მარცხიცაა და მარცხიც - ასეთი უხერხემლო და თითქოს, ნაკლები ჟინით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვინახავს. ყველაფრის ლიდერების არყოფნასა თუ ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებზე დაბრალება პრობლემებისგან გაქცევა იქნება...
შემადგენლობა
როცა მთავარი მწვრთნელის ესა თუ ის გადაწყვეტილება არ გაამართლებს, შემდეგ მსჯელობა, რა თქმა უნდა, მარტივია. გასაგებია, დანაკლისი არაერთი იყო, განუზომელი საკადრო რესურსი ისედაც არ გვაქვს, მაგრამ შემადგენლობამ ვერ გაამართლა.
სანიოლი, ერთი მხრივ, მართალი იყო, როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე მოთამაშეებს არ დაეყრდნო - მაგალითად, ფლანგის მცველების შემთხვევაში, გურამ გიორბელიძისა და ოთარ კაკაბაძის ნაცვლად საქმე ირაკლი აზაროვსა და გრიგოლ ჩაბრაძეს ჩააბარა... სიმართლე უნდა ვთქვათ, განსაკუთრებით მარჯვნივ, არაერთი პრობლემა შეიქმნა და ბევრად მეტის გაკეთება იყო საჭირო როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტში.
გასაკვირია ასევე ის ფაქტი, რომ დაცვის ფლანგელის ცვლილება მატჩის განმავლობაშიც არ მომხდარა. არადა, გურამ გიორბელიძე თითქოს აქტიურად ემზადებოდა...
რაც შეეხება პრაქტიკის არქონას - გიორგი აბურჯანია ამ ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი ძალაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში მიღებული დაზიანების შემდეგ ფორმაში შესვლას ეტაპობრივად ახერხებს, თუმცა ბათუმში მოედანზე 78 წუთი გაატარა...
ნახევარდაცვაში სწრაფი გადაწყვეტილებები და ფანტაზია გვაკლდა, რასაც ხელი ოთარ კიტეიშვილის ტრავმამაც შეუწყო...
როგორ უნდა გავიტანოთ?
ვლადიმირ ვაისის დროიდან მოყოლებული სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მეტოქის კართან შექმნილი მომენტები გუნდური მოქმედებების შედეგი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ინდივიდუალიზმით მუდმივად ფონს ვერ გავალთ.
აქამდე სანიოლისგან მცდელობებს, რომ ყველა შეტევა ორგანიზებული ყოფილიყო, ვხედავდით. მან ასევე მატჩამდე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ წარმატება კვარაცხელიას გარეშეც შესაძლებელი იყო, მაგრამ ის, რაც ბათუმში ვნახეთ, ამ ყველაფრისგან ძალიან შორს იდგა...
საქართველოს ნაკრებისგან ისევ გაუთავებელი ჩაწოდებები (უფრო მეტად მცდელობები) ვნახეთ, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. თავი რომ დავანებოთ იმას, ეს შეტევისთვის რამდენად კარგი ვარიანტია, ამ ტაქტიკის შესრულებას თავისი სტილისა და უნარების მქონე ფეხბურთელები სჭირდება...
ისევ გვიჭირდა როგორც მოწინააღმდეგის პრესინგიდან ამოსვლა, ასევე კოსოვოელთა კართან ახლოს მათი შეწუხება.
ცვლილებები
როცა "ჯვაროსნების" ამ მდგომარეობას ცოტათი უკანა პერიოდთან ვადარებდით, აღნიშნული იყო, რომ სანიოლი ცდილობს, ახალი მოთამაშეების შემოყვანით თამაშის სცენარი შეცვალოს და მისი ცვლილება მხოლოდ ცვლილებისთვის არ კეთდება. რაც კოსოვოს წინააღმდეგ მოხდა, ამის საპირისპიროს ამტკიცებს.
საკადრო დეფიციტს ხაზი კიდევ ერთხელ უნდა გაესვას, მაგრამ ფაქტია, ახალმა მოთამაშეებმა არსობრივად ვერაფერი შეცვალეს. სანიოლმა თითქოს ყველა მის ხელთ არსებული შეტევითი არსენალის ფეხბურთელი შემოიყვანა, თუმცა თამაშის ხასიათი იგივე დარჩა. გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერჯერობით ბევრი დრო არ ეძლევა...
ფორვარდი
ეს საკითხი ისევ მწვავე და აქტუალურია. მთავარი მწვრთნელი თითქოს მიქაუტაძეზე დაყრდნობაზე ჩამოყალიბდა, თუმცა ახლა მას სათამაშო პრაქტიკა აკლია.
