ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"წიტაიშვილი ქართველია, თავისი არჩევანი გააკეთა და არ განვკიცხავ" - ამბობს უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
სანამ სერგეი რებროვი არაბთა გაერთიანებული საამიროების "ალ-აინთან" კონტრაქტს გაწყვეტს, უკრაინის ნაკრებს ალექსანდრ პეტრაკოვი უხელმძღვანელებს. 2019 წელს მისი ხელმძღვანელობით უკრაინელები 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მის გუნდში თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი თამაშობდა, რომელმაც ფინალში დიდებული გოლი გაიტანა. პეტრაკოვმა დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა და წიტაიშვილის შესახებაც ისაუბრა.

"წიტაიშვილის თაობაზე, მე ყოველთვის პირდაპირი ადამიანი ვარ და შემიძლია თქვენ ყველაფერი მოგიყვეთ. თავის დროზე მე ლობანოვსკის სახელობის ტურნირზე გავიყვანე გუნდი. იქ 1999-97 წლებში დაბადებულები ასპარეზობდნენ, ჩვენ კი 1999-2000 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით მივიღეთ მონაწილეობა. ეს იდეა ალექსანდრ გოლოვკომ შემომთავაზა.
ვფიქრობდი, ახლა მოედანზე გავალთ, ასაკში ამხელა სხვაობაა, ლობანოვსკის ტურნირია... შევრცხვებით. თუმცა, მე ამაზე წავედი. ბიჭებს რჩევა ვკითხე და წავედი.

და აი, ამ ტურნირზე გუნდში წიტაიშვილი ავიყვანე. ჩემთან ვუხმე და ვეუბნები: "შენ როგორ მოგმართო? გიო? ჟორა?". ის მეუბნება: "როგორც გინდათ, ისე დამიძახეთ. გიო". ვუთხარი: "მისმინე, მე შენ გუნდში გიყვან. მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგიყვანო, მაგრამ ნუ იეშმაკებ. ახლა ჩვენთან ითამაშებ, ეს ვიცი და 100%-ით ვგრძნობ, მოვა დრო და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ წახვალ". მიპასუხა: "არა, არა, ასეთი რამ არ მოხდება".

ხომ ხედავთ, დრო გავიდა და გიომ თავისი არჩევანი გააკეთა. ჩემს თანაშემწეებს შეუძლიათ ჩემი ნათქვამი დაადასტურონ. მან თავისი არჩევანი გააკეთა, თავისი გზა აირჩია - ეს მისი უფლებაა. ის ქართველია და არ განვკიცხავ".

წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახა.