევაში გავაგრძელებდი მუშაობას.

საუბარი მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზე, როდესაც ნაკრებს სათავეში უკვე ვლადიმირ ვაისი ედგა.

არ შემიძლია, კიდევ ერთი ამბავი რომ არ გავიხსენო... ერთ-ერთმა პარლამენტარმა, რომელიც სპორტის კომიტეტის წევრიც იყო, მახსოვს, ლევან კობიაშვილს პარლამენტში გამოსვლისას ასეთი საყვედური უთხრა:

კახა ცხადაძეს გადაეცით, საქართველოს ნაკრები მარტო პირველი ადგილისთვის იბრძოლებსო. ეს იმაზე განაცხადა, მე რომ ვთქვი, რომ მინიმუმ მესამე ადგილზე უნდა მოვხვდეთ-მეთქი.

ის ამბობდა, საქართველოს ნაკრებისთვის მისაღები მარტო პირველი ადგილი არისო. ეს პიროვნება დავით ლორთქიფანიძე იყო და თქვენი საშუალებით მინდა ამ ადამიანს მივმართო:

"ახლა რომელ ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრები? მე რომ საყვედური მითხრეს და მესამე ადგილი იუკადრისეს, ახლა მერამდენე ადგილზე გავიდა ეროვნული გუნდი?

სად არის ახლა დავით ლორთქიფანიძე, რატომ აღარ ლაპარაკობს?"

- თქვენ რომ დღეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყოთ, რას შეცვლიდით გუნდში და ვლადიმირ ვაისის მუშაობას როგორ შეაფასებდით?
- არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან არაკოლეგიალური იქნება. მე ვლადიმირ ვაისს პატივს ვცემ და უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ მე ამ შედეგს არავინ მაპატიებდა.

მე აღარ ვარ ნაკრების მწვრთნელი და არ მინდა ამაზე საუბარი. ფაქტი ერთია, პირველ ადგილზე გასვლა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ერთა ლიგიდან, ეს იქნება ჩვენი მინიმუმიც და მაქსიმუმიც.

- როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყავით, ერთა ლიგა არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, ახლა რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გასვლის?
- ეს არის შანსი შედარებით სუსტი გუნდებისთვის, რომ დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვდნენ. საქართველოს ჯგუფში ყოველთვის ძლიერი გუნდები ხვდებოდნენ, თუმცა ბოლო შესარჩევში ვთვლი, რომ გვქონდა იმის რესურსი, მე-2 ადგილზე მაინც გავსულიყავით.

საქართველოს ნაკრების ერთადერთი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 29 /
კარგი მოეშვით ამ კაცს,ხომ ხედავთ სულ ფული აკერია პირზე.
ეს რომ კარგი სპეციალისტი იყოს ასე უმუშევარი არ იქნებოდაო ,ხომ გაგიგიათ ,,ხაროშიე ლიოტჩიკი ნა ულიცე ნი ვალიაიუტსიაო**

ამას არა მარტო სპეციალისტობა, არამედ პატრიოტობაც დასაწუნი აქვს.
კოტე
16:35 20-03-2018
6
კახა, ერთი შეკითხვა მაქვს , შენ არ იყავი ის ვინც ახალგაზრდულ ნაკრებს ედექი სათავეში და როგორც კი შემოთავაზება მიიღე ეგრევე დატოვე გუნდი. შუა გზაში მიატოვე ნაკრები რათა შენი პირადი ფინანსური კეთილდღეობა არჩიე. ასე რომ რასაც დასთეს მას მოიმკი
თორნიკე
13:35 14-03-2018
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული