საქართველოს ნაკრების ტრაგიკომიკური "ფილმი" 27 წელია გრძელდება - ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავად უნდა თქვას ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა. ამაში გასაკვირი არც არაფერია: ეს ტრაგიკომიკური "ფილმი" ხომ 27 წელია გრძელდება, ათასჯერ ნანახი გვაქვს, ზეპირად ვიცით და მაინც ვიშლით ნერვებს. დანიშნავენ ახალ მწვრთნელს, გაიცემა ავანსები, მერე ისევ წავაგებთ, დაიწყება კრიტიკა და ეს ერთი და იგივე დაუსრულებლივ გრძელდება. შეიძლება რაღაც უფრო უკეთესი შედეგის, ლოკალური წარმატების მიღწევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - გლობალურის.

ვთქვათ, გვესარგებლა უეფას ძღვენით, დაგვემარცხებინა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთი მაკედონია და გავსულიყავით დაუმსახურებლად ევროპის ჩემპიონატზე. იქ ხომ ჩრდილომაკედონიელებზე უფრო დიდ სირცხვილს ვჭამდით. გადის წლები, იცვლებიან ფეხბურთელთა
თაობები, რომელთაგან ზოგიერთებს ლეგენდარულებად მოვიხსენიებთ და გვავიწყდება, რომ ვერც ერთმა მათგანმა საქართველოს ნაკრებს დიდი გამარჯვება ვერ მოუპოვა. მთავარი მიზეზი ქართული ფეხბურთის სისტემაშია. ის ისეთია, როგორიც არის და თაობიდან თაობას ჯაჭვურ რეაქციასავით გადაეცემა - უნაყოფო ხემ არ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი.

ვიდრე ეროვნულ გუნდზე მოგახსენებდეთ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ორიოდ სიტყვით ეროვნულ ლიგაზე გეტყვით - ახალს ვერაფერს. ეს ძალიან დაბალი დონის ტურნირია და არსებულ პირობებში არც შეიძლება იყოს უკეთესი. ამიტომ არ დადის მატჩებზე არავინ, სტადიონები ცარიელია, ვინაიდან თამაშების ყურება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგგვრით. დაბალი დაფინანსების გამო ყველა ფეხბურთელის ოცნება საზღვარგარეთ წასვლაა და აქ ისინი დარჩნენ, რომლებიც ვერ წავიდნენ; რომლებიც წავიდნენ, იქ ვერ დამკვიდრდნენ და უკან დაბრუნდნენ და რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ უცხოეთში გადაბარგების იმედი. გუნდების დონე სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულოა და ამიტომ ვერ ახერხებენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გაღწევას. ახლა რაღაც კონფერენს ლიგა მოიგონეს, რომელიც მკვდრადშობილ ინტერტოტოს თასს ჩამოჰგავს. ის ისეა მოწყობილი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი რომელიმე კლუბი მოხვდება, რაც უდიდეს წარმატებად მოინათლება, რომლის მწვრთნელს, ალბათ, ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადებენ და მის ნაკრების თავკაცად დანიშვნას მოითხოვენ. თუმცა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა არც რაიმე დიდი წარმატებაა და ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის განვითარებას განსაკუთრებულად ხელს ვერ შეუწყობს. გავიმეორებ - ასეთ პირობებში და ასეთი მწირი დაფინანსებით ჩვენს კლუბებს პროგრესირების არანირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. აბსოლუტურად.

რაც შეეხება ნაკრებს: კონტინგენტი უმეტესწილად სუსტია. ძალიან სუსტი. ლეგიონერთა დიდი ნაწილი ისეთ ლიგებში თამაშობს (ზოგიერთი უმეტესად თადარიგშია), რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დიდად ვერაფრით აღემატებიან. უბრალოდ, ის ლიგები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "უკეთესად შეფუთულია". ამიტომ ვერ ასრულებენ ჩვენი ფეხბურთელები საჭირო მოცულობის სამუშაოს, მეტოქეები უმეტეს შემთხვევაში ბურთზე ბრძოლისას ასწრებენ და სავალალო შედეგს ვიღებთ.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელი ვილი სანიოლი კი გაუგებრობაშია მოხვედრილი. მან მთელი საფეხბურთო კარიერა საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა, სრულიად სხვა საფეხბურთო სამყაროში და მისთვის საქართველოს დარ ქვეყანაში მუშაობა უცხოა. აქ სხვა პირობებია, გაცილებით უარესი და რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღწევა ძნელია, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლებელი. მხოლოდ გარკვეულწილად. ალბათ, დამეთანხმებით, არც საბერძნეთის ეროვნული გუნდი წყვეტს ამჟამად ციდან ვარსკვლავებს და უკეთ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ მისმა თავკაცმა ჯონ ვან ტ'სხიპმა სანიოლს პირადი დუელი მოუგო. აი, რა თქვა ნიდერლანდელმა მატჩის წინ: "ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, წარმატება არ უნდა გაგვიჭირდეს". მოკლედ, კარგად შეისწავლა ჩვენი გუნდი და 3 ქულაც მოიპოვეს. მართალია, კომპენსირებულ დროში, მაგრამ ვაღიაროთ სიმართლე, დამსახურებულად გაიმარჯვეს.

არადა, სანიოლს წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა. კვარაცხელია განეიტრალებული იყო, ჩაკვეტაძეც, ლობჟანიძეც, მიქაუტაძე "მშრალ ულუფაზე" იმყოფებოდა, განაპირა მცველები უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ (ვერც წინ ვარგობდნენ) და სწრაფი კონტრიერიშებისას მოწინააღმდეგის შემტევები განივ გადაცემებს აკეთებდნენ, სადაც ჩვენი ცენტრალური მცველები საუკეთესოდ ნამდვილად ვერ ირჯებოდნენ. "ჯვაროსნების" ტანმაღალი ცენტრბეკები სტანდარტულებისას ხშირად ჩადიოდნენ ბერძენთა საჯარიმოში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ბურთის კარში დარტყმა. ფრანგი სპეციალისტი კი დაგვპირდა, რომ მისი შეგირდები ოქტომბერში თამაშის ხარისხს გამოასწორებდნენ, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, სანიოლის წინამორბედი ვლადიმირ ვაისი უკეთ უძღვებოდა საქმეს, ბევრ მატჩში ძლიერ გუნდებს ბრძოლა გაუმართა. შესაძლოა, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ აღმოსავლეთევროპელია, უკეთ გაერკვა სიტუაციაში და შეგირდებს უფრო ფრთხილ ფეხბურთს ათამაშებდა, უფრო დაცვაზე ორიენტირებულს; სათამაშო დისციპლინის დამყარებასაც მიაღწია, შედეგს - ვერა.

წაგებების სერია კი გრძელდება და პასუხისმგებელი არავინაა. სტადიონზე მაყურებლების არყოფნაც მოქმედებს, რადგან ნაკრებს ვერ ეხმარებიან და ზომიერად საჭირო ობსტრუქციასაც არ აქვს ადგილი, რათა საზოგადოების დამოკიდებულება სრულად დაინახონ და შეიგრძნონ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რაღაც მაღალი მიზნების მიღწევაზე, თუმცა გვყავს რამდენიმე ნორმალური ფეხბურთელი, რომელთა გარშემო საშუალო კლასის, მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება მაინც შეიძლება.

და კიდევ: იქნებ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად, როგორმე თავად მიხვდნენ ამას და დროებით უარი თქვან ნაკრებში ასპარეზობაზე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ცხადაძის ნაკრებმა 4-0 წააგო გასვლაზე პოლონეთთან (4ივე ბოლო 15 წუთში ლევანდოვსკის ჰეტ-ტრიკი) მაგრამ მანამდე ისე ატერორებდნენ პოლონელებს შავი ღრუბელი იდგა მოედანზე ეგეთი გამწარებული ნაგიჟარი და გამწარებული საქართველოს ნაკრები არასდროს არ მინახია!!! ლევანდოვსკი რომ არა ვერ გადაურჩებოდნენ უბედურებას და რომ გაიძახით წააგეთ მარა იბრძოლეთ მაინცო - თუ სადმე მართლა უბრძოლია საქართველოს ნაკრებს ეგ იყო!!! მერე გასვლაზე ძლივს გვიგებს გერმანია 2-1 ს და მერე ცხადაძე გააგდეს.
CXADADZE!!!
11 ოქტომბერი 2021 22:05
4
ერთი ეგ ქონდა ხუშტური "მამამზეს" ეძახოდნენ
მარა მეტი არაფერი არა აქვს არავის მიზეზი სათქმელი. და ესენი რას შვრებიან 7 დებიუტანტი ერთად შეყარეს მოედანზე სანატრელი არ გაგვიხდა ის მამის ბუშტი ცხადაძე
CXADADZE
13 ოქტომბერი 2021 06:20
0
ცხადაძე მეც მომწონდა, მაგრამ ბაჩანა რომ ეროვნული ნაკრების წევრი გახადა მივხვდი რომ ესეც გამორჩენაზე ფიქრობდა, არადა მართლა ათამაშა ნაკრები. დასანანია რომ საკუთარ ნეპოტიზმს ვერ, ან არ მოერია
bs
12 ოქტომბერი 2021 10:25
0
ყველაზე ცუდი ისაა, რომ კონკრტულად არავის წასვლით არ გამოსწორდება მდგომარეობა. ობიექტურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები არიან ნაკრებში. მაქსიმუმ ერთი-ორი ფეხბურთელი შეიძლება დაემატოს ნაკრებს. ესა ვართ რაცა ვართ.
გუგა
11 ოქტომბერი 2021 20:27
1
ნაკრების ფეხბურთელებსი განხეთქილობააო, იქნებ ვინმემ იცის რაამე? ესრა გვაკლდა თუ მართალია.
გიო
11 ოქტომბერი 2021 20:20
0
თქმა რათ უნდა ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მაგრამ ვინ უნდა დაიწყოს ამის გამოსწორება, ფეხბურთელმა? მწვრთელმა? გულშემატკივარმა? თუ ფედერაციამ? მე მგონი ფედერაციამ.
თენგო
11 ოქტომბერი 2021 19:35
0
ყველა ძალიან დაგვამწუხრა ასეთმა შედეგებმა, მაგრამ არც ასე უიმედოდ არის საქმე.
შემადგენლობით ჩვენზე უფრო სუსტი გუნდები აღწევენ წარმატება,შეხედეთ თუნდაც სომხეთი ნაკრებს, ბალტიის ქვეყნების ნაკრებებსაც უკეთესი შედეგი აქვთ. მაშასადამე საქმე სხვა რამეშია.
ბევრი ექსპერტის აზრი იყო, რომ ამ შესარჩევში უმჯობესი იყო ქართველი მწვრთნელის დანიშვნა გვეცადა, დღეს ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა.
ასევე არასწორია ფეხბურთელებზე ასეთი ლაპარაკი, ფეხბურთელებმა თავად თქვან უარიო, ჯერ ერთი უკეთესიც არ გყვას, და მეორე, ნაკრებში რომ არ ჩამოვიდეს და მერე კლუბში ითამაშოს რამდენი კუდი გამოებმება ხომ ნათელია.
და კიდევ, რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ნაკრები, ხვალ ისევ მივუჯდებით ტელევიზორებს და გულმხურვალედ ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს!
Irakli
11 ოქტომბერი 2021 16:43
30
და რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვა? ძველი კადრები, რომლებმაც სხვადასხვა მწვრთნელების ხელში გამოიარეს და წლების განმავლობაში თითო ოროლა ბურთები გაჰქონდათ, ძლივს დარბოდნენ და გამუდმებით ან სათადარიგო სკამებზე ისხდნენ, ან სულაც განაცხადებში არ იყვნენ, ზოგიერთები კი უგუნდოთ იყვნენ ისევ ნაკრებში ათამაშებენ და რას მოიგვიტანს ეს გაუთავებელი ექსპერიმენტები, არაფერს და მაინც ისევ იმავე "უნიჭიერეს" და "უიღბლო"ფეხბურთელებს"უბრუნდებიან. მე მგონი დადგა დრო, რომთემურ ქეცბაიას სულ ბოდიშები უხადონ, ერთად ერთი ვინც ქართული ფეხბურთისთვის ზრუნავს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოუწყვეს პირდაპირ ეთერში, მაინც გააგრძელა და აგრძელებს ნაკრებზე ზრუნვას, ყველასგან დაწუნებული ფეხბურთელები, უგუნდოები და უთამაშებლები, ყველა ათამაშა თავის გუნდში და ასე დაეხმარა "ფეხბურთელებს" და ნაკრებს, მაგრამ როცა არც ნიჭია, არ ფიზმომზადება, არც მადლიერების,არც პასუხისმგებლობა, არც სამშობლოს და მაისურის პატივისცემა, არც გულშემატკივრების დაფასება, რომლებიც ყოველ წელიწადს იმედებით შეჰყურებენ ახალ ციკლებს ახლ-ახალი იმედებით და მათდამი სიყვარულით, იმ "ფეხბურთელს" რა უნდა მოსთხოვო? მხოლოდ ტრაბახი, დაპირებები და ყველა, ნებისმიერ მწვრთნელზე რამის გადაბრალებას ეს შედეგები მოაქვს, მარცხი ყველაზე საცოდავ და გაუბედურებულ არასაფეხბურთო ქვეყნების გუნდებთან. რეზულტატი სახეზეა....ზაზა
ypourcel@free.fr
11 ოქტომბერი 2021 16:39
3
რატომ გადაწყვიტე რომ მაკედონია შერცხვა ევროპის ჩემპიონატზე? ყველა თამაშში კაცურად იბრძოლეს მიუხედავად მარცხისა, აი ვინც შერცხვა ეს თურქეთი და რუსეთი იყო,რაც შეეხება იმას,რომ ჩვენ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე,ეს უდიდესი წარმატება იქნებოდა და ფაქტობრივად ეს იქნებოდა ქართული ფეხბურთის განვითარების და წინსვლის ერთადერთი შანსი ამ მოცემულობაში.ავტორ იცი რომ ნაიკიც და ადიდასიც ძალიან დიდი თანხებს ხარჯავენ იმისათვის რომ მათი ბრენდი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე აცვიათ? ამასგარდა ნებისმიერი ქართველი ბიზნესმენი გაისვრიდა ფულს ფეხბურთში,რომ მათი კომპანიია ევროპის ჩემპიონატის დროს გაპიარებულიყო. მოკლედ არამხოლოდ უეფასგან,არამედ ბიზნეს სექტორიდან უდიდესი თანხები დაიხარჯებოდა ფეხბურთში. ამასგარდა ძალიან ბევრი ბავშვი და მშობელი მიაწყდებოდა საფეხბურთო სკოლებს.მოკლედ მაკედონიასთან მარცხი არ იყო მხოლოდ მარცხი,ეს იყო ქართული ფეხბურთის განვითარების შანსის უდიდესი ფიასკო.ამას კიდევ ბევრი წელი ვერ მოინელებს ვერც გულშემატკივარი და ვერც ქართული ფეხბურთი
სამწუხაროდ
11 ოქტომბერი 2021 16:28
3
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს "დეკრეტი" N123456789/2021

საქრთველოში კოვიდ პანდემიის დროს და მის შემდეგ, სრული შეზღუდვა დაუწესდეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს და დღის ამას იქით აკრძალულად გამოცხადდეს საერთოდ ფეხბურთის ტამაში.

დეკრეტი ძალაში შედის გამოცხადების დღიდან

ამირან გამყრელიძე
ამირანი
11 ოქტომბერი 2021 16:21
3
10 წლის წინაც იგივეს იძახნდნე გადაცემებში ყოველი წაგების შემდეგ. ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთო, და ის ბავშვებიც გაიზარდნენ მაგრამ...
Thomas
11 ოქტომბერი 2021 16:17
1
მინდა ავტორს ვკითხო. თვითონ ამბობს უნაყოფო ხე ნაყოფს ვერ მოისხამსო, ხოდა მითხარი ვინ არის ამ ხის მომვლელი და პატრონი, ფედერაცია ხომ არა? რატომ ვერ არის ჩვენი ჩემპიონატი ძლიერი, რატომ არ არის ბავშვთა ფეხბურთი ისეთი განვითარებული როგორც თუნდაც ისეთ არა მდიდარ ქვეყნებში რომ არის? რატომ არავინ არ დებს ფულს ქართულ ფეხბურთში? ეს და კიდევ ბევრი მიზეზია ის უნაყოფო ხე, რომელიც ნაყოფს ვერ იძლევა. ხოდა მიკვირს ავტორი მაინც ფედერაციას რომ არ ახსენებს და პირიქით ამბობს ფედერაციის შეცვლით არაფერი შეიცვლებაო. კი მარა ვინ უნდა შეცვალოს ეს ყველაფერი თუ არა ფეხბურთის ფედერაციამ? ამას ემატება ქვეყანაში განუკითხაობა და არაფერზე არავის პასუხისგებლობა. არავინ არაფერში დამნაშავე არაა. ჩვენ გვახსოვს გაბრაზებული და ჟინიანი ჩვენი ფეხბურთელები ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე და ძმანი მისნი. მათაც ვერაფერი მოიგეს და ვერც დიდ ფორუმზე ვერ გავედით. სირცხვილიც გვახსოვს, მაგრამ ბევრჯერ ჩვენთვის და სამშობლოსათვის იბრძოდნენ. ახლა სამშობლოს გრძნობა უკვე დაკარგულია ქვეყანაში და ესეც ძალიან აზარალებს ფეხბურთსაც და ქვეყანასაც ზოგადად. პრობლემა უფრო დიდია და სანამ ამ ყოფაშია ქვეყანა, ფეხბურთშიც უფრო ფსკერზე მიდის. მგონი ფეხბურთი უფრო მეტად ასახავს ქვეყნის ყოფას ვიდრე რომელიმე სხვა სპორტი და ამიტომაცაა ყველაზე რეიტინგული სპორტი.
georgian
11 ოქტომბერი 2021 16:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული