ხარვეზებით და პერსპექტივით - საქართველოს ნაკრები არავისთვის არ იქნება საჩუქარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ორი დივიზიონით წინ წაიწია, ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა (ამ პერიოდში ბურთების შეფარდება 22:4), ბოლოს კი 2021 წლის 9 ოქტომბერს თბილისში საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ტურნირზე მოპოვებული 16 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია. ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდებული შედეგია, მაგრამ გულშემატკივართა ნაწილი არასანახაობრივი თამაშით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ უფრო ძლიერ მეტოქეებთან დავიჯაბნებით. ამ მოსაზრებას რა თქმა უნდა, აქვს თავისი საფუძველი, თუმცა...

ადრეც აღვნიშნე, "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვილი სანიოლი გამოდის იმ შესაძლებლობებიდან, რაც გააჩნია და
სხვაგვარად მიზნის მიღწევას ვერ მოახერხებს. რატომ? ჩვენი ეროვნული გუნდი ელემენტარულად დაუბალანსებელია, ზოგიერთი რგოლი აშკარად სუსტია და ფეხბურთელთა შორის კლასში ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა. მოთამაშეთა ნაწილი სუსტ კლუბებში ასპარეზობს და ზოგიერთს საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს. პრობლემაა ტანმაღალი, ნელი ცენტრალური მცველები, რომლებიც სტანდარტულებისას მეტოქის კართან ხიფათს ვერ ქმნიან, აშკარად გვჭირდება უკეთესად მოიერიშე საყრდენები და რაც მთავარია - მოედნის ცენტრში თამაშის წარმმართავი ფეხბურთელი. ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად ამჟამად ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი გამოგვადგებოდა. ის ძალიან, ძალიან კარგი ნახევარმცველია, მშრომელიც, თუმცა, ვთქვათ, მანუჩარ მაჩაიძისა და მით უმეტეს დავით ყიფიანის დონისა ვერასოდეს გახდება, არსებულ ხარვეზს კი მოაგვარებდა. მეორე ვარიანტი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც ტრავმა ერთი წლის წინ მოირჩინა, მოუმატა კიდეც, თუმცა თავისი საუკეთესო ფორმისგან შორსაა. რაც გიორგის თამაშებს ვუყურე, ბურთს იღებს, ტექნიკურად ამუშავებს, დრიბლინგს ერიდება, პასს პარტნიორს გვერდით ან უკან აძლევს.

უმეტესად სანიოლის სტრატეგია კონტრიერიშებზეა აგებული, ხოლო ტაქტიკა პრაქტიკულად 7-2-1-ია და არა 3-4-2-1. ეს ბუნებრივია "კარგი ცხოვრებით" არაა გამოწვეული. როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემებით საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.36 გოლს უშვებენ. კარგია ლამაზად მოპოვებული გამარჯვებები, მაგრამ ბაბაც რომ გვინდა და ჩიჩიც, ეგრე არ გამოდის. ამაზე ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, მამრმა დათვმა მდედრი დათვი იშოვა და დაიწუნა - ბანჯგვლიანიაო (სინამდვილეში როგორცაა ნათქვამი, გასაგებ მიზეზთა გამო ვერ გადმოგცემთ, თავადაც გეცოდინებათ). სანიოლს დაცვითი სისტემის გამო კრიტიკოსები გამოუჩნდნენ და ნაკრების პროგრესის მიუხედავად, უკვე მის გადაყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი. არის მცირე და ამავ დროს სოციალურ ქსელებში ერთობ აქტიური ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკურ შემადგენელად მოვიხსენიებთ ხოლმე და რომელიც მუდამ უკმაყოფილოა. გავიმეორებ, ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებული რესურსიდან გამოდის და შედეგს აღწევს, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. ან გასასამართლებელი რა სჭირს?

Sportall.Ge

ახლა ორიოდ სიტყვით კონკრეტულად გიბრალტართან ჩაგდებულ მატჩზე. მიზეზი? ხანდახან ხდება, როცა მეტოქეს სათანადოდ ვერ აფასებ, სათამაშოდ ბოლომდე ვერ განეწყობი, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდები, უკვე გვიანია და სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პლუს ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ჯგუფი მოგებული ჰქონდათ, მათზე ხანგრძლივმა მგზავრობებმაც იმოქმედა და ხელოვნურსაფარიანმა მოედანმაც, სადაც ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია. 2:0-ზე დაწინაურებულებმა ჩათვალეს, რომ საქმე მოუთავეს და კინაღამ დავისაჯეთ. მეტოქემ ერთი გოლი გაგვიტანა და მსაჯს შეეძლო ჩვენს კარში პენალტი დაენიშნა, როდესაც საჯარიმოში ბურთი ხელზე ოთარ კაკაბაძეს მოხვდა. თერთმეტმეტრიანი რომ დაედო, დიდად ვერც მოედავებოდი. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მოხდა 2019 წლის 15 ოქტომბერს. მაშინ გიბრალტარს გიორგი ქვილითაიას მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრად 3:2 ძლივს მოვუგეთ. მოკლედ, ამ ნახევრადსამოყვარულო გუნდთან ქულების დაკარგვას ისევ გადავურჩით.

