საქართველოში პოლიტიკოსებს ხალხისთვის სულში ჩაფურთხება შეუძლიათ - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო ვებგვერდმა sports.ru-მ ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირსა და ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ფეხბურთელებიდან უცხოეთის ჩემპიონატებში გატანილი გოლების მხრივაც ბომბარდირია. შოთამ "ტრაბზონსპორში", "აიაქსში", "ალკმაარში" თამაშის დროს 265 გოლის გატანა მოახერხა, რაც ამას წინათ სერია A-ს აღმოსავლეთ ევროპის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილი ანდრეი შევჩენკოსათვისაც მიუღწეველი მაჩვენებელია.


როდის დაფიქრდით პირველად მწვრთნელობაზე?
- ბავშვობიდან მოედანზე ყველაზე აქტიური ვიყავი, მწვრთნელებთან ვკამათებოდი, ფეხბურთელებს ვუყვიროდი... მოკლედ, ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი
ყველაზე კარგად მესმოდა.

რა თქმა უნდა, ვხუმრობ. 30 წელს რომ გადავაბიჯე, მწვრთნელობაზე მაშინ დავფიქრდი. სანამ ვან გაალს შევხვდებოდი "აზ ალკმაარში", საოცარი მწვრთნელები მყავდა, მაგრამ ის განსხვავებული იყო. როგორც იოჰან კრუიფი, ვან გაალიც ფილოსოფიურად უყურებს ფეხბურთს. მათი ძლიერი მხარეების გასაგებად ლუი ფეხბურთელებს, ერთი შეხედვით, მოულოდნელ შეკითხვებს უსვამდა.

ყველაზე მეტად ვან გაალის რომელმა კითხვამ გაგაოცათ?
- ეს იყო შეკითხვა, რომელიც ჩემთვის არავის დაუსვამს: თავით უკეთ რომელი მხრიდან ურტყამ? მარჯვნიდან ჩაწოდებულზე თუ მარცხნიდან? იმის გაგება უნდოდა, უკეთ ასახტომისთვის საყრდენად რომელ ფეხს ვიყენებდი. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აყენებდა ფეხბურთელებს სტანდარტების დროს.

ასეთი მცირე დეტალი ძალიან ბევრი იყო. ფეხბურთელობის დროს ვერასდროს ვკითუხლობდი მის აზრებს. მხოლოდ მას შემდეგ "დავამუღამე", რაც მისი ასისტენტი გავხდი. უკვე ვხვდებოდი, ამა თუ იმ მომენტში რა იყო მისგან მოსალოდნელი.

რითი დაგამახსოვრდათ ვან გაალი?
- როცა გვეგონა, კარგად ვთამაშობდით, შესვენებაზე გვეუბნებოდა, რომ საშინელება იყო; ზოგჯერ კი პირიქით ხდებოდა. ამას გარდა, არ მახსოვს მწვრთნელი, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ მშვიდად ახსნიდა, თუ რა იყო გასაკეთებელი.

სპეციალისტების უმრავლესობა ყვიროდა, რომ უსინდისოები ვიყავით, ამდენ ფულს ვიღებდით. თუ ყოველთვის იყვირებს, ეს აღარ იმუშავებს. როცა ვაგებდით, ლუი მატჩის შემდგომ დებოშს არ ტეხდა - იცოდა, რომ მუშტების ქნევა შედეგს ვერ შეცვლიდა.

ტრაბზონსპორში თამაშის დროს, თქვენ ლეგენდა იყავით. როგორი იყო კლუბში მწვრთნელად დაბრუნება?
- ყველას გვსურს იქ ყოფნა, სადაც ვუყვარვართ. ტრაბზონში კი გვაღმერთებენ, მეც, ჩემს ძმას, მთელ ჩემს ოჯახს. ერთი მხრივ, ეს დიდი მოტივაციაა, მეორე მხრივ კი, დიდი პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივრებს შედეგი აინტერესებთ.

იმ დროს კლუბში დიდი ფინანსური პრობლემები იყო. ფეხბურთელების ვალი 800 000 დოლარს აღწევდა. სამწუხაროდ, შედეგი ვერ ვაჩვენეთ. მადლობა ღმერთს, რომ კლუბის დატოვების შემდეგ გულშემატკივრები აეროპორტში მოვიდინენ ჩემ გასაცილებლად. მას შემდეგ ბევრს ბოდიშიც მოუხდია, რომ მაშინ ისე არ დამიჭირეს მხარი, როგორც საჭირო იყო.

ახლა თქვენ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი ხართ. არ გეჩვენებათ რომ უკან გადადგმული ნაბიჯია?
- უკან გადადგმული ნაბიჯი ის არის, როცა მოტივაციას კარგავ. თუ მწვრთნელს მუშაობა სურს, ეს განა ცუდია? მთავარია, განვითარდე, წინ წახვიდე. ასე ვთამაშობდი ფეხბურთს და მწვრთნელიც ასეთი ვარ. ის, რომ "ფახთაქორში" გახლავართ, ჩემს მოტივაციაზე უარყოფითად არ აისახება. თუ ოდესმე "ბარსელონას" ან "რეალის" მწვრთნელი გავხდები, მაშინაც ზუსტად ასეთი განწყობა მექნება.

ზამთარში თქვენს გუნდში ერენ დერდიოკი აღმოჩნდა. ის ხელფასის სახით კი 1,5 მილიონ ევროს იღებს. ადებაიორის ტრანსფერი იმიტომ ჩაიშალა, რომ ტოგოელმა მეტი მოითხოვა?
- დერდიოკი გაცილებით ნაკლებს იღებს. ადებაიორმა კი ზუსტად ეგ თანხა მოითხოვა, ჩვენ კი ამდენის გადახდის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემთ. დეკემბერში ემანუელს ლონდონში შევხვდი, სადაც მისი ქალიშვილი ცხოვრობს. შევთანხმდით, რომ ტაშკენტში ჩამოვიდოდა და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავდა.

მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფინანსური საკითხებია, არამედ ის, თუ სად იცხოვრებ, ივარჯიშებ და ითამაშებ. თუმცა, საერთო ჯამში, არ გამოვიდა. დიდი ხნით ფრენა არ უყვარს, ცოტათი ეშინია კიდეც.

რა მიზნები აქვს "ფახთაქორს"?
- ჩვენ აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში გვინდა. ასევე, გვსურს, უზბეკი ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში გავყიდოთ. ამას კი მყარი ფუნდამენტის გარეშე ვერ მოვახერხებთ, მას კი ჩვენი ინტერნაციონალური გუნდით ვაკეთებთ. ჩემთან ერთად თურქი, ქართველი, უზბეკი და ნიდერლანდელი მწვრთნელები მუშაობენ. ჩვენ საკუთარ playbook-ს, ანუ კლუბის ფილოსოფიას ვქმნით.

3 წლის განმვლობაში თქვენ ბრინჯაო, ვერცხლი და გასულ სეზონში, უკვე ოქროს მედლები მოიგეთ, თან 20 ქულით აჯობეთ მდევარს. რატომ არ წახვედით პიკში ყოფნის დროს?
- აუცილებელია წასვლა? ამის გაკეთება ხომ ყოველთვის შეიძლება. დიახ, ბევრი ტიტული მოვიგეთ, თუმცა ისინი საფინალო სასტვენის შემდეგ არქივის ნაწილი ხდებიან. კლუბის საფუძველი კი ახლა იქმნება: ახალ სტადიონს, ბაზასა და აკადემიას ვაშენებთ. ბელგიურ კომპანია Double Pass-თან გავაფორმეთ კონტრაქტი, ისინი მსოფლიოს ბევრ ტოპ-კლუბთან მუშაობენ. ძალიან ბევრ ფულს ვიხდით, რათა კლუბის პროგრესში დაგვეხმარონ.

თქვენ ამბობდით, რომ უზბეკ ფეხბურთელებს ოცნება არ შეუძლიათ...
- რატომ არ ოცნებობენ ტოპ-კლუბში თამაშზე? ვინც არ ოცნებობს, ის ვერც ხვდება. საქართველოში პატარა ბიჭი რომ გააჩერო და ჰკითხო, სად უნდა თამაში - აუცილებლად წამყვან ევროპულ კლუბს დაასახელებს. დაუსვით იგივე შეკითხვა უზბეკ ბიჭუნას და არაბული და აზიური ქვეყნების სახელებს მოისმენთ.

უზბეკეთში 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ევროპაში არცერთი არ თამაშობს. არადა, ამას თავისუფლად შეძლებენ. უკანასკნელ 3 წელში ბევრი რამ შეიცვალა, ფეხბურთის დონემ აიწია, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი უზბეკია.

2010 წელს დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: "ჯერ არ შემიძლია, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენეს". ახლა დათანხმდებოდით?

- არც ახლა დავთანხმდებოდი და რუსეთის ნაკრებში მანამ არ ვიმუშავებ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები - ბათუმში. მახსოვს, როგორ გვეშინოდა ყველას, ამის დავიწყება რთულია.

ერთია კლუბში მუშაობა, ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად ყოფნა კი სულ სხვაა. არ მინდა, პოლიტიკა გავრიო იმ გრძნობებში, რაც თქვენი კულტურისა და ქვეყნის მიმართ მაქვს, თუმცა ეს ყოველთვის გვიშლის ხელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლაც ვერ მოვახერხე. თქვენ საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა არ გჭირდებათ, ჩვენთვის რუსეთში ჩამოსვლისას კი ვიზა სავალდებულოა. დოკუმენტების მთელი დასტა უნდა შემეგროვებინა და ამას დიდი დრო დასჭირდებოდა. ვიცოდი, რომ ბილეთის აღების შემთხვევაში ვიზის გაფორმება საჭირო არ იყო, თუმცა მხოლოდ თამაშზე დასასწრებად ჩამოსვლა არ გვსურდა.

მოსკოვში 2002 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ და აი, თებერვალში მოვხვდი პირველად: "სპარტაკთან" ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. ყველაფერი იდიალური გახლდათ: მოსკოვი, ბუნებაც. მხოლოდ იმაზე დამწყდა გული, რომ წავაგეთ. კარგი იყო 18 წლის შემდეგ იქ დაბრუნება და დაბადების დღის აღნიშვნა.

რუსეთიდან წინადადება რამდენჯერ მიგიღიათ?
- 2016 წელს "კრასნოდარის" ხელმძღვანელობას შევხვდი. ვისაუბრეთ და ამით ყველაფერი დასრულდა. ისინი რამდენიმე კანდიდატს განიხილავდნენ და არჩევანი სხვაზე შეაჩერეს.

იყო ინტერესი "კუბანის" მხრიდანაც, როცა გუნდი პრემიერლიგაში თამაშობდა; ასევე, "რუბინიდან". თუმცა იმ დროს თურქეთში ვმუშაობდი და პირდაპირ განვაცხადე, რომ კლუბის დატოვება არ შემეძლო.

საქართველოს ნაკრებში უფრო ხშირად გიხმობდნენ?
- საქართველოს ეროვნული გუნდის ჩაბარება რამდენჯერმე შემეძლო, თუმცა უარი ვთქვი. პირველად მაშინ იყო, როცა ფეხბურთელის კარიერა დავასრულე. ძალიან კი მინდოდა, თუმცა არც გამოცდილება მქონდა. ვან გაალის ასისტენტობა შემომთავაზეს და მასთან ბევრი რამის სწავლა შემეძლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრებში ძალიან ბევრი მეგობარი თამაშობდა. ასეთი პირობებში მწვრთნელად მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. პირველივე დღიდან ის უნდა აკრძალო, რასაც ამდენი წლის განმავლობაში აკეთებდი. მაგალითად, შუაღამემდე ბანქოს თამაში. ამას ყველა მწვრთნელი გვიშლიდა, თუმცა ჩვენ მაინც ვთამაშობდით.

მეორე შანსი მაშინ იყო, როცა კახი ცხადაძე ფედერაციასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდა. მისი შეცვლა მე შემომთავაზეს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ლამაზი არ იქნებოდა.

საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი კარგად დამთავრდა: ვლადიმირ ვაისი მიიყვანეს, მან საკმაოდ ბევრი შეხვედრა მოიგო. იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ის საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.

თქვენ თქვით, რომ საქართველოში ეროვნული გუნდის მწვრთნელობაზე ადვილი პრემიერ-მინისტრობაა...
- რა თქმა უნდა! ეკონიმიკასა და რეფორმებზე ყოველი შემხვედრი ვერ დაგიწყებს საუბარს, ფეხბურთში კი ყველა შენზე უკეთ ერკვევა. რაში მჭირდება ეს? ფეხბურთელი ვერ გაიტანს და მწვრთნელს აგინებენ. არადა, მე რა შუაში ვარ? არც ჩამიწოდებია და არც დამირტყამს. ეგ კი არა, მინდორზე საერთოდ არ ვარ, ჩემთვის ვზივარ სათადარიგოთა სკამზე.

პოლიტიკური ამბიციები არ გაქვთ?
- არა. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს ამბიცია, ვცხოვრობდე დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონი ყველაზე წინ დგას, სადაც ადამიანებს ნორმალურად შეუძლიათ ცხოვრება, პატივს სცემენ ერთმანეთს, არ ლანძღავენ, არ ხოცავენ, სადაც ტურისტებსაც უხარიათ ჩამოსვლა.

მსურს ჩვენს მეზობლებთან: რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ერთად მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ასეთი ქვეყნის ნახვა იქამდე მინდა, სანამ მას ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან. რა არის ამაში რთული? საქართველოში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ძალიან ვბრაზდები, რომ ქვეყანაში, სადაც სამოთხის აშენება შეიძლება, პოლიტიკოსებს ხალხისთვის სულში ჩაფურთხება შეუძლიათ.

თქვენს მეგობარ კახი კალაძეს შეუძლია იმის გაკეთება, რაზეც საუბრობთ?
- ის ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული და ამბიციური პოლიტიკოსია, რომელმაც ცხოვრებაში ძალიან ბევრს მიაღწია და შეუძლია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი გახდეს. ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მკაცრი იყოს.

ფეხბურთელიც ასეთივე ტემპერამენტიანი, დისციპლინირებული იყო. როგორც წესი, მიღებულია იმის თქმა, რომ ფეხბურთელებს ცხოვრებაში სხვა არაფრის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა მე ამ პოზიციას არ ვეთანხმები.

მარტო კახი ყველაფერს ვერ გაუმკლავდება. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. როცა ახალი მთავრობა რეფორმებს ახორციელებდა, მათ მთელი ქვეყანა ედგა გვერდში. ამის შედეგად დადგა ის, რაც ახლა გვაქვს: უამრავი აშენებული ობიექტი, ევროპის ნებისმიერი წერტილიდან ძალიან ადვილია იქ მოხვედრა, გვაქვს უვიზო რეჟიმი. ამისი შედეგი კი ყოველ წელს საქართველოში ჩამოსული 9 მილიონი ტურისტია.

ყველაფერი ეს ეტაპობრივად მოხდა. მაია ფანჯიკიძემ მოაწერა ხელი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას. ხუთი წლის წინ საქართველოს ისე უყურებდნენ, როგორც ბანანის რესპუბლიკას (ცნება "ბანანის რესპუბლიკა" პოლიტიკის მეცნიერებებსა და ფილოსოფიაში სხვა მნიშვნელობით იხმარება, რესპონდენტი იყენებს ჩამორჩენილი ქვეყნის სინონიმად), ახლა კი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა შეგვიძლია.

საქართველოში ხშირად ხართ ხოლმე?
- იშვიათად. მთელ დროს სამუშაოს ვახმარ. თუ მცირე შვებულება გამომიჩნდა, მაშინვე ოჯახთან მივფრინავ სტამბულში. როცა თურქეთში გადავედი სამუშაოდ, შვილები იქ შევიდნენ სკოლაში, იმ დროს თბილისში საერთაშორისო სკოლები არ იყო. ახლა კი მათი სხვაგან გადაყვანა არ მინდა. აი, ასე "ჩავრჩით" სტამბულში. ისე კი, ვცდილობთ, ახალი წელი და ზაფხული თბილისში გავატაროთ.


მკითხველის კომენტარები / 16 /
"რეინჯერსში" არ უთამაშია თუ როგორაა თქვენი საქმე?:)
emigranti
01:24 22-05-2020
0
"ჯერ არ შემიძლია, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენეს" >>> რაიო? ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთსო? საქართველომ რა ტკივილი მიაყენა რუსეთს?
რაიო ბიჯო?
01:34 22-05-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული