ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნახევარფინალის მეტოქე - რითი იყო ერთა ლიგაზე გამორჩეული ბელორუსის ნაკრები?

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრები ბელორუსის ნაკრებს უმასპინძლებს. ბელორუსმა ჯგუფში 4 მატჩი მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულეს, გოლი არ გაუშვიათ.

საქართველოს ნაკრები და ბელორუსის ნაკრები სულ 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითო მატჩი ორივე გუნდმა მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 3:4-ზე. ბოლოს 2017 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში დავუპირისპირდით ამხანაგურ შეხვედრაში და ფრედ, 2:2 ვეთამაშეთ. გოლები ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა გაიტანეს.

ამ ფორმაციის ნაკრებში ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილი ბელორუსის
ეროვნულ ჩემპიონატზე მოდის. ერთა ლიგაზე გამოძახებულ ფეხბურთელთაგან მხოლოდ 7 ლეგიონერი იყო და 10 ბორისოვის "ბატეს" ფეხბურთელი. ამავდროულად, ერთი ფაქტიც უნდა აღინიშნოს, მეტოქის გუნდი საკმაოდ ხანდაზმულია (საშუალო ასაკი 29.7) და 2020 წლისთვის ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.

ბელორუსის ნაკრების საშუალო სტატისტიკა ერთა ლიგაზე ასეთი იყო:
  • ბურთის ფლობა 56.5%
  • 1.7 გოლი თამაშში
  • პასის სიზუსტე 82.1%
  • 19 კარისკენ დარტყმა მატჩში
  • 5 დრიბლინგი
  • 11 ყვითელი ბარათი ჯამში
  • წითელი ბარათი არ მიუღიათ.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბელორუსთა მთავარი გოლეადორი ბორისოვის "ბატეს" 30 წლის ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი იყო, რომელმაც 10 დარტყმიდან 5 გოლი გაიტანა. თუმცა ანალიტიკურმა საიტმა whoscored.com-მა საუკეთესო მოთამაშედ მინსკის "დინამოს" 32 წლის მარჯვენა მცველი იგორ შიტოვი დაასახელა, რომელსაც საშუალო შეფასება 8.15 გამოუვიდა.

ბელორუსის ნაკრებში ორმა მეკარემ 3-3 მატჩი ითამაშა, 30 წლის "ნანსის" მეკარე სერგეი ჩერნიკი 6.77 ბალით შეფასდა, ხოლო 35 წლის ანდრეი გორბუნოვი - 6.76-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ლორიაც 6.76 ქულით შეფასდა.

მეტოქეზე გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის საიტი transfermarkt.com, რომელიც მათ 17.70 მილიონ ევროდ აფასებს, ჩვენ კი - 31.15 მილიონად. გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კაპიტანი ალექსანდრ მარტინოვიჩია, რომელიც 31 წლისაა და "კრასნოდარის" ცენტრალური მცველია.

1.30 მილიონი ევროთი მდევარია ბრესტის "დინამოს" მარცხენა ვინგერი პაველ სავიცკი, რომელმაც ორ შეხვედრაში ითამაშა და თავი არაფრით გამოუჩენია. მესამე ადგილზე კი 1.25 მილიონი ევროთი ბორისოვის "ბატეს" 27 წლის ცენტრალური მცველი დენის პოლიაკოვია.

მთავარი მწვრთნელი 54 წლის იგორ კრუშენკოა, რომელიც დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. იყო "ბატეს", მინსკის "დინამოს", ნოვოსიბირსკის "სიბირის", გუზორის "შურტანისა" და ჟოდინოს "ტორპედოს" მწვრთნელი. 2017 წლიდან კი ეროვნული ნაკრები ჩაიბარა: 8 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 9 წააგო.

P.S. ნახევარფინალამდე საკმაოდ დიდი დროა. თუ საქართველოს ნაკრები ახალგაზრდებით არის ძირითადად დაკომპლექტებული, მეტოქეებს ვეტერანები ჰყავთ. ალბათ, 2020 წლის მარტში მეტოქე საკმაოდ გადახალისებული იქნება და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი უპირატესობაა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ეს შეხვედრა საქართველოში ჩატარდება და ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება.


altსაქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები, ევრო 2020-ის შესარჩევის კალათები გადანაწილდა (+გამოკითხვა)

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ყაზახეთთან მატჩში


ასევე დაგაინტერესებთ