საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
რას აპრავებთ ახლა, წაგება კი არ არის ტრაგედია, როგორც ითამაშეს ის არის ტრაგედია, რას გავდა, მოშლილი იყო გუნდიც, კავშირიც და ფეხბურთელებიც
25 მარტი 2019 12:36
4
აქ ერთმა კომენტარებში ჩამოთვალა ყველა მწვრთნელი,ვისაც ჩვენს ნაკრებში უმუშავია,მაგრამ არ დაუსახელებია ის ერთადერთი და განუმეორებელი პიროვნება,რომელმაც ყველაზე სწორი დიაგნოზი დაუსვა ჩვენს ფეხბურთს და ჩვენს ყოფას,ამიტომ მე დავასახელებ ამ ადამიანის გვარს,უფრო სწორად შეგახსენებთ:ეს გახლავთ ბ ო ს კ ა მ ი,ჩვენი დიდი მოქომაგე და ჩვენი დიდი მეგობარი,მე ვთვლი,რომ მას უსამართლოდ მოექცნენ,იცით,რისთვის,იმისთვის,რომ გვეუბნებოდა სიმართლეს,არ შემიძლია არ გავიმეორო მისი დიდი გამონათქვამი:ქართული მენტალიტეტი უდრის დ ე ბ ი ლ ს,აი სამწუხაროდ ეს არის ჩვენი მაშინდელი და დღევანდელი ყოფა,ვერა და ვერ წავიწიეთ წინ,რაც ძალიან,ძალიან სამწუხაროა და მეტიც,სულ ასეთ დღეში ვიქნებით თუ ჭკუას არ მოუხმობთ.სამწუხარო კიდევ ისაა,რომ სადღაც "ცუ"კლასის ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და გვეგონა,აუ რა მაგრები ვართ,ვინაა შვეიცარია,მათაც მოუგებთო,ხალხო ბოლო-ბოლო დაღვინდეთ,დავსერიოზულდეთ დროა უკვე,ჩვენ ძოძუაშვილების,გაბელიების და ასეთი ხალხის თუ სპეციალისტების გვჯერა,სინამდვილეში ვერ ვხვდებით სად ვართ,აუ ქართველებო სად ბანაობთ,გამოფხიზლდით.
roma
25 მარტი 2019 12:44
5
წაგება არასდროს არის ტრაგედია, მით უმეტეს შენზე მთელი თავით ძლიერ გუნდთან... მაგრამ ტრაგედიაა, როცა ამას მეტოქის "მურტალი თამაშით" ხსნი და თავად უფრო მურტალ ფეხბურთს თამაშობ, ტრაგედიაა, როცა აცნობიერებ, რომ საქართველოს ნაკრები კვლავაც 1 ან უკეთეს შემთხვევაში 2 კაცის გუნდად რჩება და ამაში მილიონები იხარჯება, ტრაგედიაა, როცა 11 კაცს ვერ აგროვებ საქართველოში და იმ 11-ში ერთსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე თამაშის აღება, ტრაგედიაა, როცა მოწინააღმდეგე თამაშის დილიხორზე მოდის, თამაშს გიხსნის და შენი რჩეულები კი უკვე არაქათგამოცლილები არიან, ტრაგედიაა, როცა სამივე შეცვლა "მკვდარზე ვენოკის" დადებას უფრო ჰგავს, ვინემ თამაშში გარდატეხის შეტანის მცდელობას... თუ ეს ყველაფერი ტრაგედია არაა, მაშ რაღაა ტრაგედია?!...
მ. ტ.
25 მარტი 2019 16:30
0
საერთოდ არცერთი მარცხი არ არის ტრაგედია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მარცხი რისგან არის გამოწვეული. როცა არის ბრძოლა სულის და გულის დადება ამ შემთხვევაში მარცხიც გამარჯვებაა გარკვეულწილად, ხოლო როდესაც დაძუნძულებ მოედანზე და თავს არ აკლავ, ბოლომდე არ იხარჯები აი ეს უკვე ტრაგედიაა!!!
ტაო
25 მარტი 2019 11:39
1
რა კონდიციებიც ჰქონდათ მოცემულ მომენტისთვის და რის შესაძლებლობაც მისცა მოწინაარმდეგე გუნდა და კიდევ რა რესურსიც გვქონდა ეს არ იყო მაქსიმუმი, მაგრამ მასთან მიახლოებული ნამდვილად იყო. ჩემი აზრით საყვედური ბიჭებს არ ეთმით. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
გიზოგ
25 მარტი 2019 14:28
4
ამ წვრთნელს აქვს რამდენიმე მინუსი, ის რომ შეცვლებს სულ აგვიანებს და გუნდის გადაწყობა ფაქტიურად არ გამოსდის. თავიდან როგორც იწყებს თუ წაუვიდა თამაში ხომ კარგი, თუ არა და მერე დანჯულობს ეგეც, ჩვენც და ნაკრებიც. თან ისეთ შეცვლებს აკეთებს რაც რეალურად არ არის გასაკეთებელი, ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ვინც არის მოედანზე იმას ცვლის და შემოყავს მცველი ან ყველაზე უნიჭო არსებული სათადარიგო სკამიდან.
გივი
25 მარტი 2019 17:03
0
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მწვრთნელი ვერ მიხვდა შეცვლებს, რის საფუძველზეც მეორე ტაიმში უნდა შეცვლილიყო თამაში, საერთოდ ერთა ლიგაზეც ჩაკვეს ფაქტორმ ამოგვაგებინა, თორემ მწვრთენილი რომელიც ცვლილებებს ვერ ხვდება ძაან მძიმედ საყურებელია. საერთოდ როცა არ ხარ მზად სათამაშოდ უნდა აუხსნა მწვრთნელს, იმ ჯანოს მოედანზე ყოფნა იყო დამაზიანებელი!!!
