ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

Pressball: კვარაცხელია კოსმოსია, ჩაკვეტაძე - "ქართველი კაკა" - ჰყავთ ასაკოვანი ბიძიებიც

AutoSharing Option
ბელარუსულმა "პრესბალმა" საქართველოს ნაკრების ორი უკანასკნელი მატჩი მიმოიხილა, წამყვანი ფეხბურთელები დაახასიათა და ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გუნდების შანსები შეაფასა. წერილს მცირედი შემოკლებით და სტილის დაცვით გთავაზობთ.

ქართველები ესტონელებს გაუსწორდნენ, მთელი მატჩის მანძილზე მაკედონიელებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. აქვთ თუ არა სანერვიულო ბელარუსებს?

“ათწლეულის ორთა ბრძოლა“ ცხრა მთას იქით არ არის. ჯერჯერობით საქმის ვითარება ჩვენ სასარგებლოდ არ არის.

"Х" დღემდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. 8 ოქტომბერს ბელარუსები და ქართველები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შეეყრებიან. "Х"-ის მეორე დღე 12 ნოემბერსაა დაგეგმილი. მაშინ ჩვენს წყვილში
გამარჯვებული ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. თუ შემოდგომა ბედნიერი გამოდგება, ჩვენი ნაკრები პირველად გაფრინდება EURO-ზე.

ესტონელებთან სასტარტო მატჩმა საქართველოს ნაკრებს პრობლემები არ შეუქმნა. ტალინში მასპინძლები თავიდანვე საკუთარ კარს მიეჯაჭვნენ და მიხვდნენ, რომ თამაშზე დასახულ გეგმაში შეცდნენ. ქართველებმა გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს და მისია წარმატებით დაასრულეს. როგორ გაიტანეს? კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, კაჭარავამ კი შესანიშნავად დაარტყა თავით. მეორე ტაიმში ორი საგოლე მომენტი საბა ლობჟანიძემ შექმნა. „ანკარაგიუჯიუს“ ნახევარმცველმა ბურთი ჯერ ძელს გაარტყა, ხოლო შემდეგ კარს გადააცილა. „ვერ ვიტყვი, რომ ქართველ მცველებს უქმე დღე ჰქონდათ, მაგრამ მათ მეკარეს - ცალსახად“, - განაცხადა ესტონელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა.

კვარაცხელია - კოსმოსია. ლისაკოვიჩზე მაგარია


ვიტალი ლისაკოვიჩი ჩვენი ყველაფერია. ასეა ფიქრი მიღებული. ის ბრწყინავდა სოლიგორსკის „შახტიორში“, ცდილობს მოსკოვის „ლოკომოტივში“, თავისას ამტკიცებს ნაკრებში. სადებიუტო გოლის გატანაში ყაზახი გაფურჟან სუიუმბაევი დაეხმარა, რომელმაც აუტის მოწოდებისას შეცდომა დაუშვა.

ქართველებს თავიანთი ლისაკოვიჩი ჰყავთ, ანუ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქარის მიმართულება შეცვალოს. ისიც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. 2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

ხვიჩა „რუბინის“ მთავარი ვარსკვლავია. 19 წლის (!) ნახევარმცველი საქართველოდან. 2019 წლის პირველ ნახევარში ის „ლოკოში“ თამაშობდა, მერე კი მოულოდნელად თათრეთში გადავიდა. არც შემცდარა - ათამაშდა და გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

ახლა კვარაცხელიას ყველაფერი კარგად აქვს. აგვისტოში „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სექტემბერში ქომაგებს ნაკრებში შედეგიანი ასპარეზობით ახარებს. ესტონელებთან საგოლე გადაცემა გააკეთა, მაკედონიელებთან პენალტი გამოიმუშავა.

სწრაფად დარბის, სანიმუშოდ ფლობს ბურთს. გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატზე მეორე იყო წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით და ამ სეზონშიც კარგად ირჯება. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

დავითაშვილი და ჩაკვეტაძე - ტოპ-ახალგაზრდები

საქართველოს ნაკრები ჩვენსაზე უფრო ახალგაზრდულია. რა თქმა უნდა, ჰყავთ ასაკოვანი ბიძიებიც. მაგალითად, მეკარე გიორგი ლორია და საყრდენი ჯაბა კანკავა, რომელთა გარეშე ეროვნული გუნდი წარმოუდგენელია. გურამ კაშიას, გია გრიგალავასა და ზოგიერთი სხვა შემსრულებლის გარეშე ფონს გასვლას კი მიეჩვივნენ.

ჩვენ უკვე მივხვდით, რა "ხილიცაა" კვარაცხელია. მის უკან ქართველ ტალანტებში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი დგანან.

ჩაკვეტაძეზე ჩვენ უკვე ვწერდით. 2018 წელს მასზე „ბარსა“ და „ტოტენჰემი“ ნადირობდნენ, თუმცა „გენტმა“ ტრანსფერში 25 მილიონის მოთხოვნით დააფრთხო. შედეგად, ბელგიელებმა თავიანთი „ათიანი“ შეინარჩუნეს და განვითარება შესთავაზეს, მაგრამ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. ამის გამო გასულ სეზონში თითქმის არ უთამაშია. ესტონელებთან მატჩმა ვერ დაამტკიცა, რომ ახლა „ქართველი კაკა“ მთლად ისეთი კარგია, მაგრამ ბელარუსებთან შეხვედრამდე მთელი თვეა და შეუძლია ფორმა გაიუმჯობესოს. ჩაკვეტაძეზე უნდა ვიცოდეთ, რომ ნაკრებში 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 6 მილიონია.

დავითაშვილი გასულ სეზონში „რუბინს“ წარმოადგენდა, ახლა კი ალეკსანდრ ხაცკევიჩის მეთვალყურეობის ქვეშ „რუბინში“ მუშაობს. ყაზანელებმა 19 წლის ტალანტი პრემიერლიგის ახალწვეულს იჯარით დაუთმეს, რომელიც ფეხბურთელს სტაბილურ პრაქტიკას დაჰპირდა. ზურიკომ ესტონელებთან დუელი გამოტოვა, ხოლო მაკედონიელებთან მატჩი „ათიანის“ პოზიციაზე შეუცვლელად ჩაატარა. სატრანსფერო ღირებულება - 2.5 მილიონი.

მოკლედ, ქართველებს მოხერხებული შემტევები ჰყავთ და ბელარუსებს იმის მოფიქრება მართებთ, როგორ გაანეიტრალონ ისინი.

5 საქართველოს ჩემპიონატიდან. დანარჩენები?

იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის სასტარტო მატჩებში გამოიყენა, პირველ პუნქტში მოგახსენეთ. ორივე შეხვედრაში ქართველთა ტაქტიკური სქემა 4-2-3-1 იყო.

გაგაცნობთ გუნდის გაფართოებულ განაცხადს. არის ნაცნობი გვარები: მცველი გიორგი ნავალოვსკი, რომელიც 2018 წელს ცოტა ხანი მინსკის „დინამოში“ თამაშობდა და ნახევარმცველი ვაკო გვილია. ის 2016-18 წლებში პრაქტიკას „მინსკსა“ და „ბატეში“ იღებდა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

მწვრთნელი მოვლენების დაჩქარებას არ ცდილობს

ვაისი ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილია. მისი გუნდი მაკედონიასთან ერთად კვარტეტს ლიდერობს.

ბელარუსებთან მატჩზე ფიქრობს, მაგრამ არაფერს ამბობს: „ჯერ ბელარუსებთან ოქტომბერში გასამართ თამაშზე საუბარი ადრეა. ერთ თვეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ევროპირველობაზე მოხვედრა ყველას სურს, მაგრამ ამ მომენტში ფავორიტი არც ერთი გუნდი არ არის“.

ვაისი მართალია: ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ამასვე გაუსვა ხაზი ჩვენი ნაკრების მესაჭე მიხაილ მარხელმა.

ჩვენ კი კონსტანტირებას ვახდენთ: "Х" დღემდე ქართველები უკეთ გამოიყურებიან."

ასევე დაგაინტერესებთ