მნიშვნელოვანია რამდენად კვალიფიციურ შევსებას მიიღებს პრობლემურ პოზიციებზე სანიოლი უახლოეს მომავალში. ვთქვათ სიმართლე, შემადგენლობის შერჩევისას დიდი არჩევანი არ გააჩნია, სუბიექტურიც არ გახლავთ და ამბობს, რომ მისი გეგმა არ არის ყველას თანაბარი სათამაშო დრო მისცეს, მიზანია დააყენოს გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. საბედნიეროდ გამოჩნდა რიგი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და პერსპექტივაც. ამ ეტაპზე ერთადერთი ვის დამატებას და შანსის მიცემას ვისურვებდი, "საბურთალოს" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილია. ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გარჯა და არაორდინალური მოქმედებებითაც გამოირჩევა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებს უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება. გვაქვს კი მათთან შანსი? უთუოდ გვაქვს. მეტიც, ჩემი აზრით, ძლიერებთან უკეთ ითამაშებენ, ვინაიდან კიდევ უფრო მოტივირებული და მობილიზებულები იქნებიან. ჩვენი დაცვითი ბარიერების გადალახვა ადვილი არავისთვის არ იქნება, მეკარეებიც მაღალი დონისა გვყავს და შესანიშნავი შემტევებიც. თანაც, სანიოლმა გუნდი შეკრა, ფეხბურთელები შეთამაშებული არიან, გამოცდილებაც მიიღეს და ნუ დაგვავიწყდება, რომ მეორე ნომრად, კონტრშეტევაზე თამაში უფრო ეხერხებათ. ყოველ შემთხვევაში, "ჯვაროსნები" საჩუქარი არავისთვის არ იქნება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 21 /
მოდი ნუ მივედ-მოვედებით რაა…გვავიწყდება ხოლმე მალე ყველაფერი,რამდენჯერ გვინატრია კაგათ წაგებას ცუდად მოგება გვირჩევიაო.ან რა პრეტენზიებია ქულათა მაქსიმუმი და საუკეთესო შედეგი ერთა ლიგაზე.ობიექტური აზროვნება ხო უნდა გვქონდეს.ჯერ ერთი თამაშის ცუდ ხარისხზე,რომ საუბრობთ,ყოველ თამაშში ითხოვთ ტიკი-ტაკას თუ რა არის.აგერ გერმანია უნგრეთტან წააგო და თან ასე საზიზღრათ არ უთამაშია მე მგონი ისტორიაში.რაც მოგვცა ღმერთმა ეს დიდი წარმატებაა და შეირგეთ რაა.ფილოსოფოსბთ და მატრაკვეცობთ ტყუილად.შორიდან ძალიან ადვილია ლაპარაკი.მაღაზიიდან პური ვერ ამოგაქვთ ზოგიერთებს და ზიხართ და აკნინებთ ბიჭების წარმატებას.მოვა შესარჩევი და შეხვდებიან უფრო მომზადებულები და უკეთესს თამაშსაც აჩვენებენ.წაიღეთ მართლა ტვინი რაა
სუერტე777
23:26 30-09-2022
7
მე პირადად ამ კაცის დანიშვნის დღიდან ერთხელაც არ ვყოფილვარ უკმაყოფილო და მართლა ამ თავკერძობას ბოლოს და ბოლოს უნდა გადაეჩვიოს ხალხი რისთვის მიგვიღწევია ჯერ რო ამდენი პრეტენზიები და უკმაყოფილებები წამოვიდა არსაიდან კაცი გამოჩნდა ჯერ აქ რო წამოვიდა ის არ გიკვირთ რო გავიგე მწვრთნელის სახელი და გვარი არ მჯეროდა რო ამ წონის ფეხბურთელი და ადამიანი იქნებოდა ჩვენი მწვრთნელი. ვინც უკმაყოფილოა არ იცის ფეხბურთი. მე ვიტყოდი რომ ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მწვრთნელია დღეს სანიოლი ჩვენი ნაკრებისთვის და რა შედიგიც არ უნდა დადოს ამ ადამიანმა ჩვენთან ერთად მე მისი მადლობელი ვიქნები მხოლოდ, რომ ასეთი ბედნიერი წუთები გვააჩუქა. უნდა გავაცნობიეროთ რომ სანიოლთან ერთადაც აუცილებლად მოვა წარუმატებელი სერია ოდესღაც და ეს უნდა გვესმოდეს სულ კარგად ან ცუდად ვერ იქნება მარადიულად ვერაფერი ხოდა ამიტომ როგორც კაცებს ეკადრებათ ისე უნდა მოქცევა და მიდგომა ამ საკითხსაც კაცურად და დაფასდეს ამ კარგი კაცის შრომა და კი ვხედავთ ყველა როგორ ცდილობს სამართლიანად მიუდგეს ყველას ხოდა არ არის ეგ სწორი საქციელი კაცს ამაგი დაუკარგო და იმაზე მეტი მოითხოვო როცა არ გეკუთვნის ჯერ. აგერ როგორ ლანძღავდნენ ვაისს და როგორი სიყვარული გამოავლინა საქართველოსა და ქართველების მიმართ ამის დამნახავს ბევრს გაუტყდებოდა კიდე თავის თავის და თავის საქციელის გულში რო ჩაიხედავდა. სანიოლი როცა მოვა დრო და წავა აქედან უნდა დამსახურებული პატივის ცემით მივაცილოთ გასასვლელ კარამდე და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ გასვლისას!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული