ლორია თუ მამარდაშვილი? - ვილი სანიოლის კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"თავიდან იმით დავიწყებ, რომ შემადგენლობაში ცვლილებაა. ცოტა ხნის წინ გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიიღო და მას ბექა მიქელთაძე ჩაანაცვლებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს რთული პერიოდი ჰქონდა. ბელგიაში, "გენტშიც" საქმეები რთულად მისდიოდა. იანვარში "ჰამბურგში" გადავიდა და თავიდან თამაშობდა, მაგრამ ბოლო 1 თვეა მოედანზე აღარ გამოსულა. ნაკრებში იმიტომ გამოვიძახე, რომ მას დახმარება სჭირდება. მე ჰამბურგში ვიყავი, იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში შეიძლება ვერ იყოს, ზოგიერთ მატჩში განაცხადში
ვერ მოხვდეს. ძველი ფორმის დასაბრუნებლად ბევრი შრომა დასჭირდება. ამ პერიოდში ჩვენთან ერთად იქნება, გუნდთან ერთად ივარჯიშებს და იმედი მაქვს, რომ 100%-ით პროფესიონალი იქნება.

ვოლკოვს ახლა თავდაჯერება აკლია. იმედი მაქვს, გოლებს ისევ გაიტანს, თავდაჯერებაც შეემატება და ნაკრებშიც დაბრუნდება.

მესმის, რომ ნაკრების მიმართ გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ და გუნდს მხარში უდგანან. ერთა ლიგას გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია. ბულგარეთს დიდი ტრადიციები აქვს, ახალ თაობასთან ერთად ძლიერდებიან. ჩრდილოეთი მაკედონია ჯგუფის საუკეთესო ნაკრებია, ცოტა ხნის წინ იტალია დაამარცხეს. ჩვენ თამაში დავასტაბილურეთ, მაგრამ რამდენად ვართ მზად გულშემატკივართა მოლოდინის გასამართლებლად, ამას ნაკრების შეკრების მერე ვნახავთ. 

ჩრდილო მაკედონიამ ბოლო ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და მსოფლიო თასის პლეი-ოფში იტალიასაც მოუგო. ამიტომ მიმაჩნია ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტად, მაგრამ წინასწარ განსაზღვრული სტატუსი, შესაძლოა, მოედანზე შეიცვალოს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 29 ფეხბურთელიდან მაკედონიელებთან თბილისში წაგებულ მატჩში ბევრმა ითამაშა, მაგრამ ახლა სხვა შეხვედრაა, სხვა დატვირთვა აქვს და რევანშს ვერ დავარქმევდი. 

მიქაუტაძე მარტში იმიტომ არ გამოვიძახეთ, რომ მისით კმაყოფილი არ ვიყავით. გიორგის იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამას ვხედავდით. გიორგის ისტორია "ჩაკვესას" ჰგავს, მასაც შეუძლია ნაკრებს მეტი მისცეს. მიქაუტაძეს ავუხსენი, რას ველოდები მისგან და იცის, რა უნდა გააკეთოს. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინტერვიუში თქვა, რომ პირველ რიგში, ფეხბურთელმა მოედანზე ბევრი უნდა ირბინოს, ბევრი იმუშაოს და ტექნიკა ამის შემდეგ აჩვენოს. ფეხბურთელებისგან მეც იმავეს ველოდები.

ოთარ კაკაბაძე "შტუტგარტში"? ბუნდესლიგა ძალიან ძლიერი ტურნირია და ქართული ფეხბურთისთვის ასეთი ტრანსფერი სასარგებლო იქნება. კარგი იქნება "შტუტგარტში" გადასვლა, მაგრამ მთავარია, ოთარმა ითამაშოს, სადაც იქნება. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" გამოდის, ხვიჩა "ნაპოლიში" ითამაშებს... თუ მათ რიგებს კაკაბაძეც შეუერთდება, ნაკრებს დიდ სარგებელს მოუტანს.

ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლამ მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის შერჩევის აუცილებლობა გააჩინა. მარტში მექვაბიშვილი გამოვიძახე, ძალიან კარგი ბიჭია, მოედანზე გადაწყვეტილებებს გონებით იღებს. სანდრო ალთუნაშვილს ძალიან ვაფასებ, ბათუმის "დინამოში" კარგად თამაშობს. სანდროს აქვს პოტენციალი, რომ ნაკრების წევრი გახდეს. 

ძალიან იღბლიანი მწვრთნელი ვარ, რადგან გუნდში სამი ისეთი მეკარე მყავს, როგორებიც გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი და ლაზარე კუპატაძე არიან. ლორიას დიდი გამოცდილება აქვს, მამარდაშვილს ბოლო 6 თვეში დიდი პროგრესი ჰქონდა. გიორგი ლორიას ჩემთვის იმედები არასდროს გაუცრუებია. მამარდაშვილი ალბანეთთან და ბულგარეთთან სრულად განსხვავებული მეკარე იყო, დავინახეთ, რომ ძალიან თავდაჯერებულად იდგა. წინ 4 თამაში გვაქვს, მე არჩევანი მაქვს და ეს მიხარია. 

ბოსნიაში ყოფნისას ხვიჩა კვარაცხელიას ველაპარაკე და მგონია, რომ ბათუმის "დინამოში" გადასვლა საუკეთესო არჩევანი იყო. ხვიჩა ახალგაზრდაა, მას ყველაფერი აქვს, რათა "ნაპოლის" ლიდერი გახდეს, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა მოუწევს. ის ფაქტი, რომ ხვიჩა მედიასთან არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად თავს ცუდად გრძნობს. მასთან ურთიერთობისას მსგავსი პრობლემა არ შემიმჩნევია. "კვარა" ახალგაზრდა, ძლიერი ბიჭია და ის ამ სიძლიერეს ნაპოლიშიც გამოავლენს. ხვიჩა ჩვენი ნაკრების შეტევის ლიდერია, ბევრ გოლს იტანს. ნაკრებში ყველა ფეხბურთელი მუდმივად 90 წუთს ვერ ითამაშებს, ეს კვარაცხელიასაც ეხება. თუმცა ველოდებით, რომ ის ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება."

altცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?



მკითხველის კომენტარები / 21 /
ძირითადი მეკარე უნდა იყოს მამარდა!!!
ჭიჭე
11:46 25-05-2022
0
მეც ვფიქრობ რომ ბათუმში ჯობია გადავიდეს, შესარჩევში მაგრად გამოდგება გუნდს, დაინტერესების შემთხვევაში კიდე არ შეუშლიან ხელს , თუ გამოჩნდა მაგისთვის შესაფერისი გუნდი, აბა ისევ იგივე წრეზე წასვლა გენტში საშინელება იქნება, ღმერთმა დაიფაროს და თუ კიდე რამე იტკინა, მაგის წარმოდგენაც კი არ მინდა შემდეგ როგორ წავა მაგის კარიერა
Vasili
22:17 21-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული