სანიოლის ორმაგი ჯეკპოტი, უზარმაზარი ვაკუუმი მოედნის ცენტრში და მეტი "თავისუფლება" კვარაცხელიას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ერთგვარი ბლიცკრიგი განახორციელა, ორი დივიზიონით დაწინაურდა, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ გავიდა, ბოლო 10 მატჩიდან კი 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. "ჯვაროსანთა" თავკაცმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელია, მაგრამ წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს და ის აბსოლუტურად მართალია.

ვეცდები ჩემი მოკრძალებული, სუბიექტური მოსაზრება ყოველგვარი "გადაპრანჭული" ფრაზების“ გარეშე, მარტივად გადმოგცეთ. ფრანგ სპეციალისტს კი არ გაუმართლა, არამედ შეიძლება ითქვას, ორმაგი ჯეკპოტი მოუვიდა: ფეხბურთელთა კარგი ახალგაზრდა თაობა, ფედერაციის მაქსიმალური
ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მუდამ ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება ერთგული გულშემატკივარი. ამაზე ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა. თუმცა, რესურსს სათანადოდ გამოყენება უნდა. პარალელს ძველ დიდ თბილისის "დინამოსთან" გავავლებ. ნოდარ ახალკაცს ძალიან მაგარი თაობა ჰყავდა და შანსი დიდებულად გამოიყენა. თუმცა, მისი წინამორბედების განკარგულებაშიც ჩინებული მოთამაშეები იყვნენ (რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია, იგივე დავით ყიფიანი და ა.შ), მაგრამ შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. თავიდან სანიოლმაც ვერ დაიწყო კარგად, ხოლო შემდეგ მიაგნო სისტემას, რომელმაც წარმატება მოუტანა. ის ხვდება, როგორ გამოიყენოს კონტიგენტი და რა პრობლემები გააჩნია.

პრობლემები კი მართლაც არსებობს. სანიოლი გუნდს დაცვითი სისტემით ათამაშებს, ფაქტიურად ხუთი მცველით და ორი საყრდენით. ეს ორი საყრდენიც უფრო ჩამშლელია და ნაკლებად შემტევი. აქედან გამომდინარე, წინ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი გვყავს - მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავითაშვილი, კვარაცხელია და ზივზივაძე. მეტოქის კარზე იერიშის მიტანისას ტაქტიკა გარკვეულწილად ტრანსფორმირდება, მაგრამ უკანახაზელების დახმარება ეფექტური არ არის. სტრატეგიაა მომლოდინე, მოწინააღმდეგის დაღლაზე, გათანგვაზე და შეცდომის დაშვებაზე აგებული, რაც ამართლებს. ჯერჯერობით ამართლებს. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში გადავიდა, იქაც და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება და ამან შეიძლება ყოველთვის აღარ იმუშაოს.

რატომ ირჩევს სანიოლი დაცვით ვარიანტს? გამოდის იმ შესაძლებლობიდან, რაც გააჩნია და ვერც მოედავები. ასეთი ფეხბურთი ხშირ შემთხვევაში მთლად ლამაზი სანახავი ვერაა, თუმცა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებულია - თვალსასეიროდ თამაშსა და წაგებას, ბუნებრივია ასეთი მოგებები სჯობს. არ გვყავს სწრაფი ცენტრალური მცველები, ამიტომ იძულებულია სამი ცენტრბეკი დააყენოს. შედეგად, წინ ერთი შემტევი გვაკლდება. სისტემას აქვს პლუსიც - მოწინააღმდეგე ჩვენს საჯარიმოში შეღწევას ვერ ახერხებს, გოლის გატანას შორიდან ცდილობს და როდესაც გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე გყავს, ეს თითქმის შეუძლებელია. ის კარგად არჩევს პოზიციას, შესანიშნავი ნახტომი აქვს და სიმაღლის გათვალისწინებით, მისთვის საჯარიმოს გარედან გოლის გატანა ძალიან, ძალიან ძნელია.

არ გვყვავს "დირიჟორი", ფლეიმეიკერი, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთს დაიჭერს, ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, პასებს დაარიგებს და თამაშს წარმართავს. ეს სერიოზული ხარვეზია. მოედნის ცენტრში რაღაც უზარმაზარი ვაკუუმია, ამიტომ შეტევები მხოლოდ ფლანგებიდან ხორციელდება და ვიზავის საქმე უიოლდება, ვინაიდან მთელი ყურადღება ფლანგების განეიტრალებაზე აქვს გადატანილი. თუმცა, მეტოქე ბოლოს და ბოლოს იღლება, შეცდომების დაშვებას იწყებს და ჩვენი დიდებული შემტევი ტრიო ამით უმალ სარგებლობს. ზურიკო დავითაშვილი დიდ სამუშაოს ასრულებს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია - უბრალოდ კლასი.

Sportall.Ge

ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყიფიანის შემდეგ ქართულ ფეხბურთს ასეთი ღრმა ინტელექტის მოთამაშე არ ჰყოლია. მან შეიძლება 90 წუთის განმავლობაში ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, შეცდომები დაუშვას (რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს), მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც ისეთს მოიმოქმედებს, რომ "თამაშს გააკეთებს" და გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ამდენად, ხვიჩას ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა მართებულად არ მიმაჩნია. შეიძლება ცოტა არაკორექტულია, მაგრამ ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ვიღაცამ ფორტეპიანო სცენაზე უნდა აიტანოს, ვიღაცამ კი დაუკრას. ორივე საჭიროა, რამეთუ თუ ფორტეპიანო სცენაზე არ აუტანეს, ის ნაწარმოების შესრულებას ვერ შეძლებს.

კვარაცხელიამ ძალები გადამწყვეტი საქმის საკეთებლად უნდა დაზოგოს. მოწინააღმდეგის იერიშისას მოედნის ცენტრშიც რომ დადგეს, ორი მეურვე მაინც სჭირდება, რომლებიც შეტევაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებენ. „ნაპოლიში“ კი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუდამ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლას ავალებს და სულ არიგო საკის ფორმაციის იტალიის ნაკრებში რობერტო ბაჯოს მაგალითი მახსენდება. ადამიანს აქვს ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, მან არ შეიძლება ერთდროულად გოლები გაიტანოს, საგოლე გადაცემები აკეთოს, პენალტები მოიპოვოს, გამარჯვებები გაზეიმოს და თან უზარმაზარი შავი სამუშაოს შესრულება დაავალო - ბარემ კარშიც ჩააყენე და ეგ იქნება. ძალიან ბევრს სთხოვენ ამ 21 წლის ბიჭს, რომელიც თავმდაბალია, უდიდესი მომავალი აქვს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ გააოცებს.

საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ საქართველოს ნაკრებიც გააოცებს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს: პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, პროფესიონალი მწვრთნელი და აქედან გამომდინარე - ნათელი მომავალი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, მისი უმაღლესობა ქართული ფეხბურთი ბრუნდება და თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც იქნა, ჩვენ დიდი გამარჯვებების მიჯნაზე ვიმყოფებით!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 30 /
მგონია,რომ ირაკლი აზაროვს აქვს გამთამაშებლის მონაცემები,თუმცა ნაკრებამდე სათამაშო პრაქტიკის გავლა და უნარების დახვეწა,კლუბში იქნება საჭირო,ეს კი პრობლემური საკითხია.
სოსო
21:55 26-09-2022
0
სანიოლის მთავარი მიგნება სწორედაც რომ სამმცველიანი ტაქტიკაა და სახეზეა ნაჩვენები შედეგებით ამის უდაოდ დადასტურება . საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვყავს საჭირო დონის თანამედროვე განაპირა მცველები. ცენტრები კი რატომაც არა, საშუალო ევროპული დონის საკმარისი რაოდენობის კარგი მცველები გვყავს. რაც შეეხება ცენტრალურ ზონას და საყრდენებს, აქ სანიოლს ნამდვილად აქ სამუშაო. არ უნდა გამოირიცხოს გვილია, გვყავს მექვაბიშვილი.შანსი შეიძლება მიეცეს ალთუნიშვილს, გაგნიძეს, არაბიძეს, საზონოვს. ეროვნულშიც ალბათ ვინმე კიდევაა მოსაძებნი. იმასაც ვემხრობი, რომ აქ შეიძლება მოისინჯოს ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი. ნაადრევი მგონია შენგელია, პაპუნაშვილის ჩამოწერაც.ფორმაში მყოფი კიტეიშვილი საერთოდაც უალტერნატივოა. შესაძლებელია უკვე არსებულ კვეკვესკირ - აბურჯანიას ტანდემის სხვა კომბინაციით ვარირება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ უიმედო მდგომარეობა არც აქ გვაქვს. არსებული რესურსით იმედია სანიოლი მიაგნებს ოპტიმალურ, შეიძლება მოულოდნელ, არაორდინალურ გადაწყვეტას და ეს უმნიშვნელოვანესი სათამაშო ზონა დაგვისტაბილურდება.
ამატაკი
19:46 26-09-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული