ნიდერლანდები-საქართველოს (3:0) მატჩის შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებებს.
გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების კიპერს მართლაც მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა და მინიმუმ სამჯერ საოცარი რეაქციით გუნდი გადაარჩინა.
"ჯვაროსანთა" მეკარეს გაშვებულ გოლებში ვერაფრით დავადანაშაულებთ. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მატჩის მიუხედავად, ლორიას კარში სამი ბურთი გავიდა.
ოთარ კაკაბაძე (5.0) - ახალ ტაქტიკურ სქემას საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზმა ალღო სათანადოდ ვერ აუღო. კაკაბაძე დაცვით ფუნქციებში საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა მეტოქის აქტიურ პრესინგთან გამკლავება უჭირდა. თუკი მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე ეპიზოდს
არ ჩავთვლით, ოთარს თავისი ძლიერი მხარეები - ფლანგიდან გარღვევა და სახიფათო ჩაწოდებები, ფაქტობრივად, არ გამოუყენებია. ერთხელ სახიფათო იერიში ყვითელი ბარათის ხარჯზე შეაჩერა.
დავით ხოჭოლავა (5.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზიდან ხოჭოლავა ენსხედურ მატჩში შესაძლოა, ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ის ბოლო შეხვედრებში არც ისე შესამჩნევია როგორც მეტოქის იერიშების ჩაშლისას, ასევე ჩვენი შეტევების წამოწყების დროს. ერთხელ დე იონგს კარგი ჯარიმა "აჰკიდა" და საკუთარ კართან შეტევის ნაცვლად, საქართველოს ნაკრებს ბურთი მოუპოვა.
გურამ კაშია (6.0) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არაერთი წარმატებული ვარდნით საკუთარ გუნდს ხიფათი აარიდა. ის ჩვენს დაცვაში აშკარად დომინანტური ფიგურაა. დაცვიდან შეტევაში ყველაზე კარგი პასი გუნდში კაშიას აქვს.
ამის მიუხედავად, მაღალი დონის შემტევების წინააღმდეგ კაშიას შეცდომები ჰქონდა - პენალტის ეპიზოდამდე მემფის დეპაი მას იოლად გაუმკლავდა, მეორე გოლის დროს კი, უბრალოდ, ინდივიდუალურად აჯობეს.
ლაშა დვალი (5.0) - სამცველიან ტაქტიკაში დვალი ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდა. პენალტის ეპიზოდში მას მეურვე აშკარად გაექცა და შემდეგ წესების დარღვევა მოუწია. ნიდერლანდელთა პრესინგის დროს დვალს ბურთის გაფრთხილება უჭირდა.
გურამ გიორბელიძე (5.5) - "ვოლფსბერგერის" მცველი პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მისი ფლანგი საპირისპიროზე აქტიური იყო, თუმცა ნიდერლანდელი დუმფრისი მას ენერგიულად აწუხებდა და შეცდომებს აშვებინებდა.
მეორე ტაიმში გიორბელიძე ნაკლებად აქტიურობდა, როგორც ხუთი მცველით თამაშისას, ასევე ტაქტიკის ცვლილების შემდეგ.
ვაკო გვილია (4.5) - ნახევარმცველი როგორც ყოველთვის, მონდომებული იყო, თუმცა ნაკლებად პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. გვილიამ გასატანი ვერ გაიტანა - მშვენივრად გათამაშებული კომბინაციის გოლით დაგვირგვინება მართებდა. გარდა ამისა, რამდენიმე ეპიზოდში უკეთ თამაში მოეთხოვებოდა.
გიორგი აბურჯანია (6.0) - გიორგიმ დაგვანახა, რომ კომბინაციური თამაშის ელემენტები და პასის კულტურა განვითარებული აქვს. ჩვენ მიერ პირველ ტაიმში შექმნილ ორივე საგოლე მომენტში მონაწილეობდა - ჯერ საბა ლობჟანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო კიტეიშვილთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა. სამწუხაროდ, ეს ეპიზოდები გოლით არ დასრულებულა.
ოთარ კიტეიშვილი (6.0) - საქართველოს ნაკრების შეტევების სულისჩამდგმელი აშკარად ისევ "შტურმის" ნახევარმცველი იყო. პირველი ტაიმის შუაში ვნახეთ, რომ ოთარი მინდორზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო და სახელოვან მეტოქეებს არაფერს უთმობდა, ვაკო გვილიასაც მშვენივრად უპასა.
მეორე ტაიმში კიტეიშვილის ეფეტურობამ იკლო და ეს ნაკრებზეც აისახა.
საბა ლობჟანიძე (5.5) - როცა ამ დონის მეტოქესთან მატჩის სტარტზევე საგოლე შანსი გაქვს, ის არ უნდა გაანიავო. საბამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და სტეკელენბურგისთვის ტექნიკური დარტყმის შესრულება სცადა.
ლობჟანიძე მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი პლუსი, სისწრაფე გამოეყენებინა. რამდენჯერმე კარგი იერიში განახორციელა. საბა ბურთს კარგავდა, შეცდომებიც ჰქონდა და სანიოლმა შესვენების შემდეგ შეცვალა.
ბუდუ ზივზივაძე (4.5) - "ფეჰერვარის" ფორვარდს შეუძლია თქვას, რომ სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ესპანეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ათამაშა და ამის გამო საკუთარი თავი კარგად ვერ გამოავლინა, მაგრამ ფეხბურთელმა სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების წევრობას იმსახურებს.
ზივზივაძეს ძალიან გაუჭირდება, თუმცა მონდომება ეტყობოდა.
ზურიკო დავითაშვილი (4.5) - შესაძლოა, ვილი სანიოლი ფიქრობდა, რომ დავითაშვილს იმ ფუნქციების შესრულება შეეძლო, რასაც პირველ ტაიმში საბა ლობჟანიძე ახერხებდა, მაგრამ ზურიკომ თამაშს განსაკუთრებული ვერაფერი შესძინა. არადა, მას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ნაკრების თამაში გარდაქმნას. ერთ ეპიზოდში კარში ურტყამდა, ბურთი გვილიას ცუდად შეეხო და მოედნის ფარგლები დატოვა.
გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრების ახალბედა ფორვარდს დიდი დრო არ ჰქონია. მას მცველები მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდა. ერთხელ ცოტა დააკლდა, ნათან აკეს გასცდენოდა და მეკარესთან პირისპირ გასულიყო. მიქაუტაძემ ერთ ეპიზოდში კარისკენაც დაარტყა.
ჯაბა ჯიღაური - ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველს შედევრამდე ცოტა დააკლდა, მართლაც მშვენივრად დაარტყა, თუმცა ნიდერლანდელებს ხარიხა დაეხმარა.
ნიკა კვეკვესკირი, ბუბა დაუშვილი, სერგო კუხიანიძე - შეფასებისთვის ცოტა დრო მიეცათ.
ვილი სანიოლი (6.5) - ამხანაგურ შეხვედრებს თავისი დანიშნულება აქვს. სანიოლმა ახალი ტაქტიკა გამოსცადა და თავადაც დარწმუნდებოდა, რომ მას მომავალში ნაკლებად უნდა დაეყრდნოს.
მეტოქის სიძლიერიდან და როტაციიდან გამომდინარე, რთულია, საქართველოს ნაკრებისთვის შედეგი მოგეთხოვა. რიგ ეპიზოდებში სწორი ფეხბურთის ელემენტები და საინტერესო კომბინაციები სახეზე იყო. ჩანდა, რომ სტანდარტულ მდგომარეობებზე გუნდი მეტს მუშაობს, რათა მისგან ხიფათი შექმნას.