"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

AutoSharing Option
ფოტოები: gff.ge

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე სტარტმა ჩვენი გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ასეც უნდა ყოფილიყო და ყველას დაგვანახა, როგორ გვიყვარს ფეხბურთი და რაც მთავარია, როგორ გვიყვარს სამშობლო.

ეგაა, საქართველოში ყველა საფეხბურთო ექსპერტია. 3.7 მილიონი ადამიანიდან ყველას პრეტენზია აქვს ფეხბურთის ღრმა ცოდნაზე და უნდა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, რაც ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. ასეთი აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

რატომღაც ყველას ეგონა, რომ ყაზახეთში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ თაობას კი არა, ძველ "დინამოს", რომელიც მთელ ევროპაში ანგარიშგასაწევი იყო, უჭირდა სტუმრად მათთან თამაში,
რადგან "კაირატი" (მაშინ ფაქტობრივად, ყაზახეთის ნაკრებს წარმოადგენდა) ძალიან ათლეტური და მობილიზებული გუნდი იყო, მებრძოლი გუნდი. ასეა ახლაც, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ახალი დედაქალაქი აქვთ და საფეხბურთო ცენტრმა ალმა-ატიდან ასტანაში გადაინაცვლა. ეგაა და ეგ.

"ჯვაროსნების" თამაშისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: 

1. ფორსმაჟორული სიტუაცია. გუნდი ზედ მატჩის წინ შეიკრიბა და ზოგიერთ ფეხბურთელს ხანგრძლივი მგზავრობა მოუწია. მაგალითად, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი აშშ-დან ჩამოვიდნენ. ამან უთუოდ იმოქმედა თამაშის ხარისხზე.

2. ხელოვნური მოედანი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთ საფარზე თამაში კი არა, ვარჯიშიც არ შეიძლება, თუნდაც ის მეოთხე კი არა, არამედ ასმეოთხე თაობისა იყოს, რამეთუ გაცილებით დიდია ტრავმის მიღების ალბათობა, ბურთი სხვა სისწრაფით მოძრაობს და ასხლეტაც სხვანაირი აქვს. თუ მიჩვეული არა ხარ, ასეთ მოედანზე ბურთაობისას, პრაქტიკულად, წაგებისთვის ხარ განწირული. ძველ დროში მსგავს მოედნებს ირინიულად ჩვენში ლოჯიებს ეძახდნენ.

3. თავდადება. უდავოდ ნიჭიერი თაობაა მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში, თუმცა ადრე ამათზე ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყოლია, მაგრამ მათი ინდეფერენტულობის გამო შედეგი ვერ მიღწეულა. არასოდეს საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის არ მიუღწევია. ეს ჩემი ობიექტური ან სუბიექტური მოსაზრება კი არა - ჯიუტი ფაქტია! ეს ბიჭები კი იბრძვიან, თავს არ ზოგავენ, უშვებენ შეცდომებსაც (აბა, მაგის გარეშე როგორ იქნება?), თუმცა, რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებიან. აი, ესაა მისასალმებელი. ვერავისზე ვერ იტყვი, არ მოინდომა, არ იბრძოლაო.

4. ნიჭი. ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიჭი აქვს და ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ნათქვამი შეიძლება გადაჭარბებულად კი არა, ზოგმა სასაცილოდ მიიჩნიოს, მაგრამ ქართველებს საფეხბურთო ნიჭი გვაქვს. ეს გენეტიკურია და ამის უარყოფა არ შეიძლება. სულ სხვა საკითხია, რამდენად ვახერხებთ მის რეალიზაციას. მაგალითად, მათი პრესის მიმოხილვებიდან ჩანს, რომ ყაზახებმა ვერ გაიგეს, რატომ წააგეს. იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ გიორგი ჩაკვეტაძე. ძალიან გაუჭირდება ყაზახეთის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს მსგავსი გოლის გატანა; გაუჭირდება ისეთი გოლის გატანა, როგორიც გაუტანა ვაკო ყაზაიშვილმა ესტონეთს. ეს ისაა, რაზეც გალაკტიონი ბრძანებდა (ჩვენი არა, ტაბიძე... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა) - "ნიჭი ძამიკო, ნიჭი":

"ხალხის გენია, ხალხის ნიჭი
და ძლიერება
ცხოვრების ზღვაზე მიმავალი
ცოდნის გემია".

5. თამაში. თამაში თითქოს თანაბარი იყო, მომენტებიც გუნდებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის შექმნეს, ჩვენმა ფეხბურთელებმა უხეში შეცდომებიც დაუშვეს - მეკარე გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო მოუვიდა ალბათ, უფრო ის შეცდომა; მეორე ტაიმში ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს პოზიციური შეცდომა და ალეკსეი შეტკინს შეეძლო გოლის გატანა. ორივე შემთხვევაში გიორგი ნავალოვსკიმ გადაგვარჩინა, რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩაკვეტაძეზე არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

Sportall.Ge

მეტოქე მხოლოდ ათლეტიზმით გვჯობდა და ამავე დროს, გამოიკვეთა ჩვენი გუნდის ტექნიკური უპირატესობა. ზოგჯერ ბურთი ისე გავუგორეთ, გეგონებოდათ "ბარსელონა" "ლევანტეს" ან "ლეგანესს" ეთამაშებოდაო. ეს ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებდა და გამოიღო კიდეც. როდესაც ბურთთან თქვენობით კი არა, შენობით ხარ, გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ეს საფეხბურთო აქსიომაა.

თუმცა, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ პირველი გოლი გაგვეშვა და ამის შემდეგ მასპინძლები წინ დიდი ძალებით არ წავიდოდნენ, ზურგი არ მოუშიშვლდებოდათ და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მოგვეცემოდა. ასეთი შემთხვევებიც გვახსოვს - სამწუხაროდ, ხშირად.

6. ვლადიმირ ვაისი. ის არც ლუის სესარ მენოტია და არც პეპ გვარდიოლა, უბრალოდ ვლადიმირ ვაისია, კარგი, ნორმალური მწვრთნელი. გუშინ ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს. ალბათ, სტრატეგიაც სწორი აირჩია და ტაქტიკაც (ამ ორ კომპონენტს ერთმანეთში ნუ ვურევთ და ყველაფერს ტაქტიკას ნუ ვუწოდებთ). არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ზედმეტად შემტევ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი; უფრო ფრთხილი, ზომიერად შემტევი ფეხბურთი ათამაშა თავის გუნდს, რომელიც მოწინააღმდეგის შეცდომაზე იყო გათვლილი.

Sportall.Ge

მოწინააღმდეგეს კი შეცდომა არ დაუშვია, ვინაიდან ჩაკვეტაძის გოლი შედევრი იყო და ის ვიზავის შეცდომის შედეგად არ გასულა. ეს 19 წლის ბიჭი ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და სასაცილოა, როდესაც ყაზახები ელდორ შომორუდოვს (როსტოვი), ვაან ბაჩახჩიანს (ჟილინა) და და ერკებულან სეიდახმეტს (უფა) ადარებენ. ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან დიდი.

ვაისის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან, მონდომებულები, მოტივირებულები და ეს ხელს ძალიან უწყობს. მის ნაკრებს უერთგულესი გულშემატკივრები ჰყავს, რაც 9 სექტემბერს ლატვიასთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ეგაა, ეს გულშემატკივარი მაქსიმალისტი და ძალიან პრეტენზიულია, მწვრთნელის ნებისმიერ ნაბიჯს კრიტიკულად უდგება. რას იზამ, ყველას მოსაწონს საქართველოში ვერ გააკეთებს კაცი და ვინც უნდა დანიშნონ "ჯვაროსანთა" თავკაცად, ნებისმიერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იქნება, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან ქართული და ძალიან ნორმალურია - ჯანსაღი და არა წრეგადასული კრიტიკა აუცილებელია.

ვაისს, უპირველეს ყოვლისა, გოლკიპერის პოზიცია აქვს გასაძლიერებელი. ლორია სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, ზაურ მახარაძის საბუთების გაფორმებას კი არა და არ დაადგა საშველი, თუმცა, სათამაშო პრაქტიკის მხრივ, "ზორიაში" მასაც შეექმნა პრობლემა.

7. პერსპექტივა. პერსპექტივა, შემადგენლობიდან გამომდინარე, ძალიან კარგია. მით უმეტეს, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს რეზერვიც ჩინებული ჰყავს. ასტანაში არ უასპარეზიათ გიორგი პაპუნაშვილს და ოთარ კიტეიშვილს, რომელთაც თავიანთი პლუსები აქვთ და ნახევარდაცვის გაძლიერება ხელეწიფებათ. თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძეც ჩადგებიან მწყობრში და ესაც დიდი ძალაა. სხვანაირი სტილის თამაშში გიორგი ქვილითაიაც უფრო დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს (ის იმ ტიპის ფორვარდი არაა, ცენტრში რომ ბურთის მოსაპოვებლად ჩავიდეს და იქიდან მთელი გუნდი მოატყუოს). გიორგი მერებაშვილსაც უკეთ შეუძლია თამაში და არაა საჭირო ერთი ჩაგდებული შეხვედრის გამო მისი ლამის ანათემაზე გადაცემა - ყოველთვის ყველას ხომ არ წაუვა თამაში.

მოკლედ, საქმე ნორმალურად მიდის, ერთა ლიგა ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და უკეთეს გაგრძელებას ველით.

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

altგიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო

altრას წერს ყაზახური პრესა საქართველოსთან მარცხის შემდეგ

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ








მკითხველის კომენტარები / 30 /
კატეგორიულად არ ვეთანხმები სტატიის ავტორს რიგ შემთხვევებში. ცუდი ანალიზია. არ გეწყინოთ, არაფერი პირადული. ეს იყო ვაისის დიდი წაგება, საშინელი სტრატეგია იყო, ტაქტიკა კი სად ნახეთ საერთოდ. გუნდის გადაწყობაც ვერ შეძლო, ეს მატჩი მოიგო ჩაკვეტაძემ, მაგრამ მარტო იმიტომ კი არა, როგორც გიწერიათ, რომ მხოლოდ ნიჭიერია - მთავარი და სასიხარულო ისაა, რომ ჭკვიანი ფეხბურთელიცაა და ხასიათიც აქვს, ნებელობითი თვისებები. მიხვდა რომ თავის თავზე უნდა აიღოს თამაში ზუსტად იმ მომენტში, რომელშიც იგრძნობოდა რომ გარდამტეხი იყო. რომ არა ეს გოლი წაგებული გვქონდა თამაში.რადგან შეცვლებს აგვიანებდა ვაისი. მერებაშვილის არაფერი ბრალი არაა, როგორც შეუძლია ისე თამაშობს - ეს ვაისის ბრალია , მწვრთნელის რომ დააყენა ძირითადში. ვინც იცის მერებაშვილის სტილი დასაწყისშივე მიხვდებოდა, რომ უდიდესი შეცდომა იყო მისი სასტარტოში გამწესება კაზახებთან. მით უფრო მატჩში შეტევების 50% მასზე არ უნდა იყოს აწყობილი ასეთ ძალისმიერ და ხისტ მეტოქესთან - ეს სულ დამწყებ მწვრთნელსაც უნდა ესმოდეს. საკმაოდ მოუქნელია მერებაშვილი. მისი პლიუსები გამძლეობაა და შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან ფლანგური გარღვევა, ინდივიდუალური მცდელობები შეცვლაზე შემოსვლისას დაღლილ მოწინააღმდეგესთან, დაცვის დახმარება. ასევე ის ფაქტი, რომ მოედნის ცენტრი დაუთმო კაზახებს, ამან ყაზაიშვილი გამოთიშა საერთოდ თამაშიდან, კაცი რომელიც უმაგრეს ფორმაშია. რბილი გამთამაშებლის, ან თუნდაც ფლანგზე, მეორე სხარტი, სწრაფი, შემოქმედებითი ტიპის ფეხბურთელის არყოფნა, კაკაბაძის დაცვაში დარჩენა ნიშნავდა, რომ ვაკოს ძალიან გაუჭირდებოდა მარტო შეტევების ორგანიზება, ქვილითაიას სულ თავად უნდა მიეღო ბურთი შორიდან ჩაწოდებებით, ეს კი ჩვენი მთავარი კოზირის - ტექნიკური უპირატესობის, ბურთის ფლობის და ცენტრის დათმობას ნიშნავდა.საპასუხოდ კი არ იყო არავითარი კოზირი. კონტრშეტევა არ გამოდიოდა, გოლი მწიფდებოდა და მაშინ, როდესაც სკამზე გყავს ოქრიაშვილი, არაბიძე, გვილია და უყურებ,როგორ ტრიალდება თამაშის ხასიათი წაგებისკენ სულ უფრო და უფრო და შეცვლას აგვიანებ, სისტემატიურად ამას აკეთებს ეს ნიშნავს, რომ არ გესმის საგანი. რათქმაუნდა უნდა ვაცალოთ ვაისს გააგრძელოს მუშაობა, მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიუთითოს ადამიანმა მის დიდ შეცდომებზე და ვიფიქროთ, რომ მაგარია. აზრზე არაა ეს კაცი, უბრალოდ კარგი კაცია ეტყობა :) სიმპატიურია და წესიერი, რაც უკვე ძალიან ბევრია! ვაისის დამსახურებაა კარგი ატმოსფერო გუნდში, მარა მოედანზე უკვე თამაშის სადავეებს ეს კაცი ვერ ფლობს. თუმცა ჩვენთვის ის პირველი იმდენად მნიშნელოვანია, - ის რომ ფეხბურთელები ენდობიან და გუნდში კარგი ატმოსფეროა რომ რათქმაუნდა უნდაა გააგრძელოს მუშაობა ნაკრებში. მიუხედავად ამისა ჩათვალეთ, რომ ეს მატჩი მან წააგო და პირადად ჩაკვეტაძემ მოიგო და ზოგჯერ ურჩიეთ რამე ადამიანური, რომ არ გაჯიუტეს, თორე დარჩება ეგეც და ნაკრებიც და ჩვენც ყველა წაგებული ამ ლიგაში. და ბოლოს... კიდევ ერთი, რომ გიწერიათ ფეხბურთის ექსპერტი ყველას გონია თავიო - ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომ დიდი ექსპერტობა არ სჭირდება, იმიტომაცაა თამაში და არა მეცნიერება. უბრალოდ უნდა შეგეძლოს მიხვდე, ჩვენი კომენტატორებისგან განსხვავებით - მალე გაგიტანენ გოლს , თუ არაფერს შეცვლი თუ არა. მწვრთნელი კი ძალიან შრომატევად, მაგრამ პრინციპში ძალიან მარტივ საქმეს უნდა აკეთებდეს, თუ აქვს ალღო და შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიის გაგება კარგად - არ უნდა შეუშალოს ხელი ფეხბურთელებს კარგ თამაშში. გაიყვანოს ის გუნდი, იმ სტრატეგიით და იმ განწყობით მოედანზე, რომელიც საჭიროა მოეცმული თამაშისთვის და როცა დაინახავს, რომ რომელიმე ფეხბურთელი ვერ თამაშობს რომელიმე პოზიციაზე, ან პოზიცია შეუცვალოს, ან სხვა გამოიყვანოს. და კიდევ ერთი კომენტატორებს მიხედეთ - ცოტა თამამად თქო უთხარით, არაა საჭირო ეს "ექსპერტობა" და შიში, არ მოგივარდებათ ეს კობიაშვილი და მერებაშვილი, როცა ვიღაც აფუჭებს რაღაცას და ლამისაა ტელევიზორები დამტვრიოს ხალხმა, თქვით თქვე კაი ხალხო რამე გულის მოსაფხანი და დაწყნარდება ყველა, რომ ამბობთ არაუშავს, არაუშავსო, როგორ არაუშავს! როგორ!! ან ვინმე თამადა იშოვნეთ ამ ტელევიზიაში რა გახდა კაცო ერთი ლაღი და ენაწყლიანი, საინტერესო კაცო, რომ ამ სტანდარტული ფრაზებით არ იყოს მარტო დაკავებული. წარმატებები თქვენც და საქართველოს ნაკრებს და ჩვენ ყველას, იმედია გავალთ და ვანახებთ მსოლიოს რა შეგვიძლია :))
გადასარევი გიორგი
17:51 07-09-2018
7
გილოცავთ ყველას გამარჯვებას, იყო შეცდომებიც იყო თავგანწირვაც იყო გამართლებაც და მაინც დამსახურებულად მოიგო ნაკრებმა, ყველას დიდი მადლობა მწრთვნელიან სათადარიგოებიანად, რაც შეეხება მერებაშვილს თამაში არ წაუვიდა გეთანხმებით მაგრამ რატომ ცდებოდა ხშირად იმას არავინ ამბობს, ხშირად იღებდა ბურთს სულ გახსნილი იყო ანუ ბევრს დარბოდა, დაუფასოთ ეგ ამ ბიჭს დაძაბული ყავდა სულ ის ფლანგი, უკეთ შეეძლო? კი ბატონო ხოდა გამოასწოროს. მადლობა მასაც... მე პირადად საქართველოს ნაკრების დაცვის ასეთი თავგანწირული თამაში არ მახსენდება რამდენიმეჯერ ჩაუწვა კვირკველიაც კაშიაც კარისკენ დარტყმულ ბურთს ნავალოვსკი ხო ცალკე თემაა. მოკლედ გამოვა მაგ საქმიდან რაცხა ძამა!!!
გურული
16:19 07-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული