საქართველო VS ლიტვა - ვაისის რეაბილიტაციის, ჩაკვეტაძის დებიუტის და გამარჯვების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია. მატჩის ყურება საზოგადოებრივ მაუწყებელზეც შეგეძლებათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩამდე წილკანში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც ცნობილია მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება.

საქართველოს ნაკრები თბილისისის ზღვასთან "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადებოდა. რა თქმა უნდა დანაკლისი ამჯერადაც გვქონდა: ვარჯიშის დროს გამოგვაკლდა დავით ხოჭოლავა, რომელიც ლაშა დვალმა ჩაანაცვლა, აგრეთვე ტრავმების გამო კვლავ ვერ არიან ნაკრებში ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი.

სასიხარულოა ამბავია, რომ ნაკრებთან ერთად არის ჯანო ანანიძე და ალბათ მოედანზეც ვიხილავთ.

ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე წინასწარ გაგვიმხილა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, მაგალითად რომ ერთ შეხვედრაში ორ თავდამსხმელს ვიხილავთ. თუმცა ეს არ იქნება კაჭარავა-ქვილითაიას წყვილი მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ერთ-ერთს ან ბაჩანა არაბული შეუწყვილდება ან ვაკო ყაზაიშვილი.

ლიტვასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ დატოვებს შეკრებას და ბელგიაში წავა. ასევე ვაისის თქმით ის 23-ივე ფეხბურთელს გამოცდის ორივე მატჩში და უკეთესად გაეცნობა მათ შესაძლებლობებს.

ვლადიმირ ვაისს ძალიან მძიმე საკვალიფიკაციო ეტაპი გამოუვიდა, საქართველოს ნაკრებმა ერთი შეხვედრაც კი ვერ მოიგო. თუმცა მისი ხელმძღვანელობით არც ამხანაგურ მატჩებში ბრწყინავდა გუნდი, თუ რა თქმა უნდა ესპანეთთან და ლატვიასთან ჩატარებულ შეხვედრას არ ჩავთვლით.

ვაისის ხელწერა ძალიან ბევრს მოსწონს, მაგრამ შედეგს დადებითად ვერავინ შეაფასებს. ფაქტია ესეთია: ერთი საშინაო ფრეც კი ერთა ლიგაზე და სლოვაკს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ. კარგი იქნებოდა ფედერაცია პროფესიონალ ანალიტიკოსებს თუ დაიქირავებდა და თუნდაც ამხანაგური მატჩებით შეაფასებინებდა, თუ რამდენად ძალუძს შერჩეული ტაქტიკით ნაკრების მწვრთნელს ერთა ლიგის გუნდებთან დაპირისპირება. ეს ბევრს შეიძლება სასაცილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო, როცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საშუალება მოგვეცა.

ამ ნაკრებში როგორც იქნა საფეხბურთო "სახეების" პრობლემა მოიხსნა, ყველა ფეხბურთელი სათამაშო კომპონენტით არის გამოძახებული. რა თქმა უნდა არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკეთესად შეავსებდა ამ ნაკრებს, მაგრამ ამას სლოვაკი სპეციალისტი წყვეტს და ვიმედოვნოთ რომ მათაც აკვირდება.

ლიტვასთან სულ ექვსჯერ გვაქვს ჩატარებული მატჩი, ამათგან სამი მოვიგეთ და სამში დავმარცხდით. ბოლოს ლიტველებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავუპირისპირდით და თბილისში 0:2 დავმარცხდით. თუ ისტორიას გადავხედავთ ჩვენც გვყავს ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხებული, თანაც დიდი ანგარიშით - 2002 წელს საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში 4:0 მოუგო ადგილობრივ ნაკრებს და ამ შეხვედრაში დუბლი თემურ ქეცბაიამ გაიფორმა, თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის ანგარიშზეა.

ლიტვა ერთა ლიგის c ჯგუფშია, მისი მეტოქეები: რუმინეთი, სერბეთი და მონტენეგროა. ლიტვის ნაკრები ფიფას რეიტინგში 147-ე ადგილზეა და ადგილობრივი სპეციალისტი ედგარას იანკაუსკასი წვრთნის.

მათი მწვრთნელის განცხადებით ის საქართველოში წარმატების მისაღწევად მოდის, მისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა შეაფასოს თუ შემოდგომაზე თავი როგორ უნდა წარმოაჩინოს.

ორივე მწვრთნელს ვაისსაც და იანკაუსკასაც გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებათ. 

ლიტვასთან მატჩში ვაისი ალბათ შეეცდება აქცენტი შეტევაზე გააკეთოს, რადგან ესტონეთთან მატჩში ეს უფრო გაუჭირდება. სავარაუდოდ საყრდენ ზონაში ჯაბა კანკავას ვაკო გვილია შეუწყვილდება და წინ შემტევთა მეტ მრავალფეროვნებას ვიხილავთ. ალბათ ამჯერადაც არჩევანს გიორგი ქვილითაიაზე გააკეთებს, რადგან სლოვაკი მას უფრო ხშირად ენდობა ვიდრე ნიკა კაჭარავას.

დაცვის ხაზი წესით უცვლელი იქნება: ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია და კაკაბაძე. კარებში სათამაშო ფორმიდან გამომდინარე სავარაუდოდ გიორგი ლორია დაიწყებს, თუმცა ვაისმა აღნიშნა რომ სამივე მეკარეს მიეცამა სათამაშო დრო.

რთულია მიხეილ მესხის სტადიონზე ანშლაგზე ვისაუბროთ, კარგი იქნება თუ 10 000-მდე ადამიანი მაინც თუ შეიკრიბება, არც ამინდი უწყობს ამ ყველაფერს ხელს. წინა ამხანაგური მატჩები ნაკრებმა რეგიონებში ჩაატარა, კარგი იქნებოდა თუ ამ შეხვედრებშიც მსგავსად მოიქცეოდნენ, რადგან იქ უფრო მეტად არის შესაძლებელი სტადიონის გავსება და ურიგო სიტუაციაც არ არის. განსაკუთრებით გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც კვიპროსთან მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი საკმაოდ კმაყოფილი იყო.

P.S რაც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი ნაკრებია და ჩვენი სახელია, ამიტომ საკუთარ გუნდზე გაბუტვა უარესს შედეგს დადებს. მოკიდეთ თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, მეუღლეებს, ნათესავებს ხელი და მოდით მიხეილ მესხზე, საქართველოს ნაკრები თქვენს მხარდაჭერას ელის.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)


მკითხველის კომენტარები / 10 /
ლუკა ზარანდიას როდესმა მიეცემა საშუალება ნაკრებში გამოსვლის?
მარინა მესხი
15:49 24-03-2018
3
147 ea raitinga 39 mete ara is gamoiyvana litva grandi
Lasha
14:32 24-03-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული