ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კვარაცხელია: მქონდა მინუსი, თუმცა თამაში გავაუმჯობესე - ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის პრესსამსახურთან ინტერვიუში ბათუმის "დინამოში" გატარებულ პერიოდზე, საკუთარ თავზე, "ნაპოლისა" და გულშემატკივრებზე ისაუბრა:

"ბათუმში თავდაჯერება დამიბრუნეს. ყოველ მატჩზე სავსე სტადიონი იყო. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ამ გუნდმა "ნაპოლიში" შემდგომ წასვლაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მუდამ გვერდში მიდგანან.

ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩი არ არსებობს, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია - როგორც მონღოლეთთან, ასევე ნორვეგიასთან. კარგი იქნება, თუ სავსე სტადიონზე
ვითამაშებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ხალხი სახლში ბედნიერი დაბრუნდეს. ვეცდებით, ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, ალბათ, თამაში გავაუმჯობესე, უფრო გუნდურად ვმოქმედებ. მქონდა ის მინუსი, რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, თამაშს უფრო საკუთარ თავზე ვიღებდი. გუნდსა და ნაკრებში თამაშმა შედეგი გამოიღო. ორივე გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი.

როდესაც ნეაპოლში პირველად ჩავედი, ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი კი ცუდს და როგორც კი თამაში დავიწყე, პირველი გოლი გავიტანე. ჩემში თავდაჯერებულობა ამაღლდა, რომ მეც შემეძლო კარგი, ბრწყინვალე ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მათ დონეზე ვყოფილიყავი, როგორი ფეხბურთელებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა.

წაგება არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში არ შემიძლია, მაგრამ თუ მოედანზე ვარ და ვაგებთ, ყველაფერს ვაკეთებ, უფრო აგრესიული ვხდები, მინდა აუცილებლად შემოვაბრუნო თამაში, გავამწვავო შეტევა და, ნაკრებს იქნება თუ გუნდს, დავეხმარო და წარმატება მოვუტანო.

ყველაზე დიდ როლს, რა თქმა უნდა, მშობლები თამაშობენ, ვინაიდან მათგან ყველაფერს სწავლობ. მეც ვცდილობდი და ვცდილობ, ჩემს მშობლებს დავმსგავსებოდი, რაც ვფიქრობ, გამომივიდა. გარემოცვამ, მეგობრებმა, ახლო ადამიანებმა, ნათესავებმაც დიდი როლი ითამაშეს.

შეიძლება ყველა ადამიანს რაღაც მინუსი ჰქონდეს, ალბათ, მეც მაქვს რაღაც მინუსი. როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები, ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის ხოლმე მომენტები, როცა შეიძლება გულშემატკივართან ვერ გადავიღო ფოტო. თუმცა, ჩემი აზრით, ხანდახან უნდა გამიგონ. მეც მეშლება ხოლმე მერე ამის გამო ნერვები, რომ მათთან რატომ არ გავჩერდი. ვეცდები, ყველა ადამიანი ჩემგან გახარებული იყოს".