გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების მეკარემ ერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გვიხსნა, არჩათვლილ გოლამდე კი ზედიზედ 2-ჯერ საოცარი რეაქცია გამოავლინა.
გაშვებული ბურთის დროს გიორგის ვერაფერს დავაბრალებთ - იმ მანძილიდან თავით დარტყმულზე რეაგირება ურთულესი საქმეა.
გრიგოლ ჩაბრაძე (5.0) - ბათუმის "დინამოს" მცველმა როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში ვერაფერი გააწყო.
გაშვებული გოლისას, ასევე სხვა ეპიზოდებში, კოსოვოელები მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიურობდნენ. ჩაბრაძეს ერთხელ კასტრატი წარმოუდგენლად წამგებიანი სიტუაციიდან გაექცა.
რაც
გურამ კაშია (6.5) - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნს დიდი დატვირთვა ჰქონდა, ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი იტვირთებოდა და გურამს მისი დაზღვევა უწევდა.
კაშიამ რამდენიმე ეპიზოდში თავისი მაღალი კლასი გამოავლინა და მეტოქის იერიშები ჩაშალა. ფაქტია, "სლოვანის" მცველი ჩვენი ნაკრების დაცვას ერთიანსა და სოლიდურს ხდის.
დავით ხოჭოლავა (6.0) - თუკი გოლის ეპიზოდს არ ჩავთვლით, ხოჭოლავა ცუდად არ გამოიყურებოდა. მასაც, კაშიას მსგავსად, სამუშაო გაზრდილი ჰქონდა, რაც ისევ ფლანგურ იერიშებს უკავშირდებოდა.
ხოჭოლავამ ერთ ეპიზოდში ვარდნით აშკარად საგოლე სიტუაციისგან გვიხსნა.
ირაკლი აზაროვი (5.5) - ბათუმის "დინამოს" მცველის ფლანგი საპირისპიროზე დამაჯერებელი და აქტიური იყო, თუმცა ირაკლისგან უფრო მეტს ველით.
შეტევების დროს, აზაროვს მოძრაობა აკლდა, მოწინააღმდეგეებზე გაცდენას, უფრო მეტად, ადგილიდან ცდილობდა, რის გამოც საკუთარი სისწრაფის პლუსებს სათანადოდ ვერ იყენებდა.
აზაროვს დაცვით ფაზაში კარგად აზღვევდნენ, მათ შორის კაპიტანი კანკავაც, მაგრამ ირაკლის შეცდომები როგორც პოზიციურად, ასევე ტექნიკურად ჰქონდა.
ჯაბა კანკავა (7.0) - კაპიტანი ტრადიციულად, ბევრს იბრძოდა, ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის თავისუფალი ზონები გადაეკეტა, ამავდროულად კი ორთაბრძოლებში მათ ტოლს არ უდებდა.
ჯაბამ ერთ ეპიზოდში, ლორიას მოგერიების შემდეგ, ბურთი დაბლოკა და მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება აღარ მისცა.
კაპიტნის ასეთი თამაშის დროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, მის გვერდით მყოფი ნახევარმცველები თამაშს როგორ გაამწვავებდნენ, ოთარ კიტეიშვილის ნაადრევმა გასვლამ კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემები შექმნა.
გიორგი აბურჯანია (5.5) - გიორგი აზრიანი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთი კარგად ამოაქვს და კარგი პასიც ეხერხება, თუმცა 2 სექტემბერს მისი თამაში იდეალურისგან შორს იყო და ეს გასაკვირი არცაა - მას საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.
აბურჯანიას ცდა ნამდვილად არ დაუკლია, თუმცა არსებულ ვითარებაში ნახევარდაცვას სათანადო მობილურობა და სიმწვავე ვერ შესძინა.
გიორგი წიტაიშვილი (7.0) - საქართველოს ნაკრების დებიუტანტს დიდი ჟინი და მოტივაცია ეტყობოდა, მოწინააღმდეგის მცველები მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდა. სიჩქარისა და ტექნიკური არსენალის ხარჯზე, გიორგი კოსოვოელები აიძულებდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაერღვიათ.
რაც გიორგის თამაშს აკლდა, მეტი პროდუქტიულობა (თუნდაც უდრო ზუსტი პასები) იყო, თუმცა ეს მხოლოდ მასზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა.
ვაკო ყაზაიშვილი (5.0) - ვაკომ სანიოლთან მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო და გარკვეული შეთამაშების პრობლემაც არსებობდა. მას საკმაოდ დიდი გზის გამოვლა უწევს, რაც პანდემიურ პერიოდში დამატებით სირთულეებთან დაკავაშირებული.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყაზაიშვილის იმის აჩრდილი იყო, რასაც მას "ულსანში" ვხედავთ - ვერ გაამწვავა თამაში, არ გამოუყენებია თავისი საფირმო კოზირები, თუნდაც შორეული დარტყმა, რომელიც ამინდიდან გამომდინარე, უფრო მეტი ხიფათის შემცველი იქნებოდა.
გიორგი ქვილითაია (5.5) - როცა "აპოელის" ფორვარდი მოედანზეა, თამაში ძირითადად ამ სცენარით მიდის - შეტევა მისი მეშვეობით უნდა განვითარდეს.
გიორგი არაერთ ორთაბრძოლაში შევიდა, ფლანგზე გადმოსვლა და ბურთის წაღება სცადა, ერთხელ მაგრად იბრძოლა და 2 მცველს არ შეუშინდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო.
ქვილითაია უმეტესად ბურთს კარიდან ზურგით იღებს, თვითონ ხიფათის შემქმნა უჭირს, მის მოგებულ ორთაბრძოლებს კი განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია.
ჯაბა ჯიღაური (5.5) - გამოცდილი ნახევარმცველი თამაშში მოულოდნელად ჩაერთო. ჯაბამ შეტევის გაძლიერება არაერთხელ სცადა, კარშიც დაარტყა და შეხვედრის გადასარჩენად გული და სულიც ჩადო... თუმცა...
გიორგი მიქაუტაძე (5.5) - საქართველოს ნაკრების ახალბედა ფორვარდისთვის, შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, თამაშში ჩართვა იოლი არ ყოფილა. მას ბევრი შანსი არ ჰქონია - ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელაც მისი მცდელობა მცველებმა დაბლოკეს - მიქაუტაძეს ნამდვილად აქვს ფორვარდის უნარების, ბურთს იღებს და მაშინვე გამწვავებას და გოლის გატანას ფიქრობს.
გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი - მათ ბევრი დრო არ მისცემიათ. საქართველოს ნაკრები გათანაბრებას ცდილობდა და სიჩქარეში ქაოსური ელემენტებიც მრავლად იყო. ჩვენ ამ ფეხბურთელებისგან გაცილებით მეტი გვახსოვს და მომავალშიც ველით. მთავარია, ჩაკვეტაძის ტრავმიანობა წარსულს ჩაბარდეს.
ოთარ კიტეიშვილი - სამწუხაროდ, ოთარი მატჩის დასაწყისშივე, ტრავმის გამო შეცვალეს.
ვილი სანიოლი (5.0) - ეს ფრანგი სპეციალისტის დღე ნამდვილად არ იყო - მან შემადგენლობა მეტ-ნაკლებად სწორად შეარჩია, თუმცა რამდენიმე მათგანმა მოლოდინები ვერ გაუმართლა.
ფრანგმა სპეციალისტმა მეორე ტაიმში სიტუაციის რადიკალურად შეცვლა ვერც ცვლილებებით და ვერც ტაქტიკურად შეძლო.
მთავარი მწვრთნელი გამოცდილ ვიზავისთან დაიჩაგრა - მისგან განსხვავებით, წარმატების გასაღებს ვერ მიაგნო და ვერც საპასუხო დაუპირისპირა.
ვინც კარგ ფორმაში იყო, ჩვენი ნაკრების დახმარება ვერ შეძლო - სანიოლისთვის ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.
ამ სტატიაში კრიტიკაზე მეტი ქებაა.
ხოჭოლავას 100% დამსახურებით გაგვიტანეს გოლი და 6.0 დაუწერეთ და არანაირი კრიტიკა, ან კანკავამ რა გააკეთა 7.0 ის? ჩაბრაძე აზაროვზე არაფერს ვამბობ საერთოდ, დახვაში ძალიან სუსტები არიან.
ასე ჩვენ შორს ვერ გავფრინდებით.