გიორგი ქვილითაია თამაშის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე უნდა ყოფილიყო, მას საკმაოდ ტვირთავდნენ, თუმცა ხიფათის შექმნა თავადაც უჭირდა და ღირებულს ვერც მისი ორთაბრძოლებში შესვლის შემდეგ ვაღწევდით.
საქართველოს ნაკრებმა კარში სულ ორჯერ დაარტყა და აქედან ერთი მიქაუტაძეს ეკუთვნოდა - პოზიცია ცუდი და საკმაოდ შორი იყო, თუმცა "სერენის" ფორვარდს ამას ვერ დავუკარგავთ - ბურთის მიღებისთანავე კარს უყურებს და მასთან მუდამ ზურგით არ იმყოფება.
ერთ წრეზე...
როგორი ოპტიმისტებიც უნდა ავიყოთ, ფაქტია - ისევ გვიჭირს იმ მატჩებში ინიციატივის აღება, სადაც მოგება დაგეგმილი გვაქვს და თითქოს, ეს არც ჩვენს ძალებს აღემატება.
ესპანეთთან საშინაო მატჩში ჩვენმა ნაკრებმა არაფერი დააკლო, მუხტი და ენერგია იგრძნობოდა, კოსოვოსთან მარცხმა კი, თამაშის სცენარიდან და არა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონაისთან წაგებული ფინალი გაგვახსენა - მეტოქემ ფაქტობრივად არაფერი შეგვაქმნევინა, თვითონ კი თავისი თამაში სწორად ააგო, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა.
სანიოლი
ფრანგი სპეციალისტი თამამი გადაწყვეტილებების გამო ბევრჯერ შეგვიქია, თუმცა კოსოვოსთან მატჩი ჩააგდო და მეტოქის მთავარ მწვრთნელთან ტაქტიკურ დუელში დამარცხდა.
კოსოვოს ნაკრები სხვა მატჩებში ასეთი კონტრშეტევებზე მოფიქრალი გუნდი, როგორც ეს ბათუმში გამოჩნდა, ნამდვილად არაა, თუმცა ბერნარ შალანდემ ზუსტად წარმოიდგინა ის სცენარი, რაც შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრებისგან ეხილა.
ცოტათი უცნაური იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მეორე ტაიმი ცვლილების გარეშე დაიწყო - როგორც ფლანგები, ასევე მოედნის შუა ნაწილი განსკუთრებულ გაძლიერებას ითხოვდა. ვილიმ ამ ეტაპზე ვერ გარისკა - თუნდაც სანდრო ალთუნაშვილის შემოყვანით მწვრთნელს შეეძლო, რომ ნახევარდაცვაში მეტი სიახლე, ენერგია და მოულოდნელობა შეეტანა.
ამინდის ფაქტორიც გასაგებია, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეტევებს ორგანიზებულობა აკლდა.
სანიოლს არც ყველაფრის ფეხბურთელებზე დაბრალება უცდია და საკუთარი თავიც განზე არ დაუყენებია. მას ერთ რამეში უნდა გავუგოთ - მოთამაშეებთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს და ყველა სირთულეს ასე მარტივად ვერ გადაჭრის...
წიტაიშვილი
გიორგი წიტაიშვილი ამ სტატიისა და მატჩის ტკბილი ლუკმაა. ის ახლა ოპტიმალური ფორმისგან შორსაა და ნაკრებშიც დებიუტი ჰქონდა, ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდში აშკარად გამორჩეული იყო - კოსოვოელ მცველებს მისი გამკლავება წესების დარღვევის გარეშე უჭირდათ, თამაშის გამწვავებას კი მუდმივად ცდილობდა.
წიტაიშვილი არც ხვიჩა კვარაცხელიას და არც გიორგი ჩაკვეტაძის სტილის მოთამაშე არაა, თავისი უპირატესობები აქვს, მათთან ერთად კი ბევრად პროდუქტიული უნდა იყოს.
უბურთოთ მოძრაობა, სივრცის აღქმა, გახსნა - ეს კომპონენტები წიტაიშვილს აშკარად გამჯდარი აქვს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორც გუნდს, ასევე მთავარ მწვრთნელს, დიდი გაკვეთილი უნდა მიეღოთ, რომლის გარკვეული შედეგებიც უკვე რამდენიმე დღეში უნდა დავინახოთ...