სტიგ
25 მარტი 2019 16:10
0
იმას არ ვამბობ რომ ვაისი გინდა თუ არა გადადგეს თქო, მაგრამ მეორე ტაიმის წაგება მწვრთნელის სინდისზეა, როცა ატყობ რომ თამაში არ მისდის უნდა შეცვალო... მინიმუმ ყაზაიშვილი და ანანიძე უნდა დაესვა სკამზე
გიორგი
25 მარტი 2019 13:52
1
არ მინდა რევოლუციურ მოწოდებად გამომივიდის, მით უმეტეს, გერმანიაში ვცხოვრობ და ფიზიკურად ვერ შევძლებ. მაგრამ, არ შეიძლება, თუნდაც ერთი აქცია ჩატარდეს ფედერაციის წინ. ხალხის ფულით რომ ფინანსდება ეს ყველაფერი და ამხელა თანხებს ახდევინებენ ხალხს ამ სირცხვილში და დასცინიან ათწლეულებია, ფედერაციის პრეზიდენტის ჩათვლით. მით უმეტეს რომ, მაგის დროსაც ბევრჯერ თავს ლაფი დაუსხიათ. ხშირად პაექრობენ აქ რაგბის და ფეხბურთის გულშემატკივრები. ზელანდიასთან რომ წავაგეთ ბევრი ლელო გაგვიტანეს, მაგრამ ვინმეს მიუბრუნდება პირი და იტყვის არ მოინდომეს?! აი ამაშია განსხვავება. თუ არ გინდა ან არ შეგიძლია, წადი და სხვას დაუთმე ასპარეზი. მამუკა გორგოძე წავიდა, კაცი რკინას კვნეტს. და ესენი ??
გიორგი
25 მარტი 2019 19:33
4
თუ გერმანიში ცხოვრობ და ერთხელ მაინც გინახავს როგორ აკადემიებში და პირობებში იზრდებიან გერმანელი ბავშვები,მაშინ მიხვდები,რომ გერმანელებიც და შვეიცარიელებიც მინიმუმ 10-0 უნდა გვიგებდნენ,მაგრამ ჩვენი ნიჭის და მონდომების ხარჯზე გაჭირვებით გვიგებენ ერთიც და მეორეც.რაც ვაისის ნაკრები თამაშობს შვეიცარიასთან მეორე ტაიმი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტად ჩატარებული,განსაკუთრებით ჯიგრის ნაკლებობა შეინიშნებოდა.იმედია გამოასწორებენ ამასაც,მაგრამ იმის შემდეგ რაც ცხადაძემ და შემდეგ ვაისმა ჩაიბარეს ნაკრები,ბიჭებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებს,გარდა იმ ხალხისა ვისაც ამის დანახვა არ უნდა.მაგრამ რაგბისტებმა,რომ იტალიასთან(რეიტინგში14) წააგეს გმირებს ეძახდით და ფეხბურთელებმა რომ შვეიცარიასთან(რეიტინგში 8) წააგეს ცუდი ბიჭები არიან.თქვენ თვითონ თუ მაინც იცით რა გინდათ.შეეშვით საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრობას და ვისაც ბიჭების გვჯერა გვაცადეთ.იმ პირობებში როგორშიც ჩვენი ბავშვები იზრდებიან გმირები არიან,გერმანიაში ხარ და გაიარე შეხედე,თუ გინდა მე მოგცემ რამოდენიმე მისამართს სადაც ნახავ რამხელა სხვაობაა ჩვენს და მათ შორის და შემდეგ ჩამოდი და შეხედე რა მოედნებზე უწევთ ჩვენებს თამაში.
ობიექტურად შეაფასეთ ცოტა
25 მარტი 2019 20:00
8
აქ საქმე შვეიცარიასთან წაგებაში კი არ არის, საქმე ჩვენს გუნდშია, გუნდი არის ძალიან სუსტი, მხარი რომ გაკრა დაფრინავენ, ფეხზე ვერ დგებიან, სირბილშიც ძალიან სუსტები არიან, არ დააკვირდით თამაშს სირბილით ბურთი რომ მიჰქონდათ ჩვენებს, ისინი ადვილად ეწეოდნენ და ან ართმევდნენ ან ადვილად უშლიდნენ ხელს, არ ვარჯიშობენ... თუ ივარჯიშებენ 1,2 საათით სამაგიეროთ საღამოს ან მეორე დღეს მუცელს ყვებიან, დილით ვეღარ დგებიან, აი, ეს არის ჩვენი პრობლემა არაჯანსაღი ცხოვრება!...
Zaza
25 მარტი 2019 16:21
0
ვაისმა გუნდი გამოიყვანა 0-0 ზე სათამაშოთ. გუნდი რომელიც ასე გამოდის ყოველთვის აგებს. შემადგენლობას როგორ აყენებს ვერ ვხვდები. ვინც ლეგიონერია და თან ბევრჯერ იყო ნაკრებში არ ნიშნავს რომ სხვებს ჯობია. აგერ ანანიძე თვითონ მიხვდა და დაბრუნდა გუნდში. ვაისმა ეს თამაშის დროსაც ვერ დაინახა. შეცვლებით ვერასოდეს ვერ აძლიერებს თამაშს. უკვე მკვდარზე ვენოკის დადებას გავდა მისი შეცვლებიც. კონტრაქტს წელს დაამთავრებს და გამომვემშვიდობოთ, თორემ იმ შანსაც დავკარგავთ რაც გვაქვს.
paata
25 მარტი 2019 17:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული