საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და სომხეთთან ლიდერის გარეშე იწყებს - ის, რაც მიუღებელია!..

AutoSharing Option
წინა გაზაფხულიდან შემოდგომამდე დატვირთული პერიოდის შემდეგ, რომელმაც ბევრი სასიამოვნო მოგონება დაგვიტოვა, საქართველოს ნაკრებზე აღარ დაგვიწერია. ძალიან კი გვინდა, მხოლოდ წმინდა საფეხბურთო წერილებს ვაქვეყნებდეთ, მაგრამ რა ვუყოთ, გულშემატკივრების ირგვლივ სხვადასხვა პრობლემა რომ არსებობს...

ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" არასრულყოფილად ბრუნდება. მატჩზე დასწრებას (ნაცნობი სირთულეებით) უფრო მეტი შეძლებს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, ბილეთების ფასები მუდმივად რომ იზრდება. სიტუაციას ყოველთვის გარედან, სხვისი თვალით უნდა შევხედოთ. მაგალითად, ჟურნალისტები დასწრებას აკრედიტაციის მეშვეობით თუ ვახერხებთ, ეს უფლებას არ გვაძლევს, ფეხბურთის იმ მოყვარულების სახელით არ ვისაუბროთ, 70 და
100 ლარი რომ ძალიან ძვირია. ამასობაში, აქა-იქ გაჩენილი აზრი, რომ ბილეთები შეიძინონ და გარკვეული მოსაზრებებით (აღარ დავაკონკრეტებთ) ნაკრები წაუსვლელობით "დასაჯონ", თქმის დონეზეც კი, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელია!..

ახლა რაც შეეხება მთავარს. ჩვენთვის 2025 წელი სომხეთის ნაკრებთან ორრაუდიანი დაპირისპირებით იწყება, რომელმაც B ლიგაში დარჩენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს იქნებ რამდენს ნიშნავდეს. ძველი მდგომარეობით, C ლიგიდან უფრო მარტივად მოხერხდა, თუმცა არავინ იცის, ამ კუთხით რა შეიცვლება, რადგან მომავალ პირველობას რამდენიმე მასპინძელი ჰყავს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდან გრძელდება, სადაც პლეი-ოფში მოსახვედრად მინიმუმ მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ. ნაცნობი მეტოქეები, თურქეთი და ბულგარეთი და მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ერთმანეთთან თამაშით სწორედ ახლა გამოავლენენ - ისევ ძალიან ნაცნობი ესპანეთი (რისი შანსიც მაღალია) თუ ნიდერლანდები, ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს რომ დავპირისპირებივართ.

სანიოლისგან საჭირო სიახლეებს ველით

Sportall.Ge

ივნისში ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, რომელიც ბოლო დროს ფუფუნება გახდა (ზოგიერთი ამისთვის ერთა ლიგას იყენებს). მწვრთნელს მაშინ უფრო მიეცემა საშუალება, ახალი ფეხბურთელები გამოსცადოს. ამას ახალგაზრდული ნაკრების წევრებით ვერ შეძლებს, რადგან ზაფხულში მათ ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი უნდა ითამაშონ, არადა, მაგალითად, სანაკრებო შანსს "რიგასელი" ლაშა ოდიშარია იმსახურებს.

საქართველოს ნაკრებს გარკვეულ პოზიციებზე მეტი კონკურენცია და ცვლილება რომ სჭირდება, ამაზე მუდამ ვუთითებთ. მსჯელობა ტაქტიკური სიახლეების მნიშვნელობაზეც გვაქვს. ახლა, როცა წლის პირველი შეხვედრებია, გუნდი დიდი ხანია, არ შეკრებილა, ყველა ჩემპიონატი, სადაც ჩვენები გამოდიან, ერთნაირად გახურებული არაა, ახალ სახეებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. იწყება ეროვნული ლიგაც, რომელიც როგორც წესი, სანაკრებო კადრების კუთხით ნაკლებად საინტერესოა, სანამ ესა თუ ის ფეხბურთელი ლეგიონერი არ გახდება.

სომხეთში ჩასატარებელ შეხვედრაში (20 მარტს. გამეორებითი 23 მარტსაა) "ჯვაროსნებს" დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. სანიოლს დაცვაში სიახლეების დანერგვის კარგი შანსი აქვს. საბა საზონოვის ტრავმა თუ ივა გელაშვილის ტრანსფერის მოლოდინი აქ არჩევანს ამცირებს. რთული სამ მცველზე უარის თქმაც იქნება. 20 წლის საბა გოგლიძიძეს თავის გამოჩენის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეს. ბოლო დროს მისი "ემპოლი" ბევრს უშვებს(თასიდან იუვენტუსი კი გააგდეს), თუმცა საბა სერია "ა"-ში სერიოზულ გამოცდილებას იღებს. უნგრეთში სანდრო კალანდაძესა და ილია ბერიაშვილს სამწვრთნელო შტაბის მხრიდან დაკვირვება უნდა ჰქონდეთ.

ლოჩოშვილს ისევ ფლანგზე ვიხილავთ?

Sportall.Ge

რადგანაც სანიოლი ფლანგელებიდან პირველ რიგში დაცვაში კარგ თამაშს ითხოვს, შესაძლოა, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვზე კვლავ ნაკლები აქცენტი გაკეთდეს. როცა გუნდი ინტენსიურად თამაშობდა, ამა თუ იმ ფეხბურთელისთვის პოზიციის შეცვლა უფრო მარტივი იყო. მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილისთვის, რომელიც ახალ გუნდში მარცხენა ცენტრალურ მცველად გამოდის და ბოლოს ფლანგზე ნაკრებში, შემოდგომაზე ითამაშა. ისე კი, თურქეთის რანგით მეორე ლიგაში გურამ გიორბელიძე მშვენივრად გამოიყურება. ის ჯერ მხოლოდ 29 წლისაა და ვნახოთ, ეროვნულ გუნდში თუ დააბრუნებენ.

კონკურენციის გაძლიერება მინდვრის ცენტრში აუცილებელია. ავსტრიაში სანდრო ალთუნაშვილი ახლა ცოტას თამაშობს; ჯერ არ გაგრძელებულა უკრაინის პორველობა, სადაც შოთა ნონიკაშვილი ასპარეზობს; ანზორ მექვაბიშვილის სრულფასოვნად დაბრუნებაც მნიშვნელოვანია.

სომხეთში ჩასატარებელ შეხვედრაში "კვარას" ადგილი ზურიკო დავითაშვილმა უნდა დაიკავოს. გიორგი მიქაუტაძე მშვენიერ ფორმაშია, ბუდუ ზივზივაძეს კი ახალ გუნდში მორგება გაუჭირდა...

მიქაუტაძეს სომხეთის ნაკრების მწვრთნელთან "ძველი ანგარიშები" აქვს

Sportall.Ge

ჯონ ვან'ტ სხიპს, სომხეთის ნაკრებში ახლახან რომ დაინიშნა, მოსამზადებლად ბევრი დრო ნამდვილად არ აქვს. მასთან მიქაუტაძეს "აიაქსის" დროინდელი ანგარიშები გააჩნია.

მართალია, ერევანში ვერ ითამაშებს, მაგრამ საქართველოს ნაკრები 2025 წელს თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და მიზნებით ხვდება, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სვლა დაწყებულია. "კვარას" ავტორიტეტი და მოწინააღმდეგეების მხრიდან აღიარება/დაფასება/ყურადღება იზრდება და ეს ჩვენმა გუნდმა სათანადოდ უნდა გამოიყენოს!..

altსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

altსანიოლი მსოფლიო რეიტინგის ათეულში - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

altშესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

მკითხველის კომენტარები / 19 /
სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და კარგად მახსოვს, რამდენად რთული იყო ჩვენი და სომხური დაპირისპირებები. განსაკუთრებით რთული იყო ერევანში თამაში, სადაც იქაური გულშემატკივარი წარმოუდგენელ ობსტრუქციას უწყობდა ჩვენებს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ჩვენგანაც მაქსიმალურად ბევრი გულშემატკივარი უნდა ჩავიდეს პირველ თამაშზე, რომ მისაღები შედეგი გვქონდეს. ბ ჯგუფში დარჩენა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი დრო არ დარჩა. უტრავმოდ ბიჭებო...
მერაბი-1960
18:08 27-02-2025
0
ევროპის ჩემპიონატის ფინალია???? ჩვენი ჯიბით უნდათ ამოიღონ ამდენ ხანს ჩაკეტილი დინამოს ვალები??? სულ გაგიჟდნენ?! რაის 70, 100 ლარი?? არ გინდათ სტადიონზე ხალხი მოვიდეს??? თუ მარტო თქვენნაირი გაბღენძილები გინდათ გვერდით??!

ღირსები ხართ ცარიელი დავტოვოთ სტადიონი.

ასეთ თამაშებზე ბილეთის ფასები ყოველთვის 10 - 20 - 30 - 50 ლარი იყო!

ყოველდღე უფასურდება ლარი, და ეს ღ**ები ბილეთებს 100 ლარად ყიდიან.
Biankoneri
17:49 27-02-2025
1

სიახლეები პოპულარული