ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

რას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

AutoSharing Option
კოსოვოს ნაკრები ახალი თავსატეხია ჩვენთვის და ამ გამოცანა ნაკრებს, შეუძლია უბრალოდ ქართული საფეხბურთო ოცნებები წაგვართვას. გვაწყობს თუ არა კოსოვოს გასვლა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან?

ჯგუფური ეტაპი

კოსოვო ჯგუფში მესამე ადგილზეა, 4-ქულიანი სხვაობა აქვს ინგლისთან და 1-ქულიანი ჩეხეთის ნაკრებთან. ამ უკანასკნელს კი 14 ნოემბერს ესტუმრება და არავინ იცის პლზენში რა მოხდება.

მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოსოვომ შინ ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. თუ კოსოვომ სენსაცია მოახდინა, ჩეხებს ფინალური მატჩისთვის კვლავ ექნებათ შანსი რადგან ბულგარეთს ესტუმრებიან, ხოლო კოსოვო ინგლისს მასპინძლობს.

თუ კოსოვო ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევის ჯგუფიდან გავა, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსის ნაცვლად ლუქსემბურგი შეხვდება. თუმცა თუ ამ გუნდების შემადგენლობას გადავხედავთ, ლუქსემბურგიც და ბელარუსიც ერთი დონის ნაკრებები არიან, ჩვენთვის კი არანაირი ცვლილება არ იქნება.

მაგრამ ფინალში სავარაუდო მეტოქედ კოსოვო გამოირიცხება, რა გუნდია კოსოვო?

კოსოვოს ნაკრები

ნაკრები, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, გუნდი რომელსაც თავიდან შეთამაშების პრობლემა აწუხებდა, ნელ-ნელა შედგა საკმაოდ ძლიერ ძალად.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ კოსოვოს ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება ირლანდიის ნაკრებს. ირლანდიის ნაკრებს კი უბრალოდ ვერ ვუგებთ...

კარებში "ნოტინგამ ფორესტის" (ოფიციალური მესაკუთრე "მანჩესტერ სიტი") 20 წლის მეკარეს არიანეტ მურიჩსა და "ტორინოს" სათადარიგო მეკარეს სამირ უიკანს შორის არის კონკურენცია.

დაცვაშიც საკმაოდ კარგი გუნდებიდან ჰყავთ ფეხბურთელების არჩევანი: იტალიური "ვერონას" ფეხბურთელი ამირ ბრაჰმანი, შვეიცარიული "ციურიხიდან" მირლინ კრეჟიუ, ჰოლანდიური "ჰეერენვენიდან" იბრაჰიმ დრესევიჩი, მეორე ბუნდესლიგიდან "სანდჰაუზენის" მარცხენა მცველი ლეართ პაქარადა, ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდიდან" ფლორენ ჰადერგიონაი.

ცენტრალურ და საყრდენ ნახევარდაცვას აკომპლექტებს: იტალიური "ლაციოდან" ვალონ ბერიშა, შვეიცარიული "ლუცერნიდან" იდრიზ ვოცა და "ციურიხიდან" ჰაკურან კრეჟიუ.

ყველაზე ძლიერი ამ ნაკრებში შემტევი ნახევარდაცვაა: კოსოვოელია გერმანული "ვერდერის" ერთ-ერთი ლიდერი მილოტ რაშიცა, "ჰანოვერის" ფლორენტ მუსლია და "სანდჰაუზენის" ბესარ ჰალიმი, ფრანგულ ლიგა 1-ს წარმოადგენს "რეიმსის" ფეხბურთელი არბერ ზენელი, ინგლისური "სუონსის" ფეხბურთელი ბერსანტ ცელინა, შვეიცარიული "ბაზელის" ედონ ჟეგროვა და ა.შ.

თავდამსხმის უპირობო ლიდერია, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი ვედათ მურიქი, რომელმაც კოსოვოს ნაკრებში უკვე 8 გოლი გაიტანა.

ნაკრებს წვრთნის მუდამ მხიარული შვეიცარიელი ბერნარდ შალანდი, რომელსაც საკმაოდ დიდი გმაოცდილება აქვს, თუმცა სამწვრთნელო კარიერაში საერთაშორისო დონეზე თითქმის არაფრისთვის მიუღწევია.

კოსოვოს ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 73,28 მილიონი ევროთი არის შეფასებული

ერთა ლიგა

ჩვენ ტრადიციულად შორსა ვართ, იმ შედეგისგან როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგა კი ჩვენი საფეხბურთო ოცნების ასასრულებლად შანსი გამოდგა, მაგრამ...

მაგრამ კოსოვო საკმაოდ დიდი და მზარდი საფრთხეა. რა თქმა უნდა სასურველია, ჩეხეთის ნაკრები დაამარცხონ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხონ.

სხვა შემთხვევაში კი მოლოდინზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია...

ასევე დაგაინტერესებთ