გვილია, კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი... - რომელი მოხვდება ვაისის სქემაში?

AutoSharing Option
ერთა ლიგის დაწყებამდე მცირე დროა დარჩენილი. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს ყაზახეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.

უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების მეკარეების და ფორვარდების მიმოხილვა, ახლა კი ერთ კონკურენტუნარიან პოზიციაზეც ვისაუბროთ, თუ რა არჩევანი გვაქვს საყრდენ ზონაში?

altმჭედლიძის კლასი, ქვილითაიას ალღო, კაჭარავას პარამეტრები - ვის აირჩევს ვაისი?

altმეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?

როგორც იცით, ვაისი თითქმის ყოველთვის ორი საყრდენი ნახევარმცველით თამაშობს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. რა არჩევანი გვაქვს ცენტრალური ნახევარდაცვის ზონაში, გთავაზობთ ხუთეულს:

5. ლაშა პარუნაშვილი -

25 წლის - 250 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ესბიერგი" (დანია) - სიმაღლე 182 სმ
მოდი, ასე ვთქვათ, ლაშა, დღეის მდგომარეობით, უფრო რეზერვად უნდა მოვიაზროთ, ვიდრე სანაკრებო განაცხადში. მას, პირველ რიგში, უკეთეს გუნდში თამაში და თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მართებს.

მისმა გუნდმა ამ სეზონში მოახერხა დანიის სუპერლიგაში გადასვლა და პარუნაშვილს 100%-იანი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რაც ძალიან კარგია. ლაშა საკუთარ გუნდში გამორჩეულია, თუმცა თანაგუნდელები მას სათანადოდ ვერ უბამენ მხარს. ხშირია შემთხვევები, პარუნაშვილის შექმნილ მომენტებს თანაგუნდელები აფუჭებენ ან თუნდაც დაცვით ფაზაში მხარს ვერ უბამენ და არასათანადოდ მოქმედებენ.

ლაშას საქართველოს ნაკრებში ერთადერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული - 2017 წელს უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2), თუმცა გამოძახებული რამდენჯერმე იყო.







altლაშა პარუნაშვილი "ესბერგის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

4. ნიკა კვეკვესკირი - 25 წლის - 700 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ტობოლი" (ყაზახეთი) - სიმაღლე 184 სმ
ნიკას საქართველოს ნაკრების 15 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი დებიუტი გიბრალტართან კახაბერ ცხადაძის ხელმძღვანელობის დროს შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრაში მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვეკვესკირი, ალბათ, ჩვენს ხუთეულში მოწინავე პოზიციაზე იქნებოდა, ევროპული კარიერა რომ აერჩია და თავისი ნიჭი სათანადოდ გამოეყენებინა. თუმცა ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, ის არის, რომ მან მოუკლო და ეს არც ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს, არც ნაკრებისთვის არ არის კარგი.

3. გიორგი აბურჯანია - 23 წლის - 800 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ლუგო" (ესპანეთი) - სიმაღლე 183 სმ
აბურჯანიამ "სევილიის" მეორე გუნდში საკმაოდ დიდი დრო დაკარგა, სადაც მას ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. "ხიმნასტიკიდან" წასვლა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა გამოდგა, თუმცა ძნელია, უარი თქვა "სევილიაში" მოხვედრის პერსპექტივაზე.

დღესდღეობით ის "ლუგოშია" განათხოვრებული და გალისიურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.

მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის სადებიუტო შეხვედრაში შედგა. მან ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მას შემდეგ აბურჯანიამ საქართველოს ნაკრების კიდევ 9 შეხვედრაში ითამაშა.

თუ აბურჯანიას ესპანურ კლუბში სრული სათამაშო პრაქტიკა ექნება და თავის კონდიციებს დაიბრუნებს, მაშინ მას საქართველოს ნაკრების ძირითადში თამაში შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ყაზახეთთან, ალბათ, სასურველია, სათადარიგო შემადგენლობაში იყოს.

2. ჯაბა კანკავა - 32 წლის - 1 მილიონი ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ტობოლი" (ყაზახეთი) - სიმაღლე 178 სმ
არც საქართველოს ნაკრები და არც ჩვენი ნაკრების კაპიტანი არ იმსახურებს, რომ "ტობოლში" თამაშობდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელი იღებს და არა რომელიმე გულშემატკივარი ან ჟურნალისტი. საფრანგეთის ლიგა 1-დან ყაზახურ კლუბში გადასვლა არცთუ სასიამოვნო და მისაღები ფაქტია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს პირველად ნაკრებში ალან ჟირესის დროს უხმეს. მისი დებიუტი 2004 წელს ალბანეთის წინააღმდეგ (2:0) შედგა და ის მეორე ტაიმში ჩაერთო შეხვედრაში. ჯაბას საქართველოს ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი.

საყრდენ ზონაში კანკავა ყველაზე გამოცდილია. ამავდროულად, ზედმეტად ხისტია, რასაც მშვენივრად იყენებს მის სათამაშო პრაქტიკაში და საკმაოდ აგრესიულად შეიძლება ჩაუშალოს მეტოქეს მომზადებული კომბინაცია. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ფორმაციის ნაკრები ჯაბას გარეშე წარმოუდგენელია.

1. ვაკო გვილია - 24 წლის - 1.250.000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ლუცერნი" (შვეიცარია) - 1.82 სმ
"ლუცერნის" ფანებმა როცა ნახეს, მწვრთნელმა ვაკო გვილია სათადარიგო შემადგენლობაში დატოვა, ერთი ამბავი მოაწყვეს. გვილიამ საკუთარი თავი შვეიცარიაშიც გამოავლინა და რაც ყველაზე მთავარია, ის გამუდმებით პროგრესირებს.

გვილია საქართველოს ნაკრებში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია და მას ნამდვილად ძალუძს ერთი წლის შემდეგ უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში ითამაშოს.

გამოსარჩევია მისი პასის კულტურა, აქტიურობა და რაც მთავარია, უკანა ხაზის დახმარება. მის გარეშე ამ ფორმაციის ნაკრები წარმოუდგენელია. მისი თამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევისთვის.

მისი დებიუტი 2016 წელს, ირლანდიასთან შეხვედრაში (0:1) შედგა, მას შემდეგ კი მან, ჯამში, 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.



altვაკო გვილიამ და "ლუცერნმა" ჯავრი "გლანდზე" იყარეს


მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია ახლად გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებით არ გამოტენიან შემადგენლობას.
David
23:01 20-08-2018
0
აბა ვინ ლაგუნ-ჯან?
vaso
17:04 20-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული