ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

აზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სტამბულში სამხრეთ კორეის ნაკრებს დუპირისპირდება. ფიფას რეიტინგში 37-ე გუნდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნაკრებია ფეხბურთელების გამოსაცდელად საკმაოდ კარგი სპარინგ პარტნიორია.

სამხრეთ კორეის ნაკრების მცირე ექსკურსი

სამხრეთ კორეის ნაკრებს აზიიდან ყველაზე მეტჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული, ამ გუნდმა ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე 10-ჯერ ითამაშა. ამავდროულად სამხრეთ კორეა პირველი აზიური ქვეყანა იყო, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშა, ისინი 2002 წელს მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

აზიის თასის პირველი ორი ჩემპიონატი კორეელთა გამარჯვებით დასრულდა, მას შემდეგ მათ აღარ მოუგიათ - თუმცა ისინი
4-ჯერ გავიდნენ მეორე ადგილზე.

კორეელთა გერბზე ვეფხვია გამოსახული, თუმცა მათი მეტსახელი "წითლებია", შესაბამისად ჰყავთ ფანკლუბი სახელად "წითელი ეშმაკები".

მწვრთნელი

"წითლებს" 2018 წლიდან 50 წლის პორტუგალიელი პაულო ბენტო უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრებსაც წვრთნიდა. ამავდროულად მას უმუშავია "სპორტინგში", "ოლიმპიაკოსში", "კრუზეიროში" და ა.შ.

სამხრეთ კორეამ მისი ხელმძღვანელობით 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 10 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. მისმა გუნდმა 22 გოლი გაიტანა და 8 მიიღო. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით კორეელები 4-1-3-2 ტაქტიკით თამაშობენ.

ფეხბურთელები

სამხრეთ კორეაში თუ ფეხბურთელს მედალი არა აქვს, მას ალმაცერად უყურებენ და არც არაფერს პატიობენ. 2018 წელს გუნდის ლიდერს სონი ჰინ მინსა და მის თანაგუნდელებს ჯარში წაყვანა დაემუქრათ. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 21 თვეს შეადგენდა. ინგლისური "ტოტენჰემი" სონი ჰინ მინთან კონტრაქტის გაწყვეტაზეც ფიქრობდა.

ისინი იმ შემთხვევაში დააღწევდნენ ჯარს თავს, თუ ოლიმპიურ თამაშებზე ან აზიის თამაშებზე გამარჯვებას მოიპოვებდნენ. თუმცა ოლიმპიადა 2016-ზე სამხრეთ კორეის ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. მაგრამ 2018 წლის აზიის თამაშებზე კორეელებმა თავის საწადელს მიაღწიეს კორეელებმა ფინალში იაპონიას 2:1 მოუგეს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, გოლები დამატებით დროში გავიდა.

გუნდის ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 112 400 000 ევროს შეადგენს, თუმცა 80 მილიონი მხოლოდ სონი ჰინ მინი ღირს, რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია. 27 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კლუბის მიღწევებში დიდ როლს თამაშობს.

გუნდს ძალიან კარგი შეტევა ჰყავს, თუმცა უკანა ხაზი არა. გამორჩეული ფეხბურთელებია "ფრაიბურგის" შემტევი კვონ ჩან ჰუნი, "ზალცბურგის" ფორვარდი ჰვან ჰი ჩანი, "ბორდოს" ფორვარდი ჰვან უი ჯო და "ვერონას" ახალგაზრდა ტალანტი ლი სუნ ვუ.

ნაკრების 52 პროცენტი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება, საშუალო ასაკი 26.6 წელია. ბოლოს ისინი ამხანაგურ შეხვედრაში ირანს დაუპირისპირდნენ და ფრე 1:1 ეთამაშეს, მანამდე კი ავსტრალია 1:0 დაამარცხეს.

P.S. მეტოქის უპირატესობა შეტევაა და სისწრაფის ხარჯზე შეეცდებიან ჩვენი დაცვის დაჯაბნას. თუმცა მათი დაცვა და საყრდენი ზონა არ ბრწყინავს, შესაბამისად ეს ჩვენს უპირატესობად შეიძლება გამოვიყენოთ. 

altვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის