პერსპექტივა: ჯანო ანანიძემ არჩევანი უნდა გააკეთოს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ჯანო ანანიძეს, მოსკოვის "სპარტაკში" სათამაშო პრაქტიკა შემოაკლდა. ეს ვერ არის კარგი ამბავი ცალკე საქართველოს უპირველესი გუნდისთვის და ცალკე თავად ფეხბურთელისთვის, რომელზეც აგერ, რა ხანია, დიდ იმედს ვამყარებთ...

რატომღაც ისე ხდება, რომ ბოლო მატჩებში "სპარტაკის" იტალიელი დამრიგებელი მასიმო კარერა ჩვენებურს აღარ ენდობა. თუ ეს მხოლოდ იმ ტრავმითაა გამოწვეული, რომელიც ჯანო ანანიძემ ცოტა ხნის წინ მოიშუშა, ძალიან კარგი, მაგრამ... ტრავმა არ იყო იმ სიმძიმის, ჩვენებურის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად რომ ემოქმედა.

ამ სეზონში მოსკოვურ კლუბს სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა -
ჩემპიონთა ლიგის გარდა, რუსეთის პრემიერლიგასა და თასზეც ითამაშებს. ჯერ "სახალხო გუნდი" სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს, მაგრამ ეს დრო "ფანჯრის" დახურვამდე აუცილებლად დადგება.

ასეც რომ არ მოხდეს, "სპარტაკის" ნახევარდაცვაში დღესაც ძალიან დიდი კონკურენციაა. ეს მთავარი არა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე მხრივ, ჯანოს "სპარტაკში" არაერთხელ ჰქონია ცუდი პერიოდები, მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად.

საკითხავი სხვა რამ არის: რამდენად გვაკმაყოფილებს ის როლი, რომელსაც დღეს ასრულებს ანანიძე "სპარტაკში". ფაქტია - არაერთი წლის განმავლობაში ჯანო ეგრეც ვერ იქცა გუნდის ლიდერად. არადა, მას ამის პოტენციალი აშკარად აქვს.

ახლა მთავარია, მან მთელი სერიოზულობით ჰკითხოს საკუთარ თავს: რა უნდა მას ფეხბურთისგან და სად აპირებს ის კარიერის საუკეთესო წლების გატარებას, რომელიც წინ აქვს?

ანანიძემ ახლახან გააფორმა "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ევროპული, ნორმალური გუნდის ინტერესი შეიძლება ყოველ წამს გამოჩნდეს. საინტერესოა, რას იზამს ის ტოპლიგის თუნდაც საშუალო გუნდში - ისეთში, რომელიც ციდან ვარსკვლავებს შეიძლება არ წყვეტდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან ხშირად თამაშობს ევროპული გრანდების წინააღმდეგ...

ძალიან საინტერესო იქნება ჯანოს ნახვა ისეთ ჩემპიონატში, რომელსაც მთელი ევროპა დიდი ინტერესით უყურებს. ისეთ პირველობაზე, რომლის მატჩებიც გამუდმებით ტრიალებს ევროპის წამყვანი არხების ეკრანებზე...

რა თქმა უნდა, ანანიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ამაზე არავინ დავობს. ეგაა, თითქოს "სპარტაკი" ძალიან ხშირად საკმარისი მოტივატორი არ არის მისთვის. გარედან ასე ჩანს და, რა ხდება ანანიძის აზროვნებაში, ეს მხოლოდ თავად იცის.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ყველა მატჩში ასი პროცენტით უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ ყველაფერი ასე ჩამოწიკწიკებული სცენარით ვერ მიდის და ვერც წავა. ასე მგონია: "სპარტაკი" და რუსეთის ჩემპიონატი ჯანოსთვის "დაწერილი წიგნი" გახდა. მას სჭირდება ახალი ასპარეზი იმისთვის, რომ ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, რომ მისი ნიჭი ბოლომდე გამოჩნდეს...

როგორი ჩემპიონატი სჭირდება ჯანოს იმისთვის, რომ საკუთარი თავი სრულად გამოავლინოს?

წესით, ანანიძეს ძალიან უნდა მოუხდეს ესპანურ პრიმერაში გადასვლა. რა თქმა უნდა, "რეალი", "ბარსელონა" და პირველი ხუთეულის კლუბები მას არ აიყვანენ, მაგრამ ათეულის კლუბებში ჩვენებურის ადგილი ნამდვილად უნდა იყოს.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ესპანური პრიმერას გრანდებსა და საშუალო კლუბებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ჯანოს ფანტაზია ძალიან ბევრს გამოადგება. ინკოგნიტო ესპანური კლუბი მიიღებს ნიჭიერ "ფანტაზისტას", ხოლო ჯანო მიიღებს ახალ შესაძლებლობებს საკუთარი ტალანტის დასამტკიცებლად.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებისთვის ის კიდევ უფრო სასარგებლო ფეხბურთელი გახდება მას შემდეგ, რაც რომელიმე წამყვანი ჩემპიონატის კლუბში გადავა. იქ ის უფრო სტაბილური გახდება.

დღეს ჯანოს ძალიან სჭირდება ეს თვისება. ზოგადად, დღეს თუ სტაბილური არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება. ანანიძეს შეუძლია, ერთი კონკრეტული თამაში მაღალ დონეზე ჩაატაროს, მაგრამ... მერე დგება ჩავარდნის პერიოდი.

თუ მან ეს თვისება გამოიმუშავა, მისი კარიერა, წესით, უნდა შეიცვალოს, პერსპექტიული ფეხბურთელიდან იქცეს ჩამოყალიბებულ, სტაბილურ მოთამაშედ. რუსეთის ჩემპიონატში ამის გაკეთება ძალიან ჭირს.

ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, ფსიქოლოგია... სულ სხვაა, როცა ემზადები "რეალთან", "ბარსელონასთან", "ატლეტიკოსთან" და თუნდაც "ბეტისთან" სათამაშოდ, და სხვაა, როცა შენ უნდა ითამაშო... თუნდაც ხაბაროვსკის სკა-ს წინააღმდეგ...

ახლა მთავარია, ჯანო არ გახდეს იმ კონტრაქტის ტყვე, რომელიც მას "სპარტაკთან" აკავშირებს. არის მეორე ვარიანტიც: ანანიძემ კარგად ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაში, გამოიჩინოს თავი და ამის შემდეგ გადაბარგდეს ახალ კლუბში.

მოკლედ, ვარიანტები არის. რა თქმა უნდა, დასაფასებელია ფეხბურთელის ერთგულება კლუბის მიმართ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, "სპარტაკი" დღეს მაინც არაა იმ კატეგორიისა და დონის კლუბი, რომელსაც ჯანომ კარიერა უნდა შესწიროს.

მან უნდა გააკეთოს არჩევანი! გასაგებია, რომ "სპარტაკი" ფინანსური თვალსაზრისით ძლიერი კლუბია, მაგრამ ყველაფერი ფულით არ იზომება. მჯერა, ჯანომ ეს იცის და ისიც მჯერა, რომ მისთვის მთავარი ფეხბურთია და არა ის, რომ რაც შეიძლება, ბევრი გამოიმუშაოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
სანამ დროა "შუქურა"-ში უნდა გადავიდეს, სხვა ვარიანტში ხომ გავარდება ქობულეთის გუნდი.
პელე
16:41 27-07-2017
0
ვილიარეალში შეიძლება გადავიდეს
Fexburti
14:31 27-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული