"დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ..." - სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კოსოვო 2:1 დაამარცხა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

"რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცდილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა, ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად
მიჰყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

არ ვთვლი, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა, ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა, თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერმა იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ეს არ არის კლუბი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე, ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

განვლილი მატჩი ეროვნული ნაკრების წევრებმა: თორნიკე ოქრიაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და გურამ კაშიამ შეაფასეს:

თორნიკე ოქრიაშვილი: "მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება".

ზურიკო დავითაშვილი: "გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს, ასე გავაგრძელებთ".

გურამ კაშია: "ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა, თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში, ეს შედეგი დავიმსახურეთ. დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ".

წყარო: nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
ნუ ამან დაიწყო ტიპობა ისევ.
მდა
03:40 14-10-2021
0
3 წელიწადია ვიძახი, რომ 3 მცველით უნდა ვითამაშოთ თქო და ძლივს ვნახე. ასევე კანკავა შეტევებს აფერხებს, დაწიეთ ეგა დაცვაში, ისედაც მცველია ეგა. რაც შეიძლება მეტი შემქმნელი ფეხბურთელი გვჭირდება, პასი რომ ეხერხება ისეთი, ხოლო წინ საბა და ჟორჟი იდეალურია. კვარამ მეტი გუნდური უნდა ითამაშოს და საყრდენებზე ვისურვებდი ახალ ხალხს, გვაქვს რესურსი და მოყვანა უნდა ამ ბიჭებს, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, ბევრჯერ ვახსენე, იგივე პარუნაშვილი, იგივე ბერიძე, ებრალიძე თუნდაც, ყაზაიშვილის მოსინჯვაც შეიძლება საყრდენებათ. კაცმა ცოლის ტხოვა სინჯაო და ამათ მოსინჯვას რა უნდა, გვენახა და თუ გაამართლეს , ხო კაი და ტუ არა და მაინც არაფერს არ ვკარგავთ, მე შენ გეტყვი რეიტინგი გაგვიფუჭდება.
ლევან მაღლაკელიძე
01:09 14-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული