მწვრთნელის კრიტიკა, ცვალებადი ხასიათი, საყვარელი ტაქტიკა - საინტერესო ფაქტები საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის შესახებ

AutoSharing Option
გუშინ, 15 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი გახდა. ამ ტექსტში კი ვეცდებით, ფრანგი მწვრთნელი უფრო ახლოს გაგაცნოთ და შეგიქმნათ წარმოდგენა, რა ტიპის ადამიანია და სავარაუდოდ, როგორ ფეხბურთს ათამაშებს ჩვენს ნაკრებს.

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა საფრანგეთში, "სენტ ეტიენის" რიგებში დაიწყო. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ სამშობლოში თამაშისას ფრანგი მცველი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო და მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლებოდა. აი, "ბაიერნში" კი გადასვლიდან მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. თამაშობდა სულ, როცა ჯანმრთელი იყო.

"ბაიერნში" ყველაფერი რიგზე გახლდათ,
სანამ სანიოლმა მომდევნო ტრავმა არ მიიღო. დაბრუნებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიცფელდმა ძირითად შემადგენლობაში აღარ დააყენა და სანიოლსაც გუნდიდან წასვლა მოუნდა, რაც არც მედიასთან საუბარში დამალა.

"სამწუხაროდ, დიდ სათამაშო დროს ვერ მივცემ, რადგან ბუნდესლიგაში ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ყველა ქულა მნიშვნელოვანია", - თქვა ჰიცფელდმა ფრანგ მცველზე.

სანიოლის განცხადებას გუნდის კაპიტანი ოლივერ კანი საკმაოდ კრიტიკულად გამოეხმაურა:

"ვერ ვხვდები, ვილის რა არ მოსწონს. კი, ტრავმის გამო დიდი ხანი ვერ ითამაშა, მაგრამ ამის გამო ჭკუიდან არ უნდა გადავიდეს. მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს, ვინ გავა მოედანზე."

აი, კლუბის ხელმძღვანელმა ული ჰიონესმა კი, როგორც ჩანს, ფრანგი მცველის ხასიათი ყველაზე კარგად იცოდა:

"ვილი ემოციური ბიჭია. გუშინ წასვლა უნდოდა, დღეს დარჩენა მოუნდება, ხვალ ახალ კონტრაქტს მოითხოვს." და ასეც მოხდა, სანიოლმა "ბაიერნიდან" წასვლა მალევე გადაიფიქრა. არადა, საუბრები მის "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მილანში" გადასვლაზე მიდიოდა.

თუმცა საკმაოდ ხისტი ადამიანია და ჰიცფელდის კრიტიკას არ ერიდებოდა. ერთხელ მწვრთნელმა მარჯვენა გარემარბად ათამაშა და სანიოლმა "ალიანს არენის" სტვენა დაიმსახურა. მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ ყველაფერი მწვრთნელის ბრალი იყო, რომელიც თავის პოზიციაზე არ ათამაშებდა და იმედი გამოთქვა, რომ დამრიგებელი მალე შეეცვლებოდა. ასეც მოხდა, მალე ბავარიულ გრანდში მთავარ მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დანიშნეს.

მაგრამ ამან სანიოლის მდგომარეობა დიდად ვერ შეცვალა. აქილევსის მყესის ტრავმა მოურჩენელი იყო და კარიერის დასრულება 31 წლის ასაკში მოუხდა. მაშინვე "მონაკოს" გენერალური მენეჯერობა მოინდომა, რაც არ გამოვიდა. ამის შემდეგ, 2011 წელს საფრანგეთის ნაკრების მენეჯერად დანიშნეს.

იყო საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიც და განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მიაღწია. აი, 2014 წლის 5 ნოემბერს, "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ისეთი განცხადება გააკეთა, რის გამოც ბოდიშის მოხდა მოუწია:

"სანამ "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი ვარ, გუნდში რაც შეიძლება ნაკლებ აფრიკელს მოვიწვევთ. არ მინდა, ყოველ 2 წელში სეზონის შუაში ნახევარი გუნდი აფრიკის თასზე თამაშის გამო დავკარგო. აფრიკელ ფეხბურთელებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ: დაბალ ხელფასებს თანხმდებიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ და ფიზიკური ძალით გამოირჩევიან. მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, დისციპლინა და ჭკუაც საჭიროა, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული."

ამის მერე კი სანიოლმა თავი იმართლა, ცუდი ინტერპრეტაცია გაუკეთეს ჩემს სიტყვებს, აფრიკელებს დაბალი ინტელექტის ხალხად არ ვთვლი და თუ ვინმემ ასე მიიღო, ბოდიშს ვიხდიო.

ამის მერე ლიგა 1-ის შეხვედრისას მსაჯს უკბილოდ ეხუმრა. როგორც თავად თქვა, "ვაზელინის შესახებ შთამბეჭდავ ისტორიას" მოუყვა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაიმსახურა.

2015 წლის სეზონის ბოლოს სანიოლის გაწვრთნილმა "ბორდომ" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზეც ითამაშა. თუმცა მომდევნო სეზონში 30 ტურის შემდეგ გუნდი 38 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებოდა და სანიოლიც გაათავისუფლეს.

2017 წლის დასაწყისში, სანიოლი განას ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დაენიშნათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფრანგი სპეციალისტი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ბოლოს აფრიკელებმა სხვა სპეციალისტი არჩიეს.

სამაგიეროდ, იმავე წლის ივნისში მიუნხენის "ბაიერნში" მოეწყო კარლო ანჩელოტის ასისტენტად. "პაპა კარლოს" წასვლის შემდეგ ერთ შეხვედრაში "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელიც იყო. გუნდი "ჰერტას" 2:0-ს უგებდა, თუმცა შეხვედრა 2:2 დასრულდა. მალე სანიოლმა "ბაიერნი" დატოვა და აღარსად უმუშავია. არადა, მიუნხენელები ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობას სთავაზობდნენ, თუმცა სანიოლმა იუარა, აქ არავის ვჭირდებიო და წავიდა.

ამ დროიდან მოყოლებული, პრესაში ორი განცხადებით გამოჩნდა: ერთი, ზიდანის შესახებ ისაუბრა, 2006 წლის მუნდიალის ფინალში რაც გააკეთა, მაგის გამო მთელი გუნდი ზიზუზე აღრენილები ვიყავით და მისი ბოდიში არ მივიღეო; მეორე კი ვარანზე თქვა, "ბაიერნმა" ფრანგი მცველის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო არ გადაიხადაო.

ამის შემდეგ კი მსოფლიო სპორტულის პრესის ყურადღების ქვეშ გუშინ, 15 თებერვალს მოექცა, როცა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სანიოლი მწვრთნელობისას 2 სქემას იყენებდა: 4-4-2 და 4-2-3-1. თანამედროვე ფეხბურთში 2 ცენტრფორვარდით ძალიან ცოტა ვინმე თუ თამაშობს.

"ბორდოში" მისვლის შემდეგ სანიოლმა თქვა:

"მე მინდა შემტევი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი ვნახო. "ბაიერნში" გავიაზრე, რომ ფეხბურთში უმაღლესი შედეგების მისაღწევად მოედანზე სიამოვნება უნდა მიიღო. ამისათვის კი საჭიროა ბურთს დიდხანს ფლობდე და ბევრჯერ გარისკო. ჩემთვის ფეხბურთი, პირველ რიგში, გართობაა. ცხადია, ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე კარგად უნდა შეასრულონ, მაგრამ რა ჯანდაბად უნდათ გულშემატკივრებს ფეხბურთი, თუ ეს სიამოვნებას არ მოუტანთ?!"

სანიოლს მწვრთნელობისას ტიტული არ მოუგია, თუმცა, როგორც ფეხბურთელს, თასები არ აკლია:

"მონაკოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და სუპერთასიც მოიგო. "ბაიერნის" რიგებში 5-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი, საფრანგეთთან ერთად 2-ჯერ დაეუფლა კონფედერაციის თასს.

altდავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს





მკითხველის კომენტარები / 35 /
შენიშვნა ჟურნალისტს. მიუნხენი რუსული კალკია.მიუნჰენი ან მიუნშენი არის სწორი თარგმანი.
გიორგი
15:16 21-02-2021
0
ეხლა აზრი არა აქვს,ეს ჯობდა,ის ჯობდა.დანიშნეს უკვე კაცი,მორჩა.ეხლა მთავარია ნაკრებში თამაშზე დავიყოლიოთ უპირველეს ყოვლისა,წიტაიშვილი და აუცილებლად ცსკაში რომ თამაშობს,მარადაშვილი.უნევერსალი,მზა ფეხბურთელი,რომელსაც მარცხენა,ჩვენთვის პრობლემატურ მცველადაც შეუძლია თამაში.მიქაუტაძეც უნდა ჩამოვიყვანოთ და გოგიაც გერმანიიდან.კიდევ არიან რამოდენიმე.და შემდეგ შეიძლება მართლა კარგი,საშუალო ნაკრების გაკეთება.მაგრამ რაღაც არ მეიმედება ამ ფედერაციის.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.ღმერთი თქვენსკენ.წარმატებები
კახა ქ.
14:18 18-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული