მეტი გვსურდა, მაგრამ სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კოსოვოში გამარჯვებით ხასიათი ცოტათი გამოიკეთა და შესარჩევის უკანასკნელ შეხვედრაში შვედებთან დაპირისპირებას წარმატების იმედით ხვდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და სანაკრებო კურატორ ალექსანდრე იაშვილს განვლილ მატჩებზე, მთავარი მწვრთნელის მომავალსა და ასაკობრივ ნაკრებებზე ვესაუბრეთ.

- როგორც იქნა, გავიმარჯვეთ. ეს უფრო შემთხვევითობას ან სუსტ მეტოქეს შეიძლება მივაწეროთ თუ მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრებმა გარკვეულ მიზანს მიაღწია?
- კოსოვოსთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარტში კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, იმის მიუხედავად, რომ უკეთესი შედეგები იყო საჭირო. ამას რუმინეთთან გამარჯვებაც დაემატა, თუმცა სექტემბრის თამაშები ნამდვილად ძალიან ცუდი იყო.

მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაქსიმალურად ბევრი მოთამაშის გამოცდა იყო. სანიოლმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგებსაც მოიტანს.

ის თამაში, რაც გვსურდა, არც ოქტომბერში, საბერძნეთთან გამოგვივიდა, იმის მიუხედავად რომ მარცხი მატჩის ბოლოს, VAR-ის გამოყენებით დანიშნულმა პენალტმა განაპირობა.

ასეთი წაგების შემდეგ კოსოვოში თამაში და გამარჯვება მარტივი არ იყო, თუმცა მთელმა გუნდმა - როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ასევე თითოეულმა მოთამაშემ, მაქსიმუმი გაიღო.

- საკადრო რესურსს შეეხეთ. სანიოლს ესპანეთთან დაპირისპირებაში თითქოს ექსპერიმენტი ზედმეტი მოუვიდა. ეროვნულ ნაკრებში დაახლოებით რამდენი ფეხბურთელი შეიძლება გამოიცადოს, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრებში?
- შვედეთის წინააღმდეგაც ორი დებიუტანტით დავიწყეთ - რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს...

ბათუმში კოსოვოსთან ცუდი შეხვედრა რომ არა, მწვრთნელი ესპანეთის წინააღმდეგ ამდენ ცვლილებას არ გააკეთებდა. რეალურად, სამი დებიუტანტი იყო. წაგების და ცუდი თამაშის გამო საზოგადოების მხრიდან მეტი აქცენტი გაკეთდა დებიუტანტებზე. თუმცა, ვთვლი, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო.

რაც შეეხება რაოდენობას - მნიშვნელოვანია, იმ ეტაპზე როგორ ფორმაში არიან, კლუბში როგორ თამაშობენ. უკანასკნელი დაპირისპირება რომ გავიხსენოთ, საბერძნეთთან შეხვედრის შემდეგ 4 ფეხბურთელი დაგვაკლდა. ყოველთვის შეიძლება მნიშვნელოვანი მოთამაშეების გარეშე თამაში დაგვჭირდეს. მთავარ მწვრთნელს უახლოესი რესურსი შესწავლილი უნდა ჰყავდეს.

- ტრავმები ახსენეთ. ბოლო შეხვედრის წინ მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე მოულოდნელად გამოგვაკლდნენ. გარდა ამისა, როცა სექტემბერში კვარაცხელიამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა, წამოიჭრა საკითხი, რამდენად შესაძლებელია, გამოძახებული მოთამაშე ნაკრებში ჩამოვიდეს და მისი თამაშის საკითხი ადგილზე გადაწყდეს?
- დავიწყოთ იმით, რომ ვერ წარმომიდგენია, ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში თამაში არ სურდეს!

ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის საკითხი. ტრავმის შემთხვევაში, კლუბის ექიმებთან კომუნიკაცია აქვს ჩვენი ნაკრების ექიმს. კომუნიკაციის შემდეგ, მძიმე ტრავმის შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოძახება არასწორია, ხელს შეუშლის მის გამოჯანმრთელების პროცესს. თუმცა მსუბუქი ტრავმის შემთხვევაში, ექიმების შეთანხმებით, შესაძლოა მოხდეს ფეხბურთელის გამოძახება და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ საწვრთნელ პროცესში ჩართვა.

ხვიჩას შემთხვევაში, „რუბინის“ სამედიცინო შტაბიდან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს. ამიტომ გამორიცხული იყო მისი მონაწილეობა თამაშებში.

ოქტომბრის შეკრებამდე ხოჭოლავა ბოლომდე მზად არ იყო, თუმცა „კოპენჰაგენის“ ექიმმა გვითხრა, რომ შესაძლებელი იყო, ჩამოსულიყო და აქ გადაგვეწყვიტა, შეძლებდა თუ არა თამაშს. ასეთივე მდგომარეობა იყო სექტემბრის მატჩების წინ ოთარ კიტეიშვილის შემთხვევაშიც.

- საბერძნეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სანიოლმა უკვე მერამდენედ მოტივაციისა და მონდომების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი მოეთხოვებათ, მათ შორის, მაღალ დონეზე არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ 90 წუთით თამაში...
- რა დონის მეტოქესაც უნდა უპირისპირდებოდე, ნებისმიერი ფეხბურთელი დაგიდასტურებთ, რომ სანაკრებო შეხვედრები ყოველთვის განსხვავებულია.

ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი არ ავკიდოთ, რათა მისი ტარება არ გაუჭირდეთ; მეორე მხრივ, ყველა მოთამაშისგან ველით, მაღალ დონეზე მართლაც მთელი შეხვედრის განმავლობაში ასპარეზობდეს.

რაც შეეხება მოტივაციის საკითხს - შეკრების დროს ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. დანამდვილებით ვიცი, ისინი წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ!

- მთავარი მწვრთნელის საქმიანობა რომ შევაფასოთ - ვნახეთ კარგი დასაწყისი, ხოლო შემდეგ სერიოზული ჩავარდნა. იმედია, უკანასკნელი მატჩი მეტი პოზიტივის თქმის საშუალებას მოგვცემს, მაგრამ რამდენად კმაყოფილი ხართ სანიოლის მოღვაწეობით და იმსახურებს თუ არა, „ერთა ლიგაზეც“ საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში იყოს?
- ჩვენი მიზანი, მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა - ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სექტემბრის მატჩებმა ბევრი დაგვაკარგინა.

ყველას სურვილი მეტის მიღწევას უკავშირდებოდა, თუმცა ისიც ფაქტია, სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია. მაგალითად, ჩვენი ჩემპიონატიდან არაერთი მოთამაშე გამოსცადა. მათგან ბევრმა თავი მშვენივრად წარმოაჩინა. გასაგებია, შედეგი მნიშვნელოვანია, თუმცა არაერთ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებმაც ნაკრების ღირსება პირველად დაიცვეს, დიდი პერსპექტივა აქვს - ისინი თანდათან მეტ გამოცდილებასაც მიიღებენ.

- სანიოლის ტაქტიკური არსენალი რამდენად მოგწონთ? კოსოვოსთან შეხვედრაში გარკვეული სიახლეები ვნახეთ, მათ შორის, წინა ხაზზე. თუკი მანამდე მთელი აქცენტი ცენტრფორვარდის მაღალი გადაცემებით მომარაგებასა და შეტევის  გაგრძელებაზე იყო, ახლა სხვა განლაგება ვიხილეთ...

რამდენად აქვს ფრანგ სპეციალისტს რესურსი და შესაძლებლობა, წარმატების მიღწევას სხვადასხვა ტაქტიკით ეცადოს?

- მთავარი მწვრთნელი ბევრს ეძებს, ფიქრობს, შრომობს, რათა სათამაშო სქემები დახვეწოს და ჩვენს გუნდს საუკეთესო შეურჩიოს. ოფიციალურ შეხვედრაში 3 მცველით პირველად ვიასპარეზეთ, თუმცა მანამდე ის ორჯერ გამოვცადეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელების კონტინგენტსა და მათ ფიზიკურ მდგომარეობას. საბოლოო გადაწყვეტილება საწვრთნელ პროცესში მიიღება.

- ეროვული ლიგის დონიდან გამომდინარე, რამდენად მზად არიან ფეხბურთელები, ნაკრებში სრულფასოვნად ითამაშონ?

შორს რომ არ წავიდეთ, ვლადიმირ ვაისის დროს ეს, ფაქტობრივად, არ ხდებოდა. ადრე კი ექტორ კუპერის „სამშაბათობებიც“ გვახსოვს, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოთამაშეების დონის ამაღლებას ემსახურებოდა...

ამას უფრო მეტად ის ფაქტი ხომ არ განაპირობებს, რომ ლეგიონერებს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ და აქაური მოთამაშეებით ამის კომპენსირება ხდება?

- რა თქმა უნდა, ჩვენი ლიგის მოთამაშეებისთვის ეს დიდი მოტივაციაა - თუკი თავს გამოიჩენენ, ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ. ვფიქრობ, რომ მზად არიან და ეს დაამტკიცეს კიდეც. დაგეთანხმებით, სათამაშო პრაქტიკას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, ყველას მიზანია, ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის გვქონდეს.

- ხშირად საუბრობენ ნაკრებების ერთიანი სისტემის თამაშზე და მასში წარმატების გზას ხედავენ. თქვენ, როგორც სანაკრებო კურატორს, ეს საკითხი როგორ გესახებათ? იგივე სამი მცველით გამოსვლა მაინც სიახლეა...
- 15 წლიდან დაწყებული, ყველა ნაკრებს საერთო ფილოსოფია აქვს. ასევე ხდება ჩვენს აკადემიებში. ჩვენ არ ვსაუბრობთ სათამაშო სქემაზე.

ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები საერთო ფილოსოფიით მუშაობენ და აქტიური კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, რათა მოთამაშეებს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გადასვლა არ გაუჭირდეთ.

- გვახარებს ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრების წარმატებები, თუმცა, რატომ ხდება, რომ პატარა ასაკში შესაძლოა, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები დავამარცხოთ, როგორც ეს იგივე მაისურაძის 17-წლამდელების შემთხვევაში მოხდა, თუმცა წლების შემდეგ ჩვენი ფეხბურთელების განვითარების დონე და კლუბები, სადაც ისინი გამოდიან, იმდროინდელ მეტოქეებს მკვეთრად ჩამოუვარდებიან?
- 19-წლამდელებმა ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზეს ნორვეგიაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ასეთ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი ავიღეთ. იცით, რომ ეს თაობა 17-წლამდელთა ელიტრაუნდშიც გავიდა, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო. ვასილ მაისურაძე ძალიან წარმატებული მწვრთნელია ასაკობრივ ნაკრებებში. მისმა სამწვრთნელო გუნდმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. ასეთი გამარჯვებები აუცილებელია იმისთვის, რომ ადრეული ასაკიდანვე გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოყალიბდეს.

11-14 ნოემბერს 19-წლამდელები ძალიან მნიშვნელოვან ტურნირში იღებენ მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოსინჯონ საკუთარი ძალები ძლიერ მეტოქესთან.

-17-წლამდელთა მოახლოებულ მატჩებზეც რომ გვესაუბროთ...

- რაც შეეხებათ 17-წლამდელებს, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. ვეცადეთ, ბევრი ამხანაგური შეხვედრა ჩაგვეტარებინა, რათა უკეთ მომზადებულიყვნენ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის და დარწმუნებული ვარ, მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ უნგრეთში წარმატებული ასპარეზობისთვის.

altსაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს აზიურ ნაკრებთან გამართავს

altთურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!


მკითხველის კომენტარები / 16 /
ისევ თავის მართლება. სანაძლეოს დავდებ, დავუსვათ იაშვილს პირდაპირ ეთერში კითხვები, თუ ორი სიტყვა გადააბას ერთმანეთს. კარგი ფეხბურთელი არ ნიშნავს კარგ მენეჯერს.
გიორგი
21:46 19-10-2021
1
კარგი რა იაშკა, კარგი რა.. მთელი მაგ "კამანდიდან" ერთადერთი შენ არ იწვევ ჩემში ანტიპატიას. არ იბრიქები და ინტელექტუალს არ თამაშობ.მაგრამ არ არის ეს შენი საქმე და შეეშვი. ფეხბურთის თამაში ერთია და ამხელა ორგანიზაციის მართვა მეორე. სხვა ცოდნა და ინტელექტი ჭირდება, სისტემაა შესაცვლელი და დასალაგებელი. მართვის საფუძვლების ცოდნა, სხვა ინტელექტი და კრეატიული აზროვნებაა საჭირო. რა სამუშაო გასწია სანიოლმა კარი რა... , შეიძლება სამუშაო კი გასწია, მაგრამ უაზრო. არ არის ეგ კაცი მწვრთნელი და თუ მაგას ვერ ხედავ არ ყოფილა საშველი. ძლივს ნორმალური პერსპექტიული თაობა წამოვიდა თითქოს და რა გახდა ერთი თუნდაც საშუალო დონის პროფესიონალი მწვრთნელი. გამოცდილებაც რომ აქვს სანაკრებო და მცირე მაგრამ რაღაც მაინც წსრმატებისთვის რომ მიუღწევია?სანიოლი ხელობას ახლა სწავლობს და გვაქვს მაგდენი დრო, პრაქტიკანტმა იცოდვილოს ნაკრებში?
არტ
17:44 19-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული