ჩვენც გვაჩუქე ასეთი სიხარულის დღე! - როგორ ატირა ვლადიმირ ვაისმა იტალიელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ნებისმიერი ქართველი გულშემატკივრის ოცნებაა. უამრავი ითქვა და დაიწერა ერთა ლიგაზე, რისი სახითაც "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლიათ.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია. სლოვაკ სპეციალისტს კი გამოცდილება მაღალი დონის ტურნირებზეც აქვს მიღებული, რაზეც Sportal.ge სწორედ ამ სტატიაში ისაუბრებს.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაისის სლოვაკეთის ნაკრები F ჯგუფში იტალიასთან, ახალ ზელანდიასა და პარაგვაისთან ერთად მოხვდა.

ჯგუფიდან გასვლის ფავორიტებად, რა თქმა უნდა, იტალია და პარაგვაი მიიჩნეოდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

"სკუადრა აძურამ" პირველ ორ
მატჩში ფრე ითამაშა. პარაგვაისთან დაკარგული 2 ქულა განსაკუთრებულ სენსაციად არ მიიჩნეოდა, აი, ახალ ზელანდიასთან ნათამაშები ფრე კი ერთ-ერთი დიდი სენსაცია იყო.

საინტერესოა, რომ მარჩელო ლიპის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნიდა.

სლოვაკები 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც საკუთარ საჯარიმოსთან დანიელე დე როსი შეცდა და რობერტ ვიტეკმაც ფედერიკო მარკეტის კარი აიღო.

მაშინ "ლილში" მოთამაშე ფორვარდი, რომელიც ამჟამად ბრატისლავის "სლოვანში" ირიცხება, მეორე გოლის გატანას 73-ე წუთზე ზეიმობდა.

"სკუადრა აძურა" შეხვედრაში "უდინეზეს" ლეგენდა ტოტო დი ნატალემ დააბრუნა, რომელმაც მეორე ბურთიც გაიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო გაუუქმეს.

მატჩს ინტრიგა კამილ კოპუნეკმა მოუკლა, რომელმაც 89-ე წუთზე იტალიელთა კარი აიღო.

ერთადერთი, რაც "სკუადრა აძურამ" მოახერხა, ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფაბიო კვალიარელას ზღაპრული სილამაზის გოლი იყო.

საბოლოოდ, 3:2 და 1/8-ფინალში სლოვაკები გავიდნენ, სადაც ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდნენ.

შეხვედრის შემდეგ იტალიელები საშინელ დღეში იმყოფებოდნენ და ბევრი მათგანი მოედანზე ტიროდა კიდეც. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ.

სლოვაკები კი უზომოდ ბედნიერნი იყვნენ. მათ არა მარტო სლოვაკეთის, არამედ სამხრეთ აფრიკის ქუჩებშიც უდიდესი ზეიმი მოაწყვეს.

"მინდა, მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო. ვიტყოდი, რომ ამ გუნდს შეეძლო უფრო დიდი შედეგისთვის მიეღწია.

შესაძლოა, გუნდი მენტალურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვერ მოვამზადე. მინდა პატიება ვთხოვო იტალიური სპორტის სამყაროს, ფეხბურთელებსა და სრულიად ყველას.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი იტალიური თავგადასავალი ასე მთავრდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა და ჩემს შემცვლელს წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარჩელო ლიპიმ.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების დღევანდელ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, მან შემდეგი თქვა:

"ეს სლოვაკეთისთვის ფანტასტიკური, ხოლო ჩემს ცხოვრებაში მეორე საუკეთესო დღეა. პირველი დღე კი ჩემთვის, რა თქმა უნდა, ჩემი შვილის დაბადებაა.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს და დიდებული ფეხბურთი ითამაშეს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გვერდში გვედგა", - განაცხადა ვაისმა.

ეს სლოვაკური ფეხბურთის წარსულია, რომელიც სწორედ ჩვენმა დღევანდელმა მწვრთნელმა შექმნა.

იმედი გვაქვს, ვლადიმირ ვაისი მინიმუმ ერთ ასეთ ბედნიერ დღეს ქართველ გულშემატკივარსაც აჩუქებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი საქმის გაკეთებისას მწვრთნელიც და გუნდიც უნდა გრძნობდეს საზოგადოებისგან დიდ თანადგომას. უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი გავერთიანებულიყავით ერთი საერთო მიზნის მისაღწევად და მართლაც განგვეცადოს ევრო არენაზე მიღწეული გამარჯვებებით გამოწვეული უსაზღვროდ დიდი სიხარული. ვისაც 13 მაისი ახსოვს იცის, როგორი ამაღლებული, არამქვეყნიური განცდაა. ვფიქრობ საამისოდ ფეხბურთელთა კონტინგენტი უკვე გვყავს. მთავარია ფსიქოლოგიურად მომზადება.
გიზოგ
12:22 18-05-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული