ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
უეფაში გამართული წილისყრა და ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს:

ვილი სანიოლი: "საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახან ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი
შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება."

გურამ კაშია: "ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება."

ალექსანდრე იაშვილი: "ვიცოდით, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით უფრო ძლიერი ჯგუფი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეტოქეები არიან. ბოლო თამაშები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით, ასევე ბულგარეთში ამხანაგური თამაში წავაგეთ. ყველას მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და წარმატებით ვითამაშოთ. ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად ძალიან დაგვეხმარება მარტის თამაშები. ამხანაგური მატჩებისთვის შევარჩევთ ისეთ მეტოქეებს, რომლებიც თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ახალ გათამაშებას."

